Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცის ბედი საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე დღეა, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს მძიმე ავადმყოფი ჯარისკაცი, არკადი კუკავა. ის საგურამოს სამხედრო ნაწილში მსახურობს. ჯარისკაცის ჯანმრთელობის

მკვეთრი გაუარესება მოჰყვა მის მიმართ ნაწილის სამედიცინო პერსონალის გულგრილ დამოკიდებულებას - სენის აშკარა სიმპტომები სამხედროებმა არაფრად ჩააგდეს და კუკავა რამდენიმე დღე სათანადო მკურნალობის გარეშე ეწვათ ნაწილის ლაზარეთში. თავის მხრივ, ლაზარეთში მოხვედრას თავად არკადი კუკავა და მისი ქვედანაყოფის სხვა ჯარისკაცები ქვედანაყოფის მეთაურის, კაპიტან ლომსაძის, სასტიკი მოპყრობით ხსნიან. ამ ბრალდებათა პასუხად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა საგურამოს სამხედრო ნაწილში, განაცხადა, რომ ჯარი საბავშვო ბაღი არ არის და კაპიტან ლომსაძეს კანონი და წესდება არ დაურღვევია.

ჰოსპიტალში მყოფ არკადი კუკავას 4 აპრილს სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოექომაგნენ. უფრო ზუსტად, მათ შეუტიეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურორები ჯარში არ ყოფილან და სისტემაში არავინ დაისჯება. ირაკლი ოქრუაშვილი, შესაძლოა, გულისხმობდა და იცავდა მხოლოდ საგურამოს ინციდენტში ჯარისკაცების მიერ მხილებულ კაპიტან ლომსაძეს. ლომსაძის ხელქვეითები ამტკიცებენ, რომ კაპიტანი ხშირად ნასვამი მიდიოდა ნაწილში და არა ფიზიკური მომზადების, არამედ დასჯის ან დამცირების მიზნით, შუაღამისას აიძულებდა ჯარისკაცებს, სირბილით დაეფარათ სტაიერული დისტანცია.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ორშაბათს ჰოსპიტალში ინახულა არკადი კუკავა და ესაუბრა მკურნალ ექიმებს. სუბარი ამბობს, რომ ჯარისკაცს ფიზიკური ზემოქმედების კვალი არა აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაპიტან ლომსაძის ქმედებაში დანაშაულის კვალი არ ჩანს:

[სუბარის ხმა] “ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც არის დამნაშავე. ეს არის სწორედ ჯარი. ჯარში დისციპლინა ეხება არა მხოლოდ ჯარისკაცს, არამედ, უწინარესად, ოფიცერსაც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლომსაძის დანაშაული აშკარად იკვეთება. სულ ცოტა, მან გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. სხვათა შორის, ეს დგინდება ჩვენი წარმომადგენლებისათვის უშუალოდ ლომსაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებითაც, ოღონდ ახსნა-განმარტება ბოლომდე ვერ მივიდა იმის გამო, რომ მას ესწრებოდნენ სხვა ოფიცრებიც - მათ შორის, ნიკა ჯანჯღავა - და ეუბნებოდნენ, ამას ნუ ამბობ, იმიტომ რომ ეს შენ საწინააღმდეგოდ მეტყველებსო.”

ჯარისკაცების პროტესტისადმი თავდაცვის მინისტრის დამოკიდებულება ჩვენთან საუბარში შეაფასა ადამიანის უფლებათა დამცველმა პაატა ზაქარეიშვილმა. პრობლემაა ერთი ჯარისკაცის ბედიც და, საერთოდ, თავდაცვის სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელის მოქმედებაც, რადგან ესაა უწყება, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდძალი თანხა მიედინება, რომლის დანიშნულებაც საზოგადოებისთვის ბოლომდე ცნობილი არ არის.

[ზაქარეიშვილის ხმა] “პირველად გამოჟონა ჯარიდან ფაქტმა, რომ იქ არის არასაწესდებო ურთიერთობები, ოფიცრებმა გაილაღეს და ა.შ. არადა, ეს დიდი ხანია გვესმის. ფაქტი არ გვქონია მხოლოდ. ჯარისკაცებმა ამის შესახებ პირველად გამოაცხადეს საჯაროდ, იმდენად აუტანელი შეიქნა მათი მდგომარეობა. მათ აღიარეს არა ერთი ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ სისტემაზე ილაპარაკეს. შესაბამისად, უნდა გაირკვეს სამხედრო შენაერთებში მიმდინარე პროცესების მთელი კომპლექსი: სად მიდის, რაში გვჭირდება და იხარჯება ეს ფული; უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ხელი შევუწყოთ ჯარისკაცებში თავიანთი უფლებების შესწავლას. დაშინებული ჯარისკაცი ვერ შეძლებს თავისი უფლების დაცვას და ვერც სახელმწიფოს ინტერესებისას. მონური ჯარი ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და, შესაბამისად, მოქალაქეები უნდა გვყავდეს ჯარში და არა მონები.”

ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობათა ექსპერტმა დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბჭოთა პერიოდის წესდებები მოქმედებს. თვით ის წესდებები ითვალისწინებდნენ ჯარისკაცის უფლებათა დაცვას, მაგრამ რეალურ ურთიერთობებს წესდების მიღმა მოქმედი წესები წარმართავდა. ეს პრინციპი გადმოჰყვა საბჭოთა წესდებას ქართულ არმიაშიც. შესაბამისად, ჯარისკაცთა და ოფიცერთა უფლებების დაცვა საერთოდ მოშლილია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

[დარჩიაშვილის ხმა] “დისციპლინა შეიძლება დაემყაროს მხოლოდ შეგნებას, ჯარისკაცთა უფლებების აღიარებას და დაცვას, ქაღალდზე გადატანილ იერარქიას და წესებს, რომელიც სრულდება. ქართულ შეიარაღებულ ძალებში ასეთი რამ არ ხდება. აქცენტი მთლიანად გადატანილია შეიარაღების შესყიდვაზე, კვების გაუმჯობესებაზე და ა.შ. თავისთავად, ამის წინააღმდეგი არავინ არის. მაგრამ, თუ ჯარის რეფორმირება გვსურს, ერთი მთავარი ამოცანაა მორალური და სამართლებრივი კლიმატი ყაზარმებში.”

რაც შეეხება კონკრეტულად არკადი კუკავას შელახულ უფლებებსა და კაპიტან ლომსაძის ბედს, პაციენტის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ვერავინ ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საკმარისი რაოდენობის მასალები აქვს პროკურატურისათვის გადასაცემად, რათა მათ გააგრძელონ ლომსაძის საქმის გამოძიება. რეაგირებისთვის მიმართავენ თავდაცვის სამინისტროსაც. ომბუდსმენი აპირებს, პარლამენტის წინაშე საჯარო მოხსენებაშიც შეიტანოს ეს ფაქტი და საკანონმდებლო ორგანოსგანაც მოელოდეს პასუხს. თუმცა სახალხო დამცველი მზადაა ამ უწყებათა მიერ პრობლემის იგნორირებისთვისაც.

[სუბარის ხმა] “თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევენ, ეს იქნება ნიშანი, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და დემოკრატია, უბრალოდ, შირმაა და რეალურად დაცული არ არის.”
XS
SM
MD
LG