Accessibility links

logo-print

საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში დახმარებას სთავაზობენ

  • ნინო როდონაია

ოთხშაბათს საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, დამოუკიდებელი ექსპერტები და პარლამენტის წევრები არიან,

საქართველოს პრეზიდენტს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობი ინიციატივით მიმართეს.
მიმართვის ავტორები მიესალმებიან ხელისუფლების გეგმას, რომელიც ცხინვალის რეგიონის პრობლემის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებას ითვალისწინებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის რეალიზაციას წინ უნდა უძღოდეს ქართველებისა და ოსების ურთიერთნდობის აღდგენისთვის აუცილებელი მოქმედება. მინდა პრეზიდენტისადმი მიმართვის ავტორთა კონკრეტულ წინადადებებზე მოგითხროთ.

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის რეალურად დაწყებას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ 1990-92 წლების შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება და რეგიონში გასული წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენების მკაფიო განმარტება, - ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელსაც ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და პოლიტიკოსები აწერენ.
მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა იანვარში, ევროპის საბჭოში გამოსვლისას, შესთავაზა. მას შემდეგ ინიციატივის კონკრეტულ პროგრამად გადაქცევასა და მის სამართლებრივ ასპექტებზე იუსტიციის სამინისტრო და ვენეციის კომისიის ექსპერტები მუშაობენ. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შინაარსი კი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული. მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ოსი ეროვნების მოქალაქეებისთვის სამშვიდობო გეგმის შეთავაზების შემდეგ ამ პროცესში არანაირი დინამიკა არ შეინიშნება:

[მიხეილ ბეროშვილის ხმა] ,,სამშვიდობო მიმართვები ჩნდება სახელმწიფოს პირველი პირებისაგან, მაგრამ რატომღაც რჩება მხოლოდ ზეპირ განცხადებებად. არ არის განვითარება, არ არის რეალიზება მისი. ჩვენ გვეჩვენება, რომ ეს არ ხდება და ამიტომ მიმართვის სურვილი იყო კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ამას უნდა სერიოზული მუშაობა და არა კამპანიური და ერთხელ თქმა, ან ორჯერ თქმა.” (სტილი დაცულია)

,,კავკასიური სახლის” დირექტორის მოადგილე მიხეილ ბეროშვილი პრეზიდენტისადმი მიმართვის ერთ-ერთი ავტორია. მისი განცხადებით, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის რეალიზაციას საფუძველს უნდა უმყარებდეს კონკრეტული მოქმედებები, რომელიც ხელს შეუწყობს ოსური მხარის ნდობის აღდგენას. პრეზიდენტისადმი მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამშვიდობო დოკუმენტის საბოლოოდ ხელმოწერამდე უნდა ამოქმედდეს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი რესტიტუციის კანონი და შემუშავდეს ოსი ეროვნების მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმი.
მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი, პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი, მიიჩნევს, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონკრეტული მოქმედებები თავად სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,საქართველოს თავისი მოქალაქეების მიმართ, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ თავს ამ ქვეყანაში, აქვს თავისი ვალდებულებები. ამიტომ საჭიროა პრევენციულად გადაიდგას ნაბიჯები. მაგალითად, მზადდება კანონი რესტიტუციის შესახებ. დრო რჩება ცოტა სექტემბრამდე და მე ვწუხვარ, რომ ეს კანონი შემოვარდება პარლამენტში იმ ვითარებაში, როცა მისი განხილვის საშუალება არ იქნება. შესაძლოა, ამის გამო ვერ შევასრულოთ ის პირობები, რომელიც გვაქვს აღებული.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტისადმი მიმართვის ავტორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ არა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში, არამედ გასულ ზაფხულს ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას. მიხეილ ბეროშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი დაადასტურებდა სახელმწიფოს რეალურ სიძლიერეს:

[მიხეილ ბეროშვილის ხმა] ,,უნდა შეფასდეს ოფიციალურ დონეზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაინახონ, ეს იქნებიან აფხაზები თუ ოსები, რომ შეცდომები მართლაც არის აღიარებული და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასე მიიჩნევს. ეს იქნებოდა მათთვის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ იწყება მართლა შერიგება, დაახლოება და ნდობის აღდგენა.” (სტილი დაცულია)

შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკურ შეფასებას ქართველებისა და ოსების ურთიერთნდობის აღდგენისთვის აუცილებელ წინაპირობას უწოდებს ლევან ბერძენიშვილიც:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ დამნაშავეები მარტო ჩვენ ვართ და არც ოსები, არც რუსები და არც სხვები არანაირ საქმეში არ არიან. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა და მათი პასუხისმგებლობა სხვადასხვაა. თუ მოხდება 90-92 წლების და 2004 წლის ზაფხულის მოვლენების პოლიტიკური შეფასება ჩვენი ხელისუფლების მიერ, ამით ჩვენ ნდობას აღვადგენთ. ეს არ ნიშნავს, რომ ნდობა ერთ დღეში აშენდება, მაგრამ ეს უკეთესი ნაბიჯია, ვიდრე დაგეგმილ პროვოკაციებზე წამოგება, რაც მოხდა, სამწუხაროდ, შარშან ზაფხულში.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტისადმი მიმართვის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი წინადადებების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ცხინვალისთვის შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივის რეალიზაციას და ხელისუფლებას საკუთარ დახმარებას სთავაზობენ.
XS
SM
MD
LG