Accessibility links

რევანშის აღებას კრემლი სოხუმში შეეცდება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის სამხედრო ბაზების თემა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთში და კრემლის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერა. - ამ საკითხების გარშემო

გესაუბრებით დღეს, რუსეთის ბოლოდროინდელი პრესის მიმოხილვისას.

31 მარტის გაზეთ ”როსიას” თქმით, ”რუსეთის ბაზები კარგი საბაბია დიპლომატიური ვაჭრობისთვის. შედეგი უკვე თვალსაჩინოა. ასე მაგალითად, ზოგიერთი მონაცემით, რუსეთმა უკვე უარი თქვა მოთხოვნაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულიყო საქართველოს მხარის ვალდებულება, არ განათავსოს თავის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები რუსეთის სამხედროების წასვლის შემდეგ.”
გაზეთის აზრით:

”ასეთი უარი საქართველოს დიპლომატიის საკმაოდ წარმატებულ მიღწევად უნდა შეფასდეს. ერთი შეხედვით, ეს დათმობა უმნიშვნელოდ მოჩანს, მაგრამ ის ხელს უხსნის საქართველოს სამხედრო დაახლოებას ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მაგალითად, აშშ-თან, რომელსაც კავკასიაში თავისი ინტერესები აქვს.
შეკითხვა, რამდენად ხელსაყრელი ან არახელსაყრელი შეიძლება იყოს ეს რუსეთისთვის, რიტორიკული ხასიათისაა.”

პირველი აპრილის გაზეთ ”კომერსანტის” წერილი ეძღვნება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ყაზახეთში. გაზეთის თქმით, ”მიხეილ სააკაშვილი ასტანაში ჩავიდა იმისათვის, რომ ლობირება გაეწია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტში ყაზახეთის მონაწილეობისთვის.”
გაზეთი წერს:

”პრეზიდენტის ”აკ-ორდას” სასახლეში ნურსულთან ნაზარბაევმა დაადასტურა, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია ბატონ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული პროექტით, რომელიც ყაზახეთის ნავთობისა და გაზის საქართველოში მიწოდების საშუალებას იძლევა, და თქვა,რომ აპრილში ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებას გამართავენ აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაქაჩვის ტარიფების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილს ღიმილი არ მოსცილებია სახიდან, ის სავსებით დააკმაყოფილა მოლაპარაკების შედეგებმა.”

როგორც 4 აპრილის გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება, 3 აპრილს მოსკოვში შეიკრიბნენ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. გაზეთის თქმით, ”მათ დაიწყეს მზადება ამ ტერიტორიების მეთაურთა სოხუმის შეხვედრისთვის, სადაც არაღიარებულმა რესპუბლიკებმა საქართველოსა და მოლდავეთს უნდა უჩვენონ, რომ მზად არიან, გადადგან რადიკალური ნაბიჯი რუსეთთან დაახლოებისკენ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი და კიშინიოვი უარს არ იტყვიან სეპარატისტებზე ზეწოლის პოლიტიკაზე.”
გაზეთის თქმით:

”არაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენელთა გუშინდელი შეხვედრა მისი მონაწილეებისა და რუსეთისთვის საკმაოდ რთულ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ფონზე მზადდებოდა. 30 მარტს დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა იგორ სმირნოვმა მოლაპარაკება გამართა რუსეთის ფედრაციის საგარეო უწყების მეთაურ სერგეი ლავროვთან.”

”იმავდროულად, რუსეთი აქტიურად მუშაობდა კავკასიური მიმართულებით. მარტის მიწურულს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მეთაური იგორ ივანოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეეცადნენ საქართველოს პრეზიდენტისგან თანხმობა მიეღოთ 2 აპრილის შეხვედრაზე სოჭში, სადაც უნდა ჩასულიყვნენ ვლადიმირ პუტინი, მიხეილ სააკაშვილი, სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი. მაგრამ ამ იდეის რეალიზება ვერ მოხერხდა.”
”კომერსანტის” ინფორმაციით:

”მოსკოვში სოჭის შეხვედრის ჩაშლა საკმაოდ მტკივნეულად აღიქვეს. რევანშის აღებას კრემლი შეეცდება სოხუმში სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის მეთაურთა შეხვედრაზე. ეს შეხვედრა დაახლოებით 20 აპრილს გაიმართება.”
XS
SM
MD
LG