Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ


საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტები და მათი მშობლები 5 აპრილს, ანუ დღეს, პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი

საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ. დღესვე დეპუტატებიც, ფრაქცია „კონსერვატორების“ მოთხოვნით, კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან კოლეჯის სტუდენტთა საკითხს. თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კვლავ გრძელდება შიმშილობის აქცია, რომელიც 20 დღის წინ კოლეჯის სტუდენტებმა დაიწყეს.


20 დღის წინ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში დაწყებული შიმშილობის აქცია დღემდე გრძელდება. ჯანმრთელობის გაუარესების გამო სტუდენტები ერთმანეთს ენაცვლებიან, თუმცა არ იცვლება მათი პოზიცია და მოთხოვნები.

[მამაკაცის ხმა] „გვაქვს იმედი, რომ საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება, იმიტომ რომ საქართველო უნდა გახდეს დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყანა. ამიტომ მთავარია სამართალი და კანონი დავიცვათ. ვფიქრობ, რომ ისინი გადადგამენ სწორ ნაბიჯს და დაიცავენ სამართალს და სტუდენტების უფლებებს.“

აქციის მონაწილენი სტუდენტების უფლებების დაცვაში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უმაღლეს სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას გულისხმობენ. მათ მოთხოვნებს კოლეჯის სტუდენტთა მშობლებიც იზიარებენ.

[ქალბატონის ხმა] „აჩემებული აქვს ამ მთავრობას პატარა ბავშვივით, გინდა თუ არა, უნდა ჩააბარო ეროვნული გამოცდებიო. ამათ უკვე ჩააბარეს გამოცდები, ხალხნო, ამაზე არავინ ლაპარაკობს! ურთულესი მისაღები გამოცდები ამათ ერთხელ უკვე ჩააბარეს. ისე არავინ არ დასვამდა ამათ და არავინ მისცემდა სტუდბილეთს! ”

საპროტესტო აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის ფრაქცია „კონსერვატორები“. დეპუტატი კახა კუკავა ფიქრობს, რომ კოლეჯის სტუდენტებმა უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად, შიდა გამოცდების გარდა, მხოლოდ ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტი უნდა ჩააბარონ:

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ამ ბავშვებმა ჩააბარონ გამოცდები, ჩააბარონ განათლების სამინისტროში, ოღონდ სპეციალური საგნები პლუს ზოგადი უნარ-ჩვევები, და მათემატიკა ამოიღონ.“

კონესერვატორების ეს ინიციატივა კოლეჯის სტუდენტებისთვისაც მისაღებია. თამარ წიკლაური, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს.

[თამარ წიკლაურის ხმა] „კი, ჩვენ მივდივართ რაღაც დათმობებზე. შიდა გამოცდებს ჩავაბარებთ და ზოგად უნარ-ჩვევებს. ასეთ დათმობაზე მივდივართ.“

საბოლოოდ ყველაფერი პარლამენტის უმრავლესობის ნებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, უმრავლესობის გარდა, კოლეჯის სტუდენტების წინააღმდეგ მუშაობს დროც. საქმე ის არის, რომ 10 აპრილს, როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ლევან გახელაძე განმარტავს, იწურება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადა.

[ლევან გახელაძის ხმა] „ეს იმას ნიშნავს, რომ 10 აპრილამდე გაგრძელდება რეგისტრაციის ვადა, ხოლო უკვე 11 აპრილს შეწყდება რეგისტრაცია.“

ლევან გახელაძის თქმით, რეგისტრაცია ჯერჯერობით 16 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრი სულ 38 ათასი აბიტურიენტის მომსახურებას ვარაუდობს. იქნებიან თუ არა მათ შორის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები, ძნელი სათქმელია. თუმცა, ლევან გახელაძის თქმით, განათლების სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სამედიცინო კოლეჯის რამდენიმე ათეული სტუდენტი ინტენსიურად ემზადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG