Accessibility links

logo-print

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ირგვლივ კონსულტაციები გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჟენევაში მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პარალელურად, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლოშჩინინი მონაწილეობს, თბილისში დაიწყო რუსეთ-საქართველოს კონსულტაციები


სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე. რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი ხელმძღვანელობს, თბილისში, სავარაუდოდ, ოთხ დღეს გაატარებს. მოლაპარაკებათა თემის გათვალისწინებით, - მხარეები კვლავ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებს განიხილავენ, - სავარაუდოა, რომ დელეგაციების შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიაროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 7 აპრილს დაწყებული რუსეთ-საქართველოს დელეგაციების კონსულტაციები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მეტიც - მხარეებს შეხვედრის წინ პრესისთვის არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ შეხვედრის პერსპექტივებთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ, რა საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაცია, რუსეთის დელეგაციის სიფრთხილე გასაგებია - 15 მაისამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ დრომდე მხარეები ვერ მოახერხებენ მოლაპარაკებას იმის თაობაზე, თუ რა ვადებში დატოვებენ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიას, საქართველოს პარლამენტი ამ ბაზებს კანონგარეშედ გამოაცხადებს და აქ სამყოფოდ აუტანელ პირობებს შეუქმნის.

შეგახსენებთ: ეუთოს სტამბულის შეთანხმებით, რუსეთის სამხედრო ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. რუსეთი, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ მზად არის შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, მეორე მხრივ კი, ვალდებულებათა შესასრულებლად სხვადასხვა პირობებს აყენებს - ხან მრავალმილიონიან საკომპენსაციო თანხებს ითხოვს საქართველოდან გასაყვანი სამხედროებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად, ხანაც ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანისთვის საჭირო ვადად 10-12 წელიწადს ასახელებს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, ქართული მხარის პოზიცია რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ასეთია: ქართული მხარე თანახმაა, რუსეთის სამხედრო ბაზები ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამი წლის ვადაში, 2009 წლის პირველ იანვრამდე, იქნეს გაყვანილი, თუ მანამდე ეს ბაზები, ასე ვთქვათ, გაყვანის რეჟიმში იარსებებენ, ანუ თუ მათ აეკრძალებათ სამხედრო წვრთნების ჩატარება და პერსონალის როტაცია; ქართული მხარე ასევე მზადაა მოიძიოს 10-15 მილიონი დოლარი საერთაშორისო დონორებისგან რუსი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის; ასევე, კერძო საკუთრებაში გადასცეს რუს სამხედროებს თბილისში ბინები, რომელთა გაყიდვის უფლებაც მათ ექნებათ.

როგორც ჩანს, ამ წინადადებისთვის რუსეთის დელეგაცია მზად არ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე: [კახა სიხარულიძის ხმა] „მოლაპარაკება მიმდინარეობს. ალბათ, უპრიანია, მოლაპარაკების მიმდინარეობისას კომენტარები არ გაკეთდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, - გთხოვთ ყველა სიტყვას მიაქციოთ ყურადღება, - როგორც ჩანს, არ არიან მზად სერიოზული მოლაპარაკებისთვის.“
XS
SM
MD
LG