Accessibility links

logo-print

მთავრობას დამოუკიდებელი არბიტრაჟი აშინებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს რეკორდული თანხით ზრდიდა; ერთი მხრივ, მეწარმეთათვის საქმიანობის

გასამარტივებლად ზოგიერთი აბსურდული ნებართვის გაუქმებაზე მსჯელობდა, მაგრამ, ამავე დროს, საგადასახადო კოდექსში დამოუკიდებელი არბიტრაჟის შესახებ არსებული მუხლის ამოქმედების გადავადებას ცდილობდა.
საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთლიანი შემოსავლები და ხარჯები მილიარდ 950 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე იზრდება.
452 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი პრივატიზებიდან დაგეგმილ თანხებზე მოდის, თუმცა ამ ეტაპზე პრივატიზაციიდან ჯერ მხოლოდ 20 მილიონი აშშ დოლარია შემოსული.
პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოთქმულ პრეტენზიას ბიზნესის წარმოების გამარტივებისა და ლიცენზირების სისტემის გადახედვის თაობაზე, მთავრობა გასულ კვირასაც გამოეხმაურა.
სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, მთავრობას სურს შემოიღოს ”ერთი ფანჯრის“ პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისთვის ბიზნესმენს ლიცენზიის მისაღებად ერთი სამინისტროდან მეორეში თვეობით სირბილი აღარ დასჭირდება, ხოლო თუ მეწარმემ ლიცენზიის ასაღებად შეტანილი განცხადებიდან 1 თვის განმავლობაში პასუხი ვერ მიიღო, საქმიანობის დაწყების უფლება ავტომატურად მიეცემა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიების აღება, ძირითადად, სავალდებულო იქნება მესამე პირისთვის საშიშ საქმიანობაზე და წიაღისეულით, სიხშირეებით, რესურსებით სარგებლობისთვის. აქამდე ლიცენზირებას ექვემდებარებოდა საქმიანობის უამრავი სფერო, რაც აბსურდამდე მიდიოდა და, ძირითადად, კორუფციის წყაროს წარმოადგენდა. ამ ტიპის ”ეგზოტიკური ლიცენზიების” ნაწილი კახა ბენდუქიძემ მთავრობის სხდომაზეც ”გამოამზეურა”:
[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საქართველოში არსებობს, მაგალითად, ლიცენზია ”ვეტერინარული საქმიანობისა ცხოველების სილამაზის სალონებში ”, ან ”საქმიანობისა ცხოველების სასტუმროებში”. არის, მაგალითად, ”საქართველოში საქართველოს კულტურული ფასეულობის შემოტანის ნებართვა”, ანუ საქართველოში კულტურული ფასეულობის შემოტანა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ”
რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც მთავრობა ბიზნესის წარმოების გამარტივებაზე ზრუნავს და ბაზარზე შესვლისათვის ზედმეტი ბარიერების, მაგალითად, აბსურდული ლიცენზირების სისტემის მოშლას აპირებს. მაგრამ გაუგებარია, იგივე მთავრობა რატომ აუქმებს საგადასახადო კოდექსის იმ ნაწილს, რომელიც თავის დროზე ყველაზე პროგრესულ ნოვაციად თავადვე შეაფასა და რომელიც დამოუკიდებელ არბიტრაჟს ეხება. პარლამენტში მთავრობიდან შესული საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს დამოუკიდებელი არბიტრაჟის ამოქმედების გადავადებას 2008 წლამდე. ხელისუფლებას ამ ინიციატივის გასამართლებლად, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი და ისიც, ექსპერტების აზრით, უსუსური არგუმენტი აქვს: დამოუკიდებელი არბიტრაჟი თავის კლიენტზე, ანუ მეწარმეზეა მატერიალურად დამოკიდებული და, შესაბამისად, მხოლოდ მისი ინტერესების დაცვით იქნება დაკავებული. უცნაურია, რა საშიშროებას ხედავს მთავრობა ბიზნესის ინტერესის დაცვის ლამის ერთადერთ ინსტრუმენტში, მით უმეტეს, როდესაც მას, იმავე ახალი საგადასახადო კოდექსით, ლამის იმპერატიულად შეუძლია ადმინისტრაციული დავების თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა.
ექსპერტები შიშობენ, რომ ხელისუფლების საკმაოდ მყიფე არგუმენტის უკან, საკმაოდ კონკრეტული ინტერესი და შიში იმალება. არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს, დამოუკიდებელი არბიტრაჟის მეშვეობით, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისათვის სოლიდური თანხის დაბრუნება მოუხდეს, ამ პრეცედენტის დაშვება კი მთავრობას, უფრო კონკრეტულად კი, ფინანსთა სამინისტროს, მაინცადამაინც არ უნდა ახარებდეს. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო მოსახლეობას აშინებს, რომ, არბიტრაჟის პირვანდელი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან თანხების უკან დაბრუნების პრეცედენტი საფრთხეს შეუქმნის პენსიებისა და სოციალურ შემწეობათა დარიგებას. ფინანსთა მინისტრის ეს პოზიცია ექსპერტ დავით უსუფაშვილს ქვეყნის ტრაგედიად მიაჩნია და იგი ბოლშევიკურ მიდგომებს აგონებს.
[დავით უსუფაშვილის ხმა] ”აქ იგრძნობა ბოლშევიზმის სუნი აშკარად. დაუკვირდით რას ამბობს ხელისუფლება: თუ ბიუჯეტიდან რაღაც თანხები გავიდა ბიზნესმენების სასარგებლოდ, ის თავის საქმეს ვეღარ გააკეთებს, პენსიებს ვეღარ გასცემს. ეს არის ტრაგედია. ტრაგედიაა, თუ ფინანსთა მინისტრი ასე აზროვნებს, რომ პენსიებისთვის ფული შეკრიბოს და არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბიზნესმენების დაყაჩაღებისა თუ გადასახადების პატიოსნად გადახდის გზით.” (სტილი დაცულია)
ამდენად, ხელისუფლება, ერთი მხრივ, ლიცენზირების სისტემის გამარტივებას ქადაგებს, მეორე მხრივ კი, ბიზნესს გადასახადის ამკრეფის, -ანუ სახელმწიფოს - წინაშე აბსოლუტურად დაუცველს ტოვებს, რადგან, დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმებით, საგადასახადო დავების გადასაჭრელად მეწარმეს, კომპრომეტირებული სასამართლო სისტემისა და თავად საგადასახადო ორგანოებთან არსებული, სახელმწიფო ჩინოვნიკებით დაკომპლექტებული, დავების გარჩევის საბჭოების გარდა, ალტერნატივა, ფაქტობრივად, აღარ დარჩება.
XS
SM
MD
LG