Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყს პირველად უხელმძღვანელებს ქურთი ეროვნების პრეზიდენტი


ერაყის ახლად არჩეულმა პარლამენტმა, თითქმის თვენახევრიანი კონსულტაციების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტისა და ორი ვიცე-პრეზიდენტის საკითხს დღეს

წერტილი დაუსვა. ერაყელმა კანონმდებლებმა ქვეყნის პრეზიდენტად ცნობილი ქურთი პოლიტიკოსი ჯალალ თალაბანი აირჩიეს. ვიცე-პრეზიდენტები კი გახდნენ შიიტი ადელ აბდულ მახდი და სუნიტი ღაზი ალ-იავრი. ხუთშაბათს პარლამენტი კენჭს უყრის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, რომელზეც ძირითადი პრედენდენტი შიიტი პოლიტიკოსია. ასე რომ, პოლიტიკოსთა წინასწარი პროგნოზები გამართლდა.

სადამ ჰუსეინის დამხობიდან მეორე წლისთავზე ერაყს ჰყავს მრავალეროვნული პარლამენტი და მთავრობა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ის არის, რომ ერაყის პრეზიდენტად არჩეულია ქურთთა ლიდერი ჯალალ თალაბანი, წარსულში -ქურთ პარტიზანთა ლიდერი, რომელიც ქურთთა თვითგამორკვევისათვის იბრძოდა. თუმცა დღეს, ერაყის პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჯალალ თალაბანმა არაბულ ენაზე ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი.

[ჯალალ თალაბანის ხმა] ” ჩვენ გვსურს ბოლომდე მივიყვანოთ ერაყის ეროვნული ერთიანობა, რაც უნდა ემყარებოდეს არჩევნების თავისუფლებას, რათა უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქის თანასწორი უფლებები და მოვალეობები, მიუხედავად მათი რელიგიური, ჯგუფური, რასობრივი თუ ეთნიკური განსხვავებულობისა. მშვიდობა ყველას, ვინც მართალ გზაზე დგას.”

”მართალ გზას” კი, პირველ ყოვლისა, ქვეყნის პარლამენტი ადგას, რომელმაც ორთვიანი დებატების შემდეგ ერაყელ ქურთთა ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ჯალალ თალაბანის თქმით, სწორედ ერაყის წარმომადგენლობითმა პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს ის საკანონმდებლო აქტები, რითაც მოქალაქეების უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა განხორციელდება.

[ჯალალ თალაბანის ხმა] ”ჩვენ ვადასტურებთ მისწრაფებას, გვქონდეს სრულყოფილი და კონსტრუქციული თანამშრომლობა ქვეყნის წარმომადგენლობით ეროვნულ ასამბლეასთან, რომლისგანაც ხალხი ძალიან ბევრს ელის. პირველ რიგში, ხალხი ელის, რომ დაიწერება გრძელვადიანი კონსტიტუცია, რომელიც დაეფუძნება კონსენსუსს, შეიქმნება გარდამავალი ადმინისტრაციის კანონი, უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატია, ფედერალიზმი და თანასწორობა მოქალაქეებს შორის.”

ერაყის საქმეთა მკვლევარი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის წარმომადგენელი ვაჰია საიდი მიიჩნევს, რომ, მიუხედავად სიმბოლური დატვირთვისა, ერაყის პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერაყელ ქურთებს, რომელთა ლიდერიც ჯალალ თალაბანია, პირველად ეძლევათ საშუალება რეალური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში.

[ვაჰია საიდის ხმა] ”ეს დაანახვებს ქურთებს, რომ მათ შეუძლიათ განახორციელონ ეროვნული მიზნები და დაიცვან ეროვნული ინტერესები ერთიან ფედერაციულ ერაყში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.”

საიდის თქმით, თალაბანის არჩევა მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქურთულ სეპარატიზმს ერაყის ფარგლებში.
რაც შეეხება სხვა თანამდებობებს ახალ ერაყში, ქვეყანას დღეიდან, ორი პრეზიდენტის გარდა, ორი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, შიიტ ადელ აბდულ მახდისა და სუნიტი ღაზი ალ-იავრის სახით. სწორედ ამ სამეულმა უნდა დაასახელოს ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. მისი ვინაობა ცნობილია და შეთანხმებულია ქურთების პოლიტიკოსებთან. ეს კანდიდატი გახლავთ ერაყის გაერთიანებული ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ზომიერი შიიტი პოლიტიკოსი იბრაჰიმ ალ-ჯაფარი. მისი კანდიდატურა ერაყის ეროვნულმა ასამბლეამ, შესაძლოა, ამ კვირის ბოლოსაც კი დაამტკიცოს.

თუმცა, მიმომხილველთა თქმით, ერაყის ახალი მთავრობის წინაშე, სულ მცირე, ორი მწვავე პრობლემა დგას. ეს გახლავთ ყოფილი რეჟიმის მომხრეთა შეიარაღებული წინააღმდეგობა და პოლიტიკური პროცესის მიმართ სუნიტური საზოგადოების გაუცხოება. სუნიტთა უმრავლეობისათვის, რომელმაც 30 იანვრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, საბოლოო ჯამში, არც ერთი კანდიდატი არ არის მისაღები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG