Accessibility links

“ჯანმრთელობის მსოფლიო დღე”


7 აპრილს, ტრადიციულად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. ეს ტრადიცია 1948 წელს დამკვიდრდა. ჯანმრთელობის

მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად აწყობს განსხვავებული შინაარსის ღონისძიებებს, რომელიც ამა თუ იმ აქტუალურ თემას ეძღვნება. წლევანდელი 7 აპრილი დედისა და ბავშვის დაცვის აუცილებლობას შეგვახსენებს. “უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი დედა, არც ერთი ბავშვი”... ასეთი ლოზუნგით აღინიშნება 2005 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. აღინიშნება საქართველოშიც, სადაც უპატრონო ბავშვების პრობლემა კვლავაც გადაუწყვეტელია. თუმცა ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო სექტორი.

[მუსიკა. მანანა მენაბდე]

ამ სიმღერით, რომელსაც მანანა მენაბდე ასრულებს, ახალგაზრდა კინორეჟისორმა რუსუდან ჭყონიამ თავისი ფილმის ყველაზე ემოციური ეპიზოდი გააფორმა. “მათ სახელი არა აქვთ”... ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ეგრეთ წოდებულ “უპატრონო ბავშვებზე” გვიამბობს... სხვაგვარად მათ “მაწანწალა ბავშვებსაც” უწოდებენ... ამ ბავშვებზე ზოგჯერ ისე ნადირობენ, როგორც მაწანწალა ძაღლებზე.

“მათ სახელი არა აქვთ” შევარდნაძის ეპოქაშია გადაღებული. თუმცა რუსუდან ჭყონიას ფილმის პრემიერის შემდეგ ამ ბავშვების მიმართ დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. პირიქით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ცდილობს რა “გაწმინდოს” ქალაქები ბაზრობებისგან, დაამსგავსოს თუნდაც თბილისი ევროპულ ქალაქებს, მაწანწალებსა და მათხოვრებსაც ხშირად აღიქვამს “ჭუჭყად”, რომელიც დედაქალაქის იერს ამახინჯებს.

7 აპრილს არასამთავრობო სექტორი, რომლის მესვეურები ბავშვთა სოციალურ რეაბილიტაციაზე მუშაობენ, გაახსენებს საზოგადოებას, რომ, სოციალური სიდუხჭირის ფონზე, ქვეყანაში იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც ბავშვობა წართმეული აქვთ.

“წართმეული ბავშვობა” – მაწანწალა მოზარდების ბედი სწორედ ასე შეაფასა ჩვენთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” მესვეურმა, ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა, ლელა ზარქუამ:

[ლელა ზარქუას ხმა] “ემოციური ჩართულობა ხდება ამ ბავშვებთან, ბავშვის მომავალი არის შენი მუშაობის შედეგი... როგორც ხელოვანი ქმნის თავის ნაწარმოებს, ასევე შენ ეხმარები ბავშვს, რომ საკუთარი თავი იპოვოს... ჩვენ ბოლომდე ვადევნებთ თვალს, როგორ ქმნიან ისინი ოჯახს, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას.”

ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არ ქმნიან “გეტოს” უპატრონო ბავშვებისთვის... რომ მათი ცენტრი ღიაა – ბავშვებს ყოველთვის შეუძლიათ ცენტრიდან წასვლა და დაბრუნება.

[ლელა ზარქუას ხმა] “მათ რა მიიღეს ამ საზოგადოებისაგან? საჭირო არის მათ მივცეთ სხვა მარაგი. მერე აღმოჩნდება, რომ ბავშვები, რომლებიც მოდიან აგრესიით – თურმე მათშიც ყოფილა ეს მარაგი ჩადებული. შენ უნდა გახსნა, ჩაიხედო, რაღაც უნდა მონახო იქ. ამის შემდეგ ისინი სწავლობენ სიყვარულს.”

ამ ბავშვების სამყაროში რომ ჩაიხედო, ცხადია, პირველ რიგში, აგრესიას დაინახავ. თუმცა თავის მოხსენებებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, არ დავკმაყოფილდეთ ფასადით და შევეცადოთ ამ ბავშვებში დავინახოთ ისიც, რაც განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს... ის, რაც სწორედ საზოგადოებისა და ხელისუფლების გულგრილობამ ჩაკლა მათში:

[ლელა ზარქუას ხმა] “თავიდან არ მალავენ აგრესიას, იმიტომ რომ სხვა ფორმა არა აქვთ, მაგრამ მერე სხვისი მაგალითისგან სწავლობენ. ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ: ზოგჯერ რატომ მეუბნები, რომ ეს არ ვარგა, მერე კი ამბობ, კარგიაო. არ იციან ურთიერთობის სოციალურად მისაღები ფორმები, მაგრამ როცა ვეუბნებით – შენ ეხლა კარგად მოიქეცი, - თუმცა ვცდილობთ, რომ არ შევაფასოთ პიროვნებები, მხოლოდ საქციელს ვაფასებთ, – მერე უკვე რეფლექსივით უჩნდებათ: თუ კარგად მოიქცევიან, უნდათ, რომ შეაფასო.”(სტილი დაცულია)

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე წელს “დედებსა და შვილებს” ეძღვნება.... ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, აღვადგინოთ დედა-შვილის მთლიანობა იქ, სადაც ეს მთლიანობა დაშლილია... ფსიქოლოგი ლელა ზარქუაც დარწმუნებულია, რომ “დედის ჩანაცვლება” ილუზიაა, ბავშვს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მშობლის დადებითი ხატი:

[ლელა ზარქუას ხმა] “არის, როცა საერთოდ არ უნდათ მშობლის ხსენება, ზოგიერთი საერთოდ გამოქცეულია სახლიდან... არ უნდათ ხსენება. ერთი ამბობს, რომ მე არა მყავს დედა და არ მინდა, რომ დედა მყავდეს; ვისაც არ ჰყავს დედა, იტყვიან, რომ რომელიღაც მასწავლებელი ძალიან მოსწონთ და იხსენებენ, როგორც დედას. დავუშვათ, ქუჩაში ვასეირნებთ, ერთმანეთთან აქვთ საუბარი, ამბობენ – ეხლა ვინმე ჩამოივლის და ჩვენზე იტყვის, რა ლამაზი დედა ჰყოლიათო... არის შემთხვევები, როცა ფილმის გმირებს აიდეალებენ, წერენ წერილებს... ჩაძინებულები არიან და გვერდზე უდევთ დედის წერილი.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG