Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის მიზნით შექმნილი კომისია სამოქმედო გეგმას პრეზიდენტს წარუდგენს


საქართველოს კიდევ 6 წლის ვადა აქვს იმისათვის, რომ ევროპის საბჭოსადმი არსებული ერთ-ერთი ვალდებულება შეასრულოს და ქვეყნიდან დეპორტირებული მესხები

დააბრუნოს. ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის მიზნით რამდენიმე სახელმწიფო კომისია შექმნა, თუმცა, ამ საერთაშორისო ვალდებულების შესრულების მხრივ, რეალური პროგრესი ჯერჯერობით არ არსებობს. ამჯერად საკუთარი სამოქმედო გეგმა რიგით მეექვსე კომისიამ განსაზღვრა და უახლოეს ხანში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.
კომისიის წევრები აცხადებენ, რომ სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება.

1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორი წლის განმავლობაში უნდა შეექმნა დეპორტირებული მესხების რეპატრიაციისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზა და სამი წლის განმავლობაში უნდა დაეწყო რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესი, რომელიც 2011 წელს უნდა დასრულდეს. ამ ვალდებულებებიდან საქართველოს ჯერჯერობით არც ერთი არ შეუსრულებია. დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხებზე ამჟამად რიგით მეექვსე სახელმწიფო კომისია მუშაობს. მისი ხელმძღვანელი, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, უპირველეს მიზნად მაჰმადიანი მესხების აღრიცხვას ასახელებს:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ,,ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად რამდენი არიან ეს ადამიანები, სად, რა რაოდენობით ცხოვრობენ. ვიცით, რომ 9 ქვეყანაში ცხოვრობენ. შემდეგ უნდა დავადგინოთ რეალურად ვინ არის მზად ყველაფერი მიატოვოს, რაც აქამდე გააჩნდა და რასაც აქამდე საფუძველი ჩაუყარა და გადასახლდეს თავის ისტორიულ სამშობლოში.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას და საერთაშორისო დახმარებას, რომლის გარეშეც დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის პრობლემის რეალურად მოგვარება შეუძლებელი იქნება.
სამშობლოში მაჰმადიანი მესხების დაბრუნების პრობლემაზე წლების განმავლობაში მუშაობს ,,კავკასიური სახლი.” მის ხელმძღვანელს ნაირა გელაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ უკვე დეპორტირებულმა მესხებმა, რომლებმაც საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს და პრობლემას ყველაზე კარგად იცნობენ.
,,კავკასიური სახლის” ხელმძღვანელისთვის სრულიად გასაგებია ის, რომ საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე ხელისუფლებას უკვე წლებია რეპატრიაციის პრობლემა აშინებს.
ამასთან, ნაირა გელაშვილი აუცილებლად მიიჩნევს საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპის დამსხვრევას, თითქოს დეპორტირებული მესხების დაბრუნება საქართველოს საფრთხეს უქმნის:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ,,თუ ნორმალურად მიუდექი, შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და ქვეყანამ შეიძინოს ძალიან კარგი მოსახლეობა, ხალხი, რომელიც ძალიან გააძლიერებს მის სოფლის მეურნეობას და ჯარს. თვითონ ეს ხალხი არის ძალიან კანონმორჩილი და ძალიან წესიერი. მათგან პრობლემები არ არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც აქ ცხოვრობენ, - 700-მდე ადამიანი ცხოვრობს უკვე რეპატრირებული, - მათგან არავითარი პრობლემა არ შექმნია საქართველოს.” (სტილი დაცულია)

დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის მიზნით, საქართველოს ყოველმხრივ მხარდაჭერას ჰპირდება ევროპის საბჭო. მისი გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იგორ გაონმა ევროსაბჭოს მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამშაბათს, სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრისას. ევროპის საბჭო ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებიდან 6 წლის თავზე ქვეყნის ხელისუფლებას კვლავ სთხოვს დაუყოვნებლივ შექმნას რეპატრიაციის პროცესის დასაწყებად აუცილებელი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირობები.
რაც შეეხება დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხთა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის სამოქმედო გეგმას, მას პრეზიდენტი სააკაშვილი 15 აპრილს გაეცნობა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG