Accessibility links

რატომ მოხსნეს ჰოსპიტლის უფროსი


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში მასმედიით გავრცელდა ცნობა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს სასაზღვრო ჯარების სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი გურამ ამირიძე და მისი საქმე

პროკურატურას გადასცეს ძიებისათვის. სასაზღვრო ჯარების ჰოსპიტალი ადრე რუსეთის ანალოგიურ უწყებას ეკუთვნოდა და რუსი მესაზღვრეების საქართველოდან გასვლის შემდეგ გადაეცა საქართველოს. გადაეცა გაპარტახებული, არსებითად, უმოქმედო შენობა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვალერი ჩხეიძემ ჰოსპიტლის მთავარ ექიმად მიიწვია გურამ ამირიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის ACTS-Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი. დღეს ჰოსპიტალი სრულფასოვანი სამედიცინო დაწესებულებაა, თანამედროვე აღჭურვილობითა და, როგორც ამბობენ, კვალიფიციური სპეციალისტებით. და აი, მის ხელმძღვანელს ხსნიან. რატომ?

გურამ ამირიძის სახელი პირველად გაისმა ამ 5-6 თვის წინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ACTS-Georgia-ს საქართველოში ამერიკული, შვეიცარიული და ფრანგული მედიკამენტები შემოჰქონდა. ეს იყო ჰუმანიტარული ტვირთი, უაღრესად ღირებული წამლები, რომელთა საქართველოში გავრცელება დააბრკოლა ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს უფროსმა თინა ტურძელაძემ. ACTS-Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ამირიძემ მაშინ მხოლოდ ის შეძლო, რომ კამერების წინ გამოხატა დამოკიდებულება ამ ამბისადმი. თუმცა სასაზღვრო ჯარების ჰოსპიტლის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას გურამ ამირიძე მაშინდელ ინციდენტს არ უკავშირებს.

ჰოსპიტლის უფროსად ის 1998 წელს დაინიშნა. იმავე წლიდან ჰოსპიტლის შენობაში ბინა დაიდო ACTS-Georgia-მ, ხოლო ბოლო სამი წლის მანძილზე ჰოსპიტალში მუშაობს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, “ქველმოქმედი”. ACTS-Georgia, როგორც თავად გურამ ამირიძე ამბობს, 1992 წლიდან მუშაობს და ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს. “ქველმოქმედი”, რომელთანაც ამირიძეს სამსახურებრივად არაფერი აკავშირებს, ასევე უცხოელ დონორთა თანხებით მოქმედებს. ACTS-Georgia 7 წლის მანძილზე მესაზღვრეთა ჰოსპიტალს მედიკამენტების 85%-ით უზრუნველყოფდა. “ქველმოქმედის” საგრძნობ წვლილსა თუ საქმიანობას კი გურამ ამირიძე ასე აღწერს:

[ამირიძის ხმა] “დაჭაობებული სარდაფი გაარემონტა და 400 მარტოხელა პენსიონერს სამი წლის განმავლობაში ემსახურება. მედავებიან, რომ ეს ორი ორგანიზაცია ქონების მართვის სამინისტროს გარეშე შემოვიყვანე ჰოსპიტლის ტერიტორიაზე. თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციები ქირას არ იხდიან. ამას აღიარებენ. მაგრამ მაინც, ქონების მართვასთან ფორმალურად უნდა გამეფორმებინა ხელშეკრულება. ამის გამო მხსნიან სამსახურიდან, ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. “ქველმოქმედს” უკვე დაუმთავრდა სამწლიანი კონტრაქტი, ხოლო ACTS-Georgia დროებით არის შემოსული, ყოველ სამ წელიწადში ვაახლებთ კონტრაქტს. ასე რომ, გასხვისებაზე აქ ლაპარაკი არ არის.”

რაც შეეხება ACTS-Georgia-ს ფუნქციებსა და ვალდებულებებს, გურამ ამირიძის თქმით, ეს დადასტურებულია საქართველოსა და ამერიკის მთავრობათა შეთანხმებით და თვითონ ჰოსპიტლის დებულებით:

[ამირიძის ხმა] “სასაზღვრო ჯარების ჰოსპიტლის დებულებაშიც კი წერია: ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACTS-Georgia განთავსდება ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, სამაგიეროდ, კისრულობს ჰოსპიტლის ფეხზე დაყენებას. ამას უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ჩხეიძე აწერს ხელს.”

გურამ ამირიძე გაათავისუფლეს სასაზღვრო უწყების შიდა კონტროლის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. ჩემი მცდელობა, დავკავშირებოდი ამ სამსახურის უფროსს რაულ ანდღულაძეს, მარცხით დასრულდა. კომენტარი ვთხოვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს, სისხლის სამართლის სპეციალისტ ნინო ელიეშვილს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ განურჩევლად იმისა, იხდიდა თუ არა ქირას ან იჯარის გადასახადს ჰოსპიტალს შეკედლებული ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, ქონების მართვის სამინისტროსთვის უნდა ჰქონოდა ოფიციალური დოკუმენტი მათი არსებობისა და მოქმედების შესახებ, რაკი ისინი სახელმწიფოს კუთვნილ ფართობს იყენებდნენ.

[ელიეშვილის ხმა] “აქ უნდა მიექცეს ყურადღება, რამდენად გამოიწვია ამან მატერიალური ზიანის მიყენება, რამდენად არსებითია ეს ზიანი და ა.შ. ამას დიდი მნიშვენლობა აქვს. შეიძლება ამ ადამიანს საყვედური გამოეცხადოს. მაგრამ თუ ეს სახელმწიფოსთვის კარგი იყო და სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია, გათავისუფლების საკითხი არ უნდა დამდგარიყო.”

მე თვითონ ამ ჰოსპიტლის მახლობლად ვცხოვრობ. მახსოვს და ამ მასალაზე მუშაობის დროსაც ვნახე იმ პარტახის ამსახველი ფოტოები, რაც იქ რუსების წასვლის შემდეგ დარჩა. დღეს კი ვხედავ, რომ დამპალი და ჩანგრეული ხის იატაკის, ბათქაშჩამოცლილი ოთახების, მოპარული კონდიციონერების შედეგად კედელში დარჩენილი ღრიჭოების, ჯართად ქცეული რკინის საწოლების და სხვა არაერთი მეტყველი დეტალის ადგილას იქ თანამედროვე სტაციონარი ფუნქციონირებს. ასე რომ, ჯერი მართლმსაჯულებაზეა. გურამ ამირიძე სასამართლოს მიმართავს თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG