Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და რუსეთი სამიტის წინ – დავა "საერთო სამეზობლოზე"


ახლოვდება ევროკავშირი-რუსეთის სამიტი,

რომელიც 10 მაისს მოსკოვში ჩატარდება. დაგეგმილია ბლოკსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. დოკუმენტი ოთხ სფეროს მოიცავს, რომელთაგან ორი განსაკუთრებით პრობლემური რჩება.

მოსკოვის სამიტს წინ უძღოდა რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა კონკრეტული შედეგიც დაუდგენელია, რადგან პრესასთან საუბარში მონაწილეები ძალიან ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ.

4 აპრილს რუსეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორი ხავიერ სოლანა. ვლადიმირ პუტინი მას 5 აპრილს სოჭში შეხვდა და ასე მიმართა:

[პუტინის ხმა]
"სიამოვნებით აღვნიშნავ, რომევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანმიმდევრულად ვითარდება. ვპოულობთ სულ უფრო მეტ შეხების წერტილს".

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე "სიამოვნებით" აღნიშნა, რომ წინსვლა არის იმ სფეროშიც, რომელსაც ხავიერ სოლანა კურირებს, მათ შორის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც. დიახ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გახლავთ ერთ-ერთი იმ ოთხ საკითხს შორის, რომლისგანაც ევროკაშირი-რუსეთის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტი შედგება. სოჭში შეხვედრისას პუტინის თავაზიანობას თავაზიანოითვე უპასუხა სოლანამაც:

[სოლანას ხმა]
"ჩვენი ურთიერთობა სულ უფრო უკეთესი ხდება და დარწმუნებული ვარ სამიტი, რომელიც რამდენიმე კვირაში, 10 მაისს ჩატარდება, წარმატებული იქნება".

სოლანას ვიზიტს მოსკოვში წინ უსწრებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი ლუქსემბურგში, სადაც ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობის მუდმივი საბჭოს სხდომა შედგა. იმ შეხვედრაზე ყველაზე რთულ საკითხად მიჩნეული იყო ურთიერთობა საერთო მეზობლებთან. რუსეთს საფუძველშივე არ მოსწონს "საერთო სამეზობლოს" იდეა. აქ საუბარი ეხება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობას.

მოდით, ისევ ევროკავშირი-რუსეთის შეთანხმებას მივუბრუნდეთ, რომლის ერთად-ერთი ნაწილი – კულუტურის, განათლებისა და მეცნიერებისსფეროებში თანამშრომლობის შესახებ არის ყველაზე ნაკლებად წინააღმდეგობრივი.

საშინაო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირი რუსეთისგან უკანონო მიგრანტთა უკან მიღებას ითხოვს. ამის სანაცვლოდ ბრიუსელი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზის მიცემის გაიოლების დაპირებით გამოდის. მოსკოვი ამას არასაკმარისად მიიჩნევს და სრულ სავიზო თავისუფლებას ითხოვს.

ევროკავშირი რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო აკრიტიკებს. რუსეთი კი თავს ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროებით იმართლებს.

რუსეთის ყველაზე დიდ გაღიზიანებას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ევროკავშირის როლის გააქტიურება იწვევს.

ყველაფრის მიუხედავად, ლუქსემბურგის შეხვედრაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა, რომ მიღწეულია "დიდი პროგრესი" ბლოკსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში:

[ასელბორნის ხმა]
"ამ დილით შესაძლებლობა მოგვეცა კმაყოფილებით აღგვენიშნა ზოგადი პროგრესი, უფრო სწორად – უდიდესი პროგრესი, რომელიც ოთხ სფეროზე მოლაპარაკებისას იყო მიღწეული"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ხაზგასმული ოპტიმიზმი არ გაიზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნათლად განმარტა, რომ სამიტის მოახლოება სრულებით არ განაპირობებს რაიმე საკითხზე შეთანხმების მიღწევის დაჩქარებას, ან ვინმეს იძულებას საკუთარი ინტერესბის საზიანოდ მიიღოს ესა, თუ ის გადაწყვეტილება:

[ლავროვის ხმა]
"ახლავე მინდა დავარწმუნო ისინი, ვინც ეჭვებშია, რომ 10 მაისი არ არის თარიღი, რომლის დადგომამდეც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს შედეგის მიღწევა. მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს შედეგი მიიღწევა, მაგრამ ის მიიღწევა არა რუსეთის ინტერესების დარღვევის გზით და რა თქმა უნდა არა ევროკავშირის ინტერესების საზიანოდ".

სხვათაშორის, ლუქსემბურგის შეხვედრაზე საინტერესო შეუთავსებლობა იყო რუსეთისა და ევროკავშირის მხარეების მიერ საკითხთა პრიორიტიზაციაში: რუსეთის მხარე პირველ ადგილას კოსოვოში არსებულ ვითარებასა და კვიპროსის გაერთიანების საკითხს აყენებდა, როცა ევროკავშირის განსახილველ საკითხთა ნუსხაში დნესტრისპირეთსა და საქართველოში არსებული გაყინული კონფლიქტები ლიდერობდა.

ასე რომ, ნაკლებაც სავარაუდოა, რომ 10 მაისის სამიტამდე, რომელზეც ევროკავშირისა და რუსეთის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს, კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, რაც თავად სამიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს.
XS
SM
MD
LG