Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილიდან 9 აპრილამდე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე თაიგულიანი ადამიანების სიმრავლე თვალში საცემი იყო. ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ 16 წლის წინ მთავრობის

სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში ან იმ ტრაგედიის შესახებ მხოლოდ სმენია, დღეს პარლამენტის შენობის წინ დაღუპულებს იხსენებდნენ. რა ხდებოდა 9 აპრილს თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე?

[ილია მეორის ხმა] „ ჩემი პატრიარქობის 27 წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღე იყო 9 აპრილი. ეს არის ჩვენი ტკივილის, ჩვენი გლოვის დღე. უნდა ითქვას, რომ შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა ეს ტრაგედია, მაგრამ ვერ ავიცილეთ. მეც ვერ შევძელი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაეცნენ აქ, ისინი არიან გმირები და ჩვენი ერის და ქვეყნის თავდადებული ადამიანები.“(სტილი დაცულია)
აზა ადამია, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, ნანა სამარგულიანი - სულ 16 ადამიანი ემსხვერპლა 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მიტინგის დაშლას. ხელკეტებითა და ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა ადვილად გაწმინდეს თბილისის ცენტრი, მაშინდელი ოფიციალური გაზეთების ციტირებას თუ მოვახდენთ, „ექსტრემისტებისა და ანტისაზოგადოებრივი ელემენტებისგან.“
იმ 9 აპრილის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, გადაიტანა სამოქალაქო ომი და ომი აფხაზეთში, არჩევნები, რევოლუციები და ა.შ. და ა.შ. ის, რაც ამ 16 წლის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში უცვლელი დარჩა, 9 აპრილს მაშინდელი მთავრობის სახლის წინ შეკრება და სანთლებითა და ყვავილებით დაღუპულთა ადგილის შემკობაა.
რაც უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, გადაწყვეტილებამ სწორედ 9 აპრილისთვის დაემთხვია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, - ჩანაფიქრის თანახმად, ამით სახალხო ტრაგედიის დღე მომავლის რწმენას უნდა დაკავშირებოდა და საზეიმო იერი მისცემოდა, - საზოგადოების დამოკიდებულება ვერ შეცვალა. საქართველოში 9 აპრილი მაინც იმ მოვლენებთან ასოცირდება, რომლის მომსწრეები დღესაც იმაზე კამათობენ, შეიძლებოდა თუ არა 16 წლის წინანდელ ღამეს ასეთი დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება.
საქართველოში კვლავ 9 აპრილია. ადამიანები, დაღუპულთა გარდა, მაშინდელ უჩვეულო, მტკიცე და საყოველთაო ერთიანობასაც იხსენებენ, რომელიც ასე აკლია დღევანდელ საქართველოს.
XS
SM
MD
LG