Accessibility links

logo-print

რატომ ამარტივებენ საქართველოდან ხე-ტყის ექსპორტს


საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ბუნებრივი რესურსების ექსპორტის გამარტივების ინიციატივით გამოდის. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის

6 აპრილის სხდომაზე მინისტრი გიორგი პაპუაშვილი ხე-ტყის ექსპორტზე ლიცენზირების სისტემის გაუქმების წინადადებით წარდგება. მისი აზრით, ეს ინიციატივა პირველი ნაბიჯი იქნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში არსებული ლიცენზირების სისტემის გამარტივებისა და რეფორმირებისთვის.

ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი ახალი ინიციატივით გამოვიდა და ბიზნესმენებს ლიცენზიების გამარტივება-გაუქმებას დაჰპირდა. 6 აპრილს პრეზიდენტის ეს დაპირება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ყველა ჩვენგანს კარგად ესმის, რომ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა ეკონომიკაში საქართველოში ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი ფაქტორია, რომელიც აღკვეთილი უნდა იქნეს.”

აი, ამგვარად განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ლიცენზირების მექანიზმების გაუქმების აუცილებლობა. ეს აუცილებლობა ბუნებრივი რესურსების ლიცენზიებზეც ვრცელდება, მათ შორის - ხე-ტყეზე. ბუნებრივი რესურსის ამ სახეობის ექსპორტის ლიცენზირების საერთოდ გაუქმების წინადადებით გამოდის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

ამ ცვლილების მიზნად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზირების სისტემის დახვეწა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა სახელდება. ერთი შეხედვით, ამ კეთილშობილურ მიზანს უარყოფითი მხარეც აქვს და ამაზე მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები ლაპარაკობენ. მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ეკოლოგიური მიგრაცია ტყეებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების შედეგია:

[გია გაჩეჩილაძის ხმა] ”არავითარი გამარტივება არ სჭირდება ხე-ტყის ექსპორტს საქართველოდან. პირიქით, საჭირო არის გართულება იმისთვის, რომ შევაჩეროთ, მთელი საქართველოს მასშტაბით შევაჩეროთ. ამიტომ კეთილი ინებონ და მორატორიუმი გამოცხადდეს ხე-ტყის მოპოვებაზე მაღალმთიან რაიონებში. და უმკაცრეს რეჟიმში მოაქციონ ბიზნესმენები, რომლებიც დაკავებული არიან ხე-ტყის ბიზნესით საქართველოში.”(სტილი დაცულია)

გაჩეჩილაძისვე თქმით, ხე-ტყის ჭრისა და ექსპორტის პოლიტიკის კონცეფციაზე მისი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან, ბიძინა გიორგობიანთან, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო და თავს საქართველოდან გაქცევით უშველა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჩანტლაძე კი ირწმუნება, რომ ექსპორტზე ლიცენზირების გაუქმებით ტყეს არაფერი დაუშავდება:

[დავით ჩანტლაძის ხმა] ”ყველა ვარიანტში უნდა გავიდეს დამუშავებული მასალა. და ამ მასალის მისაღებად ისინი ისედაც იღებდნენ ნებართვას და ეს კანონიერი მასალა იყო. ასე რომ, ეს არ გააუარესებს მდგომარეობას. გაუარესდებოდა, თუ ნებართვა მიეცემოდათ დაუმუშავებელი მორების გატანაზე.”

საქართველოში რამდენჯერმე სცადეს ხე-ტყის მორების ექსპორტზე მორატორიუმის გამოცხადება. ასეა ახლაც. თუმცა ამას არ შეუჩერებია ხე-ტყის გაცხოველებული ჭრა.
XS
SM
MD
LG