Accessibility links

logo-print

უკავშირდება თუ არა თბილისის ქუჩების კეთილმოწყობა ჯორჯ ბუშის მოსალოდნელ სტუმრობას


პრობლემა, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, თბილისელებს ყოველთვის აწუხებდათ. ლაპარაკია საავტომობილო გზებზე, უფრო სწორად კი,

საავტომობილო გზების ავარიულ მდგომარეობაზე, რომელიც ლამის საქართველოს დედაქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. თუმცა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ბიუჯეტის დამტკიცებისას, გაირკვა, რომ თბილისის მერია არსებულ ვითარებასთან შეგუებას არ აპირებს. საკრებულომაც დედაქალაქში საავტომობილო გზების შესაკეთებლად წელს რეკორდულად დიდი თანხა - 80 მილიონი ლარი -გამოყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრმა მოქალაქემ ბოლო დროს დედაქალაქის ქუჩებში გზის დამგები ტექნიკის გამოჩენა მაინც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოახლოებულ ვიზიტს დაუკავშირა. თბილისელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მერია ქალაქის მხოლოდ იმ ნაწილის კეთილმოწყობაზე ზრუნავს, რომელიც საპატიო სტუმრის თვალსაწიერში უნდა მოხვდეს. მე შევეცადე გამერკვია, თუ რამდენად შეეფერება ეს მოსაზრება სიმართლეს.

საქართველოს დედაქალაქში რომ გზები არ ვარგა, ეს ყველაზე კარგად თავად თბილისელებმა უწყიან. ვის ფეხით უწევს სიარული, ვის -ავტომობილით, თუმცა ყველა, ავტომოყვარულიც და ქვეითად მოსიარულეც, თანხმდება - თბილისში გზები არ ვარგა.

[მამაკაცის ხმა] „სადაც გინდა გაიარო, ყველგან გაუბედურებულია გზები, სადაც გინდა გაიარო, მაგრამ ამ ჩვენს ხაზზე საერთოდ ვერ გაივლი. უნდა დაიყვანო ნულზე სიჩქარე, რომ გადახვიდე, რა. ისე კი, მთელ ქალაქში ასე არის - საითაც გინდა, იქით გაიხედე.“

[მამაკაცის ხმა] „საავადმყოფოსთან გზა არის დანგრეული, ავადმყოფის მიყვანა რომ დაგჭირდეს, ვერ მიხვალ, ისეთ მდგომარეობაშია. ამ დროს კი აკეთებენ აეროპორტის გზას. სადაური წესია ეს? კი, მართალია, სტუმარი ჩამოდის, მაგრამ სტუმარმა ხომ უნდა დაინახოს, სად რა არის და როგორ არის! კი არ უნდა დამალონ და მიჩქმალონ!“

თბილისელთა ერთი ნაწილი, მართლაც, ფიქრობს, რომ გზებსა და გზის პირას მდებარე შენობების ფასადებს ხელისუფლება ამერიკის პრეზიდენტის თვალის საამებლად არემონტებს. თუმცა ამგვარ მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი, რომლის თქმითაც, სარემონტო სამუშაოები წინასწარ გაწერილი გრაფიკით წარმოებს:

[ტარიელ ხიზანეიშვილის ხმა] „ეს არ არის ბუშის მარშრუტზე, მთელ ქალაქში არის გათვალისწინებული ამგვარი სამუშაოს შესრულება. 8 მარტს გამოვაცხადეთ ტენდერი ისან-სამგორის რაიონში 8 ქუჩაზე, უახლოეს დღეებში გამარჯვებულებს გამოვავლენთ 10 ქუჩაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ამის შემდეგ გადმოვალთ მთაწმინდა-კრწანისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში და, სულ ბოლოს, გლდან-ნაძალადევში. მოკლედ, ჩვენ მთელ ქალაქში ვაკეთებთ ქუჩებს.“


თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერია არ ჩქარობს. თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმედოვნებს, რომ 10 მაისამდე ძირითადი სამუშაოს დასრულება მოესწრება:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ მოვახერხებთ ამ სამუშაოების დასრულებას 10 მაისამდე. როცა სამუშაო გვაქვს დაგეგმილი და ასეთი საპატიო სტუმარი ჩამოდის ქალაქში, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, რომ სამუშაო ეფექტიანად და ხარისხიანად შევასრულოთ.“

ცხადია, გზებისა და ფასადის შეკეთებას რიგითი თბილისელებიც მიესალმებიან. თუმცა ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ თბილისის საფუძვლიან და არა ზერელე კეთილმოწყობას ერთი და ორი თვე არ ეყოფა:

[მამაკაცის ხმა] „წყალში რომ ასფალტს ჩაყრიან, ის დაიჭერს? სულ ასე არ აკეთებენ? თუ არ დაუნახია ხალხს: წვიმა მოდის და ორმოში ასფალტს ყრიან!“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „ბუშს რომ ამ „გაკრასკულ“ მუზეუმს დაანახვებ, ეს კარგია, მაგრამ ამ დანგრეულ სახლს რას უშვებიან, რას ეტყვიან, ერაყიდან გამოსროლილი ბომბი დაეცაო?!“(სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, თბილისის მერია ჯორჯ ბუშის დასახვედრად ემზადება და 10 მაისამდე დარჩენილი დროის ნაყოფიერად გამოყენებას ცდილობს, თუმცა მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქალაქის კეთილმოწყობა 10 მაისის შემდეგაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG