Accessibility links

logo-print

სახელმწიფო ბიუჯეტი 452 მილიონი ლარით იზრდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს პარლამენტი კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხს განიხილავს და დღის წესრიგში კვლავ ბიუჯეტის ზრდის საკითხი დგას. 452 მილიონი - ასეთი ოდენობით

გაიზრდება 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სოლიდური ბიუჯეტის სახელით შევა. ყოველ შემთხვევაში, 2 მილიარდ 395 ათას 480 ლარიანი ბიუჯეტი საქართველოს ჯერ არ ჰქონია.

საქართველოს უახლეს ისტორიაში მეორედ, პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის საკითხზე მსჯელობს. უფრო ზუსტად, პარლამენტმა კომიტეტებში უკვე გადაწყვიტა, როგორ გადანაწილდეს ის თანხები, რომელიც 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი პრივატიზაციის შედეგად შევა. თავდაცვა, ელექტროსექტორი, გზები და განათლება - ეს ის პრიორიტეტული სფეროებია, რომელთა განახლების გარეშე ხელისუფლებას ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენლად მიაჩნია. სამშაბათის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ მთავრობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა:
[ მაია ნადირაძის ხმა] „ ფრაქციის სახელით მინდა გითხრათ, რომ რამდენჯერმე გვქონდა ბიუჯეტის განხილვა. თითქმის უმრავლესობა ეთანხმება იმ მიმართულებას და იმ ტენდენციებს, რომელიც ამ ბიუჯეტშია ჩადებული - ფრაქციის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანას, რომელსაც არა ჰყავს ჯარი, არა აქვს გზები, აქვს ელექტროენერგიის დეფიციტი და არ ფიქრობს თავისი მომავლის განათლებაზე, არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე. ამდენად, ჩვენ ამას მთლიანად ვეთანხმებით.“
ჯერ კიდევ პირველი პროლეტარული სახელმწიფოს ლიდერი ვლადიმერ ულიანოვი-ლენინი მიხვდა იმას, რომ ელექტროენერგიის გარეშე მრეწველობის აღორძინება წარმოუდგენელია: „გოელროს“ გეგმის შემუშავებით მან საბჭოთა ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება სცადა. დღეს საქართველოს ელექტროფიკაცია კვლავ დღის წესრიგში დგას - ელექტროენერგიის იმპორტი არა მხოლოდ ძვირი სიამოვნებაა, არამედ სადავიდარაბოც - ქართველმა ენერგეტიკოსებმა დღემდე ვერ მოახერხეს გადამცემი ხაზის, “კავკასიონის”, აღდგენა. ამას სომხეთიდან შემომავალი ხაზის დაზიანებაც დაემატა, რაც თბილისის ელექტრომომარაგებას კიდევ უფრო ართულებს. ასეთ პირობებში ხელისუფლებამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 5 აპრილისთვის დაგეგმილი ენგურჰესის შეჩერება - სპეციალისტების განმარტებით, ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესის შემდეგ ქვეყანაში დენის საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდება, რაც თავისთავად გამოიწვევს მრეწველობის აღმავლობისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას. ანუ ენერგოსექტორში პრივატიზაციის შედეგად შემოსული თანხების ინვესტირებით ხელისუფლება გლობალურად ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ფაქტია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს უცხოური ინვესტორების დაინტერესებას - ამ მიზნით შეიცვალა საგადასახადო კოდექსი, პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტებისას ხვდება მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს და ბიზნესის ლობირებას ჰპირდება. ეკონომისტ ნიკო ორველაშვილის აზრით, ეს უკანასკნელი დაპირება ბიზნესმენთა უნდობლობას იწვევს:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] „ როგორც კი ბიზნესმენი იგებს, რომ მისი პრობლემის მოგვარებით უნდა დაკავდეს პირადად პრეზიდენტი, მას მაშინვე უჩნდება სერიოზული კითხვა: კი მაგრამ, ამ ქვეყანაში არ მუშაობს სათანადო ინსტიტუტები? რატომ უნდა წყვეტდეს ამას პრეზიდენტი?“
შესაბამისად, უცხოელი ბიზნესმენები ფრთხილობენ და საქართველოში ინვესტირებას არ ჩქარობენ, ამბობს ნიკო ორველაშვილი და ასეთ ფაქტს ასახელებს:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] „ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ვოიაჟებმა, რათა მოეზიდათ საქართველოში ინვესტიციები, მაინცდამაინც შედეგი ვერ გამოიღო და, ამ მხრივ, ყველაზე ნათელი ინდიკატორი ამერიკული ინვესტიციებია. მინდა მწუხარებით და შეშფოთებით აღვნიშნო, რომ გასულ წელს არც ერთი ამერიკული ცენტრი, ინვესტიციის სახით, საქართველოში არ დაბანდებულა.“(სტილი დაცულია)
ასეა თუ ისე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ თვითკმარია - მსხვილი ობიექტების გაყიდვით ხელისუფლება წარმატებით ახერხებს ბიუჯეტის ზრდას. თუმცა, გაგრძელდება თუ არა ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია პრივატიზაციის დასრულების შემდეგაც, ამის პროგნოზირებას ეკონომისტები თავს არიდებენ.
XS
SM
MD
LG