Accessibility links

logo-print

ვინ ასწავლის ქართულს ეროვნულ უმცირესობებს?


დავით პაიჭაძე, თბილისი შარშან საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთგვარი გაწვევა გამოაცხადა იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურვილი ჰქონდა, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში



ქართულ ენაზე სხვადასხვა დისციპლინა ესწავლებინა. მოსურნეებს განათლების სისტემისათვის მაღალ ხელფასს ჰპირდებოდნენ - დაახლოებით 500 ლარს. ქართულ ენაზე სწავლება არაერთ მასწავლებელს მოუნდა, მაგრამ უკვე წელს აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანის მომზადების დონე საშუალოზე დაბალია.

სიუჟეტს ერთი შეხსენებით დავიწყებთ. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა ახალი დროების გმირთა შორის მოიხსენია ორი მასწავლებელი, რომელიც ქართულს ასწავლის ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რეგიონში:

[სააკაშვილის ხმა] “აქ არის ორი პედაგოგი: ივლიტა ლობჟანიძე და გელა თავაძე. ივლიტა ასპირანტია, გელა კი, უკვე რამდენიმე წელია, ასწავლის ქართულს. ისინი ასწავლიან ქართულს სოფელ თაზაკენდში. ეს არის საქართველო-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი. ისინი გამოეხმაურნენ განათლების სამინისტროს მართლა პირველივე მოწოდებას და ჩავიდნენ იქ, რათა ხელი შეეწყოთ ამ ხალხის ინტეგრაციისთვის, მართლაც საშვილიშვილო საქმისთვის.”

ყველა მასწავლებელი არ აღმოჩნდა სათანადოდ მომზადებული. განათლების სამინისტრომ გამოიკვლია კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მომზადების დონე.

[ბელა წიფურიას ხმა] “ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ ამ პედაგოგების 37% მაინც ვერ ფლობს სათანადო დონეზე ქართულ ენას და იმ მასალას, მოწაფეებს რომ უნდა ასწავლოს. აღმოჩნდა ისიც, რომ უარესი სურათია ქვემო ქართლში, ვიდრე სამცხე-ჯავახეთში.”

ეს ბელა წიფურიაა, განათლების მინისტრის მოადგილე. 37%-ის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ასი შესაძლებლიდან მათ 59 და ნაკლები ქულა მიიღეს. სულ არაქართულენოვან სკოლებში ქართულის 619 მასწავლებელია. 22%-მა მაღალი შედეგი უჩვენა - 80 ქულაზე მეტი, დანარჩენებმა - 60-დან 80-მდე.

[წიფურიას ხმა] “ცხადია, საკუთარ სკოლებში, საკუთარ მოსწავლეებთან მათ მნიშვნელოვნად შეცვალეს სიტუაცია, მაგრამ ჩვენ ვერ მოვთხოვთ მათ სიტუაციის შეცვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, დღეს ვლაპარაკობთ სწავლების, სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების პრობლემაზე, მეორე მხრივ, იმ გრძელვადიან ღონისძიებებზე, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის.”

ხსენებული პროგრამები კი გულისხმობს ახალი სასწავლო სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შექმნას, მოსწავლეებისა და მასწავლებლების სამოქალაქო სივრცეში ჩართვის წახალისებას, მასწავლებელთა მატერიალურ წახალისებას და ა.შ. მაგალითად, ამ უკანასკნელი მიზნისთვის 710 ათასი ლარია გამოყოფილი.

ჩემთვის საინტერესო იყო, როგორ უყურებენ თავად მასწავლებლები თავიანთ საქმიანობას, მის შედეგებს. ამის შესატყობად დავუკავშირდი შორენა ხუხუას. შორენაც ქვემო ქართლში, სოფელ სადახლოში, ასწავლის ქართულ ენას.

[შორენა ხუხუას ხმა] “აქ რომ ჩამოვედით, ბავშვებმა საერთოდ არ იცოდნენ ქართული. ჩვენ, ეს მისიონერი პედაგოგები, არა მარტო ქართულ ენას ვასწავლით, არამედ მათ პრობლემებსაც ვუსმენთ და ვცდილობთ, დავეხმაროთ. პირადად მე გახსნილი მაქვს ქართული ენის შემსწავლელი უფასო წრეები - ასაკოვნებისთვის ცალკე, სკოლადამთავრებულებისთვის ცალკე, ასევე სკოლის ბავშვებისთვის, რომლებიც ჩემი მოსწავლეები არ არიან.”

შორენა ხუხუას თქმით, მოტივაცია სახელმწიფო ენის შესწავლისთვის ისაა, რომ თანდათან ესმით - ენის ცოდნა მათ დაეხმარება, ჩაერთონ სახელმწიფოს ცხოვრებაში, საიდანაც აქამდე სრულიად იზოლირებულნი იყვნენ: წაიკითხავენ იქ ჩასულ დოკუმენტებს ქართულად, რადგან რუსულად არავითარი საბუთი აღარ ჩადის, შეძლებენ ქართულ ენაზე ინფორმაციის მიღებას მასმედიის მეშვეობით. მაგრამ იქამდე ჯერ კარგა ხნის სავალია:

[ხუხუას ხმა] “ბავშვები ძალიან მოწადინებულნი არიან. ჩვენ ისინი ექსკურსიებზე დაგვყავს, თბილისი თანდათან ხელშესახები ხდება მათთვის. დედაქალაქად ბაქოს აღიქვამენ. ამ ქალაქთან მჭიდრო კავშირები აქვთ, იქ სწავლობენ, იქ დადიან, იქა აქვთ ბიზნესი და ვაჭრობა”…

შორენა ხუხუა ამბობს, რომ უფროსკლასელები შედარებით ნაკლებ ინტერესდებიან გაკვეთილებით. მეათეკლასელი ვაჟები, ძირითადად, ვაჭრობენ. გოგონები უფრო ბეჯითები არიან. ყველაზე მოტივირებული კი მერვეკლასელები ჩანან. საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისათვის ქართულის სწავლების გარდა, შორენა თანდათან თავად ეუფლება აზერბაიჯანულ ენასაც.
XS
SM
MD
LG