Accessibility links

logo-print

თბილისში ნატოს იუბილე აღინიშნა


ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 56 წლისაა. ამ ორგანიზაციის იუბილე თბილისში, “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში”, აღინიშნა. ამ ინსტიტუტის სტუდენტებს

შეხვდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბულგარეთის ელჩები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის ირგვლივ ესაუბრნენ. ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოში სრული კონსენსუსია. რამდენიმე წელიწადში რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ამის იმედს შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებიც გამოთქვავმდნენ. აი, რა თქვა ერთ-ერთმა მათგანმა ჩემთან საუბრისას:

[ზვიად ზაქარიაძის ხმა] “მგონია, რომ პირველი საქართველო იქნება სამი ქვეყნიდან. კონფლიქტები მოსაგვარებელი გვაქვს, მაგრამ, მე მგონია, რომ დაუშვებენ ამ მხრივ საქართველოსთვის გამონაკლისს. ამის დიდი იმედი მაქვს. “

“საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” სტუდენტი ზვიად ზაქარიაძე ფიქრობს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პირველს საქართველოს მიიღებენ. როგორც მოვისმინეთ, მან იმის იმედიც გამოთქვა, რომ შიდა კონფლიქტები საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის გზაზე სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორად არ იქცევა. სტუდენტებთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემაც გამოთქვა ამის იმედი, რასთან დაკავშირებითაც მოიშველია განცხადება, რომელიც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოში ყოფნისას გააკეთა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში არ არის უშუალოდ დაკავშირებული კონფლიქტების მოწესრიგებასა და ქვეყნიდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან. “

“ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ხელოვნური ბარიერებით წინ ვერ აღუდგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას,“ - განუმარტა სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრმა. მაგრამ იყო სხვა შინაარსის განმარტებაც, რომელიც ინსტიტუტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] “ნატო არ არის მარტო სამხედრო ბლოკი, მას აქვს სამხედრო და უშიშროების მიზნები, მაგრამ, ამავე დროს, ეს ორგანიზაცია ემყარება ღირებულებებს, რომლებიც ყველას გვაერთიანებს. “

“დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებები “ უნდა იყოს უმთავრესი სპეციალისტებისთვის, რომლებსაც ჩვენი ინსტიტუტი ამზადებს, “- თქვა გიორგი მარგველაშვილმა იმაში გასარკვევად, თუ რატომ გადაწყდა ნატოს დღის აღნიშვნა ინსტიტუტის ფარგლებში.

ნატო რომ ღირებულებებზე ორიენტირებული გაერთიანებაა, ამაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ორგანიზაციაში მენტალურ ცვლილებებს, სამხედრო რეფორმებზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ აფასებენ. “ თუ სამშვიდობო პროცესი დროში გაიწელება და საქართველო კონფლიქტების გადასაჭრელად ძალის გამოყენებას გადაწყვეტს, ეს იქნება ძალიან ცუდი. ასეთ გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას არ მოუწონებენ,“ - თქვა მან.

2005 წლის ბოლოსთვის საქართველოს არმია უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ნატოს სტანდარტებთან, - ასეთი განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა საააკშვილმა.

[დავით სიხარულიძის ხმა] “ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ესენია: ტექნიკური თავსებადობის დოკუმენტაციის შექმნა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიარაღებულ ძალებში, ბრძოლისუნარიანობის ამაღლება, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის პროცესის გაფართოება,“ - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე. მაგრამ მიზნის მიღწევისთვის მარტო არმიის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა არაა საკმარისი. შეერთებული შტატების ელჩის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ნატოში მენტალურ ცვლილებებს აფასებენ.
XS
SM
MD
LG