Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპის დაკრძალვა


8 აპრილს მსოფლიოს მილიარდამდე კათოლიკემ უკანასკნელი პატივი მიაგო რომის პაპს იოანე პავლე მეორეს.

ამ მოვლენასთან დაკვაშირებით რომში 2-დან 4 მილიონ მლოცველამდე ჩავიდა რომში, დაკრძალვის ცერემონიაზე, რომელიც თბილისის დროით 15 საათისთვის დასრულდა. პაპი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ შაბათს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. დაკრძალვის ცერემონიას 200-მდე სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაური და სხვა მაღალი რანგის პირი, მათ შორის მსოფლიოს მთავარ რელიგიათა წარმომადგენელი დაესწრო.

[გუნდის ხმა]

პაპი იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ცერემონია პარასკევს თბილისის დროით 12 საათისთვის დაიწყო. კვიპაროსისგან დამზადებული კუბო 12-მა ადამიანმა გამოიტანა წმინდა პეტრეს ტაძრიდან და მის წინ მოწყობილი საკურთხევლის წინ დაასვენა. კუბოს გამოჩენას ასიათასობით ადამიანი ტაშით შეეგება. მლოცველები აფრიალებდნენ ტრანსპარანტებს წარწერით "Santo Subito" ანუ "დაუყოვნებლივ წმინდანად შეირაცხოს".

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი - ეს გახლავთ ძალზე მცირე ნაწილი მსოფლიოს ლიდერებისა, რომლებიც რომში ჩავიდნენ. რაც შეეხება საქართველოს საერო ხელისუფლებას, იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილით იყო წარმოდგენილი.

[გუნდის ხმა]

სამგლოვიარო ცერემონიას უძღვებოდა კარდინალთა კოლეგიის დეკანი და პაპთან დაახლოებული პირი, კარდინალი იოზეფ რატცინგერი.
თავის ქადაგებაში წითელ მანტიასა და თეთრ მიტრაში გამოწყობილმა რატცინგერმა ხოტბა შეასხა იოანე პავლე მეორეს და მას "მარადიული მღვდელი" უწოდა.

[რატცინგერის ხმა] "დღეს პაპი იოანე პავლე მეორის ცხედარს მიწაში ვმარხავთ როგორც უკვდავების თესლს - ჩვენი გულები სავსეა გლოვით, მაგრამ ამავე დროს სიხარულის იმედით და უღრმესი მადლიერებით."

გერმანელი რატცინგერის პოზიციას დიდი გავლენა ექნება ახალი პაპის არჩევისას. ერთ-ერთ კანდიდატად თავად მასაც განიხილავენ.

[რატცინგერის ხმა] "ყველა ჩვენგანისთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება, როგორ გამოჩნდა წმინდა მამა სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან თავის უკანასკნელ აღდგომა დღეს და უკანასკნელად აღავლინა კურთხევა urbi et orbi, ქალაქსა და მსოფლიოს."

მთელს მსოფლიოში და, განსაკურებით, პაპის მშობლიურ პოლონეთში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს რომში გამართულ ცერემონიას. 300 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა კრაკოვში, სადაც კაროლ ვოიტილა კარდინალი იყო პაპად არჩევამდე.

თავად რომში 10 ათასამდე პოლიციელი, სამხედრო და სპეცდანიშნულების მუშაკი იცავდა წესრიგს. რომის თავზე საჰაერო სივრცე ჩაიკეტა.

სამგლოვიარო წირვის შემდეგ პაპის კუბო წმინდა პეტრეს ტაძარში შეიტანეს და ქალაქში გაისმა ზარების ხმა.

[ზარების ხმა]

კვიპაროსის კუბოს ჩაიტანენ ეკლესიის კრიპტაში და იქ მოათავსებენ თუთიის, შემდეგ კი მუხის კუბოში.

რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალებმა 18 აპრილამდე უნდა აირჩიონ ახალი პაპი.
XS
SM
MD
LG