Accessibility links

logo-print

აჭარას ელექტროენერგიით თურქეთი მოამარაგებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში თურქეთიდან 60-70 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტს განახორციელებს. მეზობელი თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან,

ენერგოდეფიციტის დაფარვის მიზნით, ელექტროენერგიის იმპორტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ საქართველოს დავალიანების გამო ეს პროექტი შეფერხდა. საბოლოოდ, მთავრობამ თურქეთთან მოლაპარაკება მაინც შეძლო. რა ოდენობის ელექტროენერგიას შემოიტანს საქართველო და ვინ მოიხმარს მას?
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ხუთ-ექვს დღეში აჭარისა და თურქეთის ენერგოკომპანიებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აჭარის რეგიონი 60-70 მეგავატ ელექტროენერგიას მიიღებს.
გილაურის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდებაზე თურქეთთან ბარტერი განხორციელდება: ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაში საქართველო ზაფხულში თურქეთს 1,2 კილოვატსაათ ელექტროენერგიას ჩაასესხებს.
[ნიკა გილაურის ხმა] „ლაპარაკია დაახლოებით 60-70 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტზე აჭარის რეგიონში და შემდეგ ამ ოდენობის კილოვატსაათების დაბრუნებაზე ზაფხულის განმავლობაში 1,2-თან, ანუ ამ ზამთრის განმავლობაში და მომავალ ზამთარშიც აჭარის ენერგოკომპანია თუ შემოიტანს გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიას, ზაფხულის განმავლობაში დააბრუნებს 1,2-თან პრინციპით.” (სტილი დაცულია)
ზაფხულში, მაშინ როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში, ტრადიციულად, წყლის სიჭარბეა, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ადრეც ხორციელდებოდა. წელს, გარდა თურქეთისა, საქართველოს ელექტროენერგია ზამთარში აზერბაიჯანიდანაც უნდა შემოეტანა. ამის თაობაზე ბაქოში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აზერბაიჯანელ კოლეგებსაც შეხვდა და შეთანხმება თითქოს მიღწეულ იქნა, თუმცა, საბოლოოდ, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელდა 1999-2000 წლებში მიღებული ენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო. ამდენად, ზამთარში საქართველო ისევ რუსეთიდან და სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ამარა დარჩა. რამდენიმე დღეში კი სისტემაში ჩაერთვება თურქული ელექტროენერგიაც, რომელიც მხოლოდ აჭარას მიეწოდება.
მართალია, თურქეთიდან იმპორტირებული ენერგიით აჭარის ელექტრომომარაგება შედარებით გამოსწორდება, მაგრამ ამ რეგიონს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის სერიოზული პრობლემა აქვს, რის გამოც ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი აჭარას დენის გათიშვით ემუქრება. ამდენად, იქმნება ერთგვარი კომიკური სიტუაცია: ენერგოკომპანიებმა თურქეთიდან შეიძლება ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელონ, მაგრამ ეს ენერგოკრიზისს რეგიონში ვერ მოხსნის, რადგან დავალიანების გამო ამ ენერგიის მომხმარებლამდე მიტანა შეიძლება შეიზღუდოს.
XS
SM
MD
LG