Accessibility links

ისტორია - ლექსებში


9 აპრილს საქართველოში კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 1989

წლის ტრაგიკულ ღამეს, კიდევ ერთხელ მოიგონებენ რუსთაველის პროსპექტზე დაღუპულ უდანაშაულო ადამიანებს და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ამ დღიდან ახალი ეტაპი დაიწყო ქვეყნის ისტორიაში.

მეოცე საუკუნის უკანასკნელი ათწლეული იმდენად წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა საქართველოსთვის, რომ ამ პერიოდში განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასება ჯერ კიდევ ვერავინ შეძლო... არადა, მასალა უხვად დაგროვდა – საგაზეთო სტატიები, ფირზე აღბეჭდილი მოვლენები, სატელევიზიო გადაცემები და პოეზია... ქართველი პოეტების ლექსები, რომელიც, ანთოლოგიის სახით, ახლახან გამოიცა თბილისში. მალხაზ ხარბედიას ეს წიგნი, “თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია, 1990-2004 წლები”, ჩვენი უახლესი ისტორიის პოეტური სახეა... ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის”, დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ ინტერვიუს ამ გამოცემის ინიციატორთან, ინგრიდ დეხრავესთან. ინგრიდი, რამდენიმე წელია, ასწავლის ჰოლანდიურ და ფლანდრიულ ენებს თბილისის უცხო ენების უნივერსიტეტში.

[სიმღერა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”]

ამ სიმღერას საქართველოში დღეს მხოლოდ 9 აპრილს იხსენებენ ხოლმე. მაგრამ ინგრიდ დეხრავემ, ჰოლანდიელმა ქალბატონმა, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე ისწავლა ქართული და განსაკუთრებით საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესდა, ჯემალ სეფიაშვილის ეს სიმღერაც იცის და 9 აპრილის შესახებაც ბევრი რამ გაუგია. იმ უცხოელების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც თბილისში მუშაობენ, ინგრიდს ქართული კულტურის კლასიკურ ძეგლებზე მეტად თანამედროვე ხელოვნება და ლიტერატურა აინტერესებს. დარწმუნებულია, რომ სწორედ თანამედროვე ქართულ კულტურაში აისახება, ვინ იყვნენ და ვინ არიან ქართველები. განსაკუთრებით უყვარს ქართული პროზა და პოეზია. ამიტომაც გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით “თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგიის” გამოცემის ინიციატორს არა სტუდიაში, არამედ ლიტერატურულ კაფეში, სწორედ იქ, სადაც ფლანდრიისა და ჰოლანდიის ლიტერატურული ფონდების, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დახმარებით, ქართულად გამოცემული წიგნები – სტეფან ჰერტმანსის ლექსები, ხერიტ კომრეის “პოეზია” - იყიდება, იქ, სადაც იხილავთ მალხაზ ხარბედიას “თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიას”, წიგნს, რომელსაც, ინგრიდ დეხრავეს მონდომება რომ არა, ალბათ, არავინ გამოსცემდა.... ჩვენთან საუბარი ინგრიდმა სწორედ ამ თემით დაიწყო. ამბობენ, ქართველებისთვის პოეზია ყველაზე ძვირფასიაო, მაგრამ იმასაც ამბობენ, ლექსების კრებული ცუდად იყიდებაო.

კრებულში, რომელიც მოიცავს ქართულ პოეზიას დამოუკიდებლობის აღდგენიდან – 2004 წლამდე, ე.ი. “ვარდების რევოლუციამდე”, სამოცამდე პოეტის ლექსია ჩართული – ქართული საბჭოთა პოეზიის კლასიკოსებით დაწყებული (კრებული ირაკლი აბაშიძის ლექსებით იხსნება), ახალგაზრდა პოეტებით დამთავრებული... “ანთოლოგია” ძველბერძნულად ყვავილების შეგროვებას ნიშნავს, – შეგვახსენებს მალხაზ ხარბედია წიგნის ბოლოთქმაში, - ამიტომ კრებული, პირველ რიგში, “სიცოცხლეს” გულისხმობსო... მაშ, ვინღა ავრცელებს ხმას, თითქოს საქართველოში აღარ ჰყავდეთ კარგი პოეტები? - გვეკითხება ინგრიდ დეხრავე:

[ინგრიდ დეხრავეს ხმა] “აქამდე სულ მეუბნებოდნენ, ჩვენ არა გვყავს კარგი პოეტებიო, ვინღა წერს კიდევო. ვიფიქრე, რომ ვაჩვენო, რომ კიდევ არსებობს ქართული პოეზია და გამოვეცი პირველი ანთოლოგია თანამედროვე ქართული პოეზიის.”(სტილი დაცულია)

ინგრიდს ვესაუბრებით და თან წიგნს ვათვალიერებთ... “იყო ომი რუსეთთან, ჩეჩენ-თათართან/ იყო ომი შიმშილთან და ზამთართან/ წელიწადი, წელიწადი წყეული/ წელიწადი ამნაირად ჩატარდა” – წერს მურმან ლებანიძე 1993 წლის პირველ ღამეს... “და მე აღარ მსურს ისე ვიარო ამქვეყნად, როგორც დღემდე მივლია” – წერს ქართული პოეზიის კიდევ ერთი კლასიკოსი, გრიგოლ აბაშიძე... “ბოთლებს ვიბარებ! თუ მოვაგროვე ორი კაპიკი – შიშველ ადგილზე ფოთლებს ვიფარებ” – ეს ტარიელ ჭანტურიაა... “ქალაქი, სადაც არავინ დარჩა/ თითქოსდა ტბასთან სხედან, მდუღარესთან/ წვალობენ, მაგრამ ვერ იხსენებენ/ ოდესმე თუკი ვინმე უყვარდათ” – ეს გიორგი ლობჟანიძეა, 1995 წელს დაწერილი ლექსი. ინგრიდს ვეკითხებით, რამდენად ჩანს ეპოქა ამ ლექსებში...

[ინგრიდ დეხრავეს ხმა] “ჩანს, რა თქმა უნდა. რადგან იმ დროს პოეტებმა იცოდნენ, რომ ძალიან ცოტა შანსი ჰქონდათ გამოქვეყნების... ამან იმოქმედა წერაზე, თავისთვის წერდნენ და წერა ცხოვრება გახდა.ჩანს, რადგან ენაც შეცვლილია, პოეტური ენა ძალიან სხვანაირია... ძალიან ბევრი ჟარგონი შევიდა, სალაპარაკო ენა შევიდა და თემებიც მიბმულია... ჩანს, რომ თავისუფლები არიან, რომ აღარანაირი ტაბუ აღარ არის. ეს უფრო პროზაში ჩანს, მაგრამ აქაც საკმაოდ მტკივნეული თემებია აღწერილი... “თავისუფალი სულები” ჩანან.”

პოეტები თავისთვის წერდნენ, ლექსებს იფარებდნენ – ფოთლებივით... ზოგი ლექსს თავისთვის წერდა და აღარ სჯეროდა, რომ ოდესმე დაიბეჭდებოდა... ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველოში გამოჩნდებოდა ჰოლანდიელი ქალბატონი, რომელმაც არა მარტო პოეზიის ანთოლოგია გამოსცა, არამედ ამ ლექსების უცხო ენაზე თარგმნაზეც დაიწყო ფიქრი:

[ინგრიდ დეხრავეს ხმა] “ეს პროექტი იმიტომ დავიწყე, რომ გამოვიდეს სხვადასხვა თარგმანი. სტუმრები იყვნენ შვედეთის მწერალთა კავშირიდან. ისინი გეგმავენ პოეზიის თარგმანებს შვედურად და წაიღეს ეს წიგნი. შეიძლება გადათარგმნონ სხვადასხვა ენაზე. თანაც, უცხოურ გამომცემლობებში უფრო მეტია თანამედროვე ლიტერატურის მიმართ, ვიდრე კლასიკის მიმართ.”(სტილი დაცულია)

მერე ინგრიდს ქართული პოეზიის ანთოლოგიის გარეკანზე ვკითხეთ (ყდის დიზაინის ავტორია გოგა დემეტრაშვილი): საიდან გაჩნდა სამხედრო ფორმის სახე? რას ნიშნავს ეს –“მეომარი ხალხია” ქართველები, თუ პოეტები იბრძვიან?

[ინგრიდ დეხრავეს ხმა] “ყდაზე არის სამხედრო ფერები, მაგრამ ფიგურები ამოღებულია ქართული სუფრიდან, ლურჯი სუფრები რომაა. მინდა ჩანდეს, რომ დრო სევდიანი იყო, მაგრამ სიცოცხლის უნარი კვლავ დარჩა ქართველებში.. წონასწორობა გამოდის სევდასა და სიხარულს შორის.”

სიცოცხლის უნარი და იუმორი... “მიკვირს აფხაზეთს გრუზია / რა მაგრა წაუკუზია” – წერს კოტე ყუბანეიშვილი... კითხულობ და არ შეიძლება არ გაგეღიმოს ისტორიაზე... პოეტი ხომ ისტორიასაც ხშირად აბსურდად აქცევს... იმისთვის, რომ ისტორიას გაემიჯნოს და მკითხველში ისტორიული მოვლენების გააზრების სურვილი გააღვიძოს. ინგრიდ დეხრავე დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი მეოცე საუკუნის უკანასკნელი “ქართული ათწლეულის” გადაფასება:

[ინგრიდ დეხრავეს ხმა] “დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს წიგნი გახდეს ცოცხალი მასალა კვლევისთვის, მეცნიერებისთვის, იმიტომ რომ დიდი შრომაა გაკეთებული... როცა დავიწყეთ ამ წიგნით, მქონდა რამდენიმე პირობა, რომ ეს “ეროვნული წიგნი” არ გამოვიდეს, საქართველოზე ქებით, კიდევ, რომ აქცენტი გაკეთდეს ლექსზე და არა პოეტზე და რომ აუცილებლად იყოს ბევრი ქალი... ქალი რომ იპოვო ნებისმიერ სფეროში, ბევრი უნდა იშრომო. მე მგონი, ყველა პირობა შესრულდა.”

პოეტი ქალი - და, საერთოდ, პოეტი - ალბათ, წინასწარმეტყველიცაა ცოტა... თუკი წარსულსა და აწმყოს უფრო მძაფრად გრძნობს, ვიდრე ჩვენ (ის ხალხი, ვინც პოეტური სახეებით არ ვაზროვნებთ), ე.ი. მომავალსაც ჩვენზე უკეთ ხედავს...კარგ პოეტს ხომ იშვიათად ღალატობს ინტუიცია. ნეტა რას წერენ ქართველი პოეტები ახლა, 2005 წლის გაზაფხულზე?
XS
SM
MD
LG