Accessibility links

logo-print

განვითარებული კაპიტალიზმის სხვა სახე: შეცვლილი გენდერული ურთიერთობები და “ახალი მეომრების” ჯგუფი შეერთებულ შტატებში


როდესაც ინტელექტუალები ან აქტივისტები გენდერზე და გენდერულ პრობლემებზე საუბრობენ, როგორც წესი, აქცენტი ქალების საკითხებსა და პრობლემებზე კეთდება.

მეტიც - ბევრისათვის, შესაძლებელია, ‘გენდერი’ და ფემინიზმი თითქმის იდენტურ ცნებებადაც კი აღიქმებოდეს. მაგრამ, როგორც ყოველკვირეული რუბრიკის დღევანდელი სიუჟეტიდან შეიტყობთ, ეს ასე არ არის. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ერთ-ერთ იმ ჯგუფზე მოგითხრობთ, რომელიც მიზნად მამაკაცების დახმარებას ისახავს ‘მამაკაცური’ როლის გათავისების საქმეში.


2000 წელს გამართულ დაჯილდოებაზე რეჟისორ სემ მენდესის ფილმმა ‘ამერიკული სილამაზე’ სრული ტრიუმფი იზეიმა და ხუთი ოსკარი მიიღო. ამერიკელი საშუალო სოციალური კლასის უღიმღამო ყოფის ამ, მართალია, სატირულმა, თუმცა არცთუ ძალიან რადიკალურმა, ასახვამ, ერთმნიშვნელოვნად მოიგო როგორც კრიტიკოსების, ისე მაყურებლების გული. მაგრამ ბევრმა ამ ფილმის მთავარ ღირსებად ამერიკული ცხოვრების წესის კრიტიკაზე მეტად სხვა ასპექტი მიიჩნია - კერძოდ, ის, რომ სურათი ღიად და დაუფარავად ყვებოდა ეგრეთ წოდებული ‘მამაკაცური კრიზისის’ შესახებ - კრიზისის, რომელიც ყოველდღიურ ყოფაში და უმნიშვნელო კარიერაში ჩაფლულ მთავარ გმირს 40 წლის გადაცილების შემდეგ დაუდგა და, საბოლოო ჯამში, შეიწირა კიდეც.

‘ამერიკული სილამაზის’ გარდა, ხუთიოდე წლის წინ ჰოლივუდმა მსგავს თემატიკაზე კიდევ რამდენიმე ფილმი გამოუშვა, რომელთაგან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი ‘მებრძოლთა კლუბი’ იყო. იქ მამაკაცურ კრიზისში მყოფ ედუარდ ნორტონის გმირს დაკუნთული ბრედ პიტი ევლინებოდა მსხნელად და ‘მამაკაცური საწყისის’ პოვნაში აგრესიული ჩხუბის რიტუალებში ჩართვით ეხმარებოდა.

ამ ფილმების შექმნა კი, თავის მხრივ, შემთხვევითობა არ ყოფილა. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ‘მამაკაცური კრიზისის’ ფენომენზე დასავლეთის არაერთი ინტელექტუალი, პოლიტიკოსი თუ აქტივისტი საუბრობს. ხშირად აღინიშნება, რომ გასული საუკუნის განმავლობაში განხორციელებულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა განვითარებული კაპიტალიზმის კულტურებში მცხოვრებ მამაკაცებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. შეიცვალა ოჯახის ტრადიციული სტრუქტურა; შეიცვალა კერძო თუ საზოგადოებრივ სფეროში სქესებისთვის განკუთვნილი ფუნქციები; მამაკაცებს კი ძალიან გაუჭირდათ ახალი როლის თუ პოზიციის გათავისება.

ყოველივე ამის გამო, შეერთებულ შტატებში არაერთი ორგანიზაცია თუ ჯგუფი არსებობს, რომელიც მამაკაცებს პრობლემების დაძლევაში ეხმარება. ეს ჯგუფები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, და სხვადასხვა ტრადიციებს ეყრდნობა - დაწყებული ფსიქოთერაპიიდან, დამთავრებული მისტიციზმით. დღევანდელ სიუჟეტში ერთ-ერთ ასეთ ჯგუფზე მოგითხრობთ - ე.წ. ‘ახალ მეომრებზე’, რომელიც ამერიკელ თეთრკანიან მამაკაცებს კრიზისის დაძლევაში ინდიელების კულტურის გაცნობით ეხმარება. ამ ჯგუფის შესახებ მიამბო ერთმა ამერიკელმა ნაცნობმა, რომელსაც თბილისში სულ სხვა საქმეზე შევხვდი. როგორც აღმოჩნდა, ‘ახალი მეომრები’ კონფიდენციალობის პირობას მკაცრად იცავენ და, შესაბამისად, მისი სახელის თქმის უფლება არა მაქვს. გეტყვით მხოლოდ, რომ იგი შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის ლექტორია. ჯგუფში გაწევრიანების რიტუალი მან ასე გაიხსენა:

[‘ახალი მეომრების’ წევრის ხმა] “როდესაც პირველად მიდიხარ, თვალებს გიხვევენ, ტყეში იმყოფები, და გეუბნებიან, რომ თვალებახვეულმა უნდა გაიარო ბილიკი. მიდიხარ და ვერაფერს ხედავ, მაგრამ გესმის ხმები, რომელიც მიმართულებას გიკარნახებს. ამ რიტუალს ‘გმირის მოგზაურობა’ ჰქვია და მას მითოლოგიური საფუძველი აქვს. მსოფლიო მითების გმორები ხომ საკუთარ თავს ხშირად მოგზაურობაში პოულობენ ხოლმე. ბოლოს, როდესაც დანიშნულების ადგილს აღწევ, სახვევს იხსნი და შენ თვალწინ ინდიელის ტანსაცმელში ჩაცმული, სახეშეღებილი კაცი დგას. ის გეკითხება, მზად თუ ხარ საკრალურ სივრცეში შესასვლელად. შენ უპასუხებ, რომ მზად ხარ. ის ცხვირთან სურნელოვან ზეთს გისვამს და გართმევს პირობას, რომ არავის მოუყვები იმის შესახებ, რასაც ნახავ. ასე ხდება ჯგუფში გაწევრიანება.”

საიდუმლოს შენახვის პირობის გამო, ჩემმა თანამოსაუბრემ ‘ახალი მეომრების’ მხოლოდ ზოგად მახასიათებლებზე მიამბო. მითხრა, რომ ჯგუფის ქმედებები შედგება, ძირითადად, კვირის ბოლოს ბუნების წიაღში განხორციელებული რიტუალებისგან, სადაც ამერიკელი მამაკაცები ერთმანეთს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრებიან; რომ ჯგუფში გასაწევრიანებლად გარკვეული გადასახადი არსებობს და რომ ‘ახალი მეომრების’ დამაარსებელი რამდენიმე ფსიქოლოგი თუ ეთნოლოგი ამით მოგებას ნახულობს; მაგრამ, მისი აზრით, ჯგუფში მიღებული გამოცდილება იმდენად ძლიერი და გამორჩეულია, რომ ამ გადასახადად ნამდვილად ღირს:

[‘ახალი მეომრების’ წევრის ხმა] ”ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ ძალიან ზოგადად შემიძლია მოგიყვეთ. იქ შევხვდი განსხვავებული ასაკის მამაკაცებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო იყვნენ მოსულები. ზოგიერთი ნარკომანი იყო, ზოგიერთს ოჯახი ენგრეოდა ან მამასთან ჰქონდა პრობლემა. ეს მამაკაცები სხვადასხვა სოციალურ კლასს წარმოადგენდნენ - იქ იყვნენ ქარხნის მუშები, ექიმები, ადვოკატები, სტუდენტები. როგორც წესი, ეს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებთან არ ურთიერთობდნენ და ერთმანეთის გაცნობის საშუალება მხოლოდ ამ ჯგუფში გაწევრიანებით მიეცათ.”

‘ეგზოტიკური’ და ‘განსხვავებული’ კულტურების შეცნობის ვნება დასავლეთს, უკვე საუკუნეებია, ახასიათებს, რამაც, თავის მხრივ, განხორციელება კოლონიზაციის პროცესებში პოვა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ისტორიაში. და, ალბათ, თეთრკანიანი ამერიკელებისთვის ‘ახალ მეომრებში’ გაწევრიანების მთავარი ხიბლიც სწორედ განსხვავებული კულტურის ‘ეგზოტიკაა’. ‘ახალი მეომრების’ წევრი ჩემი თანამოსაუბრე აღიარებს, რომ ჯგუფში შემდგარი რიტუალები ზოგჯერ ყალბად აღიქმება. ამასთან, მისი თქმით, გარკვეული უხერხულობის განცდაც არსებობს იმის გამო, რომ ‘ახალი მეომრების’ წევრებმა იციან - კულტურა, რომელსაც ისინი ამ ხელოვნურად შექმნილ რიტუალებში ეცნობიან, მათივე წინაპრების დანგრეულია. თუმცა იგი ფიქრობს, რომ, ყოველივე ამის მიუხედავად, ‘ახალი მეომრები’ ბევრ თანამედროვე ამერიკელს ეხმარება პრობლემების დაძლევაში:

[‘ახალი მეომრების’ წევრის ხმა] “არის ასეთი სოციოლოგი, მანუელ კასტელსი, რომელიც წერს, რომ ჩვენ პარტიარქატის დასასრულს ვუახლოვდებით. ვერ გეტყვით, რამდენად მართალია ეს და ან კონკრეტულად რას გულისხმობს იგი. მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახური ცხოვრება შეიცვალა, განქორწინებების რიცხვი არნახულად გაიზარდა და, ამის შედეგად, მამაკაცებს უჭირთ გენდერულ ურთიერთობებთან მორგება. ‘ახალი მეომრები’, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ მამაკაცებს საკუთარი თავის და მოსიყვარულე ბუნების პოვნაში დავეხმაროთ. ამ ჯგუფის წევრი მამაკაცები ცხოვრებაში პირველად ლაპარაკობენ სიყვარულზე სხვა მამაკაცების წრეში; ეს ბევრ მათგანს ძალიან უჭირს ხოლმე. ან პირველად საუბრობენ თავიანთ ტკივილზე, იმაზე, რომ თავისი სისუსტე ტანჯავთ. ამ თემებზე ღიად საუბარი მათ ძალიან ეხმარებათ.”

რთული სათქმელია, რამდენად ეხმარება წევრებს ‘ახალ მეომრებში’ მიღებული გამოცდილება მსოფლმხედველობის შეცვლაში და რამდენად უადვილდებათ მათ ბანკებში, ქარხნებსა თუ სხვა სამსახურებში დაბრუნება რიტუალიზებული შაბათ-კვირის გასვლის შემდეგ. მაგრამ ‘ახალი მეომრები’ წევრებს სხვა ვნებას, ალბათ, ნამდვილად უკმაყოფილებს - ეგზოტიკური და განსხვავებული კულტურების შეცნობის ვნებას, რომელშიც, უხერხულობის მიუხედავად, კოლონიური წარსული, ალბათ, მაინც გამოკრთება ხოლმე.
XS
SM
MD
LG