Accessibility links

logo-print

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში

  • ნინო როდონაია

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ საქართველოშიც, რომელსაც ამ სფეროში არაერთი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. მათ შორისაა დედათა და

ბავშვთა დაცვა, რომლის უზრუნველყოფა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელ დევიზად აირჩია.
ხუთშაბათს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დედებისა და ბავშვების უფასო მკურნალობის რამდენიმე აქცია ჩაატარა და დონორებთან თანამშრომლობის შედეგები სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” შეაჯამა.

,,არც ერთი დედა და ბავშვი უყურადღებოდ!” - ჯანმრთელობის მსოფლიო დღის ეს წლევანდელი დევიზი საქართველოში პრაქტიკად ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. პრობლემის მოგვარება საქართველოს მიერ პრიორიტეტადაა აღიარებული, რადგან ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის ხელმომწერ ნებისმიერ ქვეყანას შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულება აქვს:

[თამარ მანჯავიძის ხმა] ,,დედა და ბავშვი ეს არის ქვეყნის საფუძველი. მათი კეთილდღეობა ქმნის ქვეყნის საფუძველს და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ინდიკატორს.” (სტილი დაცულია)

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელის თამარ მანჯავიძის ინფორმაციით, საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ბოლო მონაცემები ამჟამად დამუშავების სტადიაშია და უახლოეს ხანში გამოქვეყნდება. წინასწარი მონაცემებით, ამ მხრივ მხოლოდ ოდნავი გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა საქართველო კვლავ რჩება ნუსხაში იმ ქვეყნებისა, სადაც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა დადგენილ ნორმას საგრძნობლად აჭარბებს. მათი დაცვის მიზნით, საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს ეროვნული სტრატეგია, რომლის რეალურ შედეგებს ჯერჯერობით ვერავინ გრძნობს:

[თამარ მანჯავიძის ხმა] ,,ძირითადი ვალდებულება, რომელიც აიღო საქართველომ, გახლავთ, რომ 2015 წლისთვის უნდა მოხდეს 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება ორი მესამედით, უნდა მოხდეს იმუნიზაციით მოცვა ქვეყნის მასშტაბით 90%-ზე უფრო მაღალი მაჩვენებლებით და ცალკეულ რეგიონებში 80%-ზე მაღალი მაჩვენებლებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოების განათლებაც.” (სტილი დაცულია)

თამარ მანჯავიძეს აუცილებლად მიაჩნია დღეს არსებული პროგრამების გაფართოება, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შესაბამისი დაფინანსების გარეშე წარმოუდგენელია. სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობდა საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც:

[სანდრა რულოვსის ხმა] ,,ნაწილი ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, დონორებზეც ვართ დამოკიდებული. ხშირად თანამშრომლობა და კოორდინაცია მოგვიწევს. ეს არ არის ხოლმე სირთულეების გარეშე, მაგრამ ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს გაკეთებული ხალხის სასარგებლოდ.” (სტილი დაცულია)

ერთ-ერთი დაავადება, რომელსაც საქართველო დონორის, კერძოდ, აშშ-ის დახმარებით ებრძვის, ტუბერკულოზია:

[ნიკოლოზ ნასიძის ხმა] ,,ჯანდაცვის სამინისტრო, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის სახით ახორციელებს საერთაშორისოდ რეკომენდირებულ სტრატეგიას, რომელსაც ჰქვია ,,DOTS.” ქართულად იგი ჟღერს, როგორც სტანდარტული მოკლევადიანი კონტროლირებადი ქიმიოთერაპია. მისი წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, სრულიად მისაღწევი ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მონიშნული სამიზნეები. ეს გულისხმობს, რომ 70% ავადმყოფებისა უნდა აღმოჩენილი იყოს და მათგან 85% ნამკურნალევი უნდა იქნეს წარმატებით.” (სტილი დაცულია)

სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციის ექსპერტის ნიკოლოზ ნასიძის ინფორმაციით, ყოველწლიურად საქართველოში ტუბერკულოზის 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება, პაციენტთა მესამედი კი თბილისშია თავმოყრილი. მათი მკურნალობისთვის არც შესაბამისი ცენტრი არსებობს, არც სპეციალური სამსახურები და, რაც მთავარია, ჯერჯერობით არც ამ დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზის, ადამიანების რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, გაუმჯობესება შეინიშნება. ხელისუფლების მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული არმიის, განათლების, გზებისა და ელექტროენერგიის გარდა კი, ქვეყანას ჯანმრთელი და სოციალურად დაცული ადამიანებიც სჭირდება.
XS
SM
MD
LG