Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა ასლან აბაშიძის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნების შანსი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გამოცოცხლება დაეტყო. ოპოზიცია, რომელიც აქამდე შედარებით ინერტული იყო,

- ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე ხელისუფლების კრიტიკა არაპოპულარული გახლდათ, - სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა აკრიტიკებს როგორც მმართველ პარტიას, ისე საქართველოს პრეზიდენტს. დამკვირვებლების პროგნოზით, საზოგადოებაში კრიტიკულად განწყობილი მასის ზრდასთან ერთად, ოპოზიციის პოზიცია გამყარდება.

ოპოზიცია საზოგადოების ნდობას იბრუნებს. 11 აპრილის გაზეთ „კვირის პალიტრის“ გამოკითხვაში, თუ ვის ენდობა ყველაზე მეტად საზოგადოება, ყველაზე მეტი ხმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, თუმცა, ასე ვთქვათ, საუკეთესო ათეულში ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ სამი პოლიტიკოსი მოხვდა: ისევ და ისევ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მესამე ადგილზე გასული ნინო ბურჯანაძე და მეხუთე ადგილზე - ირაკლი ოქრუაშვილი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, ვისაც საზოგადოება ენდობა, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ეს კობა დავითაშვილია, რომელსაც მეორე ადგილი უკავია.

ათეულში ოპოზიციის წარმომადგენლებიდან შევიდნენ: შალვა ნათელაშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით გამყრელიძე, გია მაისაშვილი, ლევან ბერძენიშვილი და აკაკი ასათიანი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია მხარდამჭერებს იკრებს და, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში სრულიად ნორმალურ მოვლენად აღიქმება.

ნორმალურად უნდა იქნეს აღქმული ისიც, რომ ხელისუფლების ოპონენტებად ახალი ოპოზიციური გაერთიანებები გამოდიან და არა ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი ძალები, რომელთა გავლენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ნულის ტოლია. საქართველოს კონტრრევოლუცია არ ელის.

თუმცა, თუ ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან რაიმე უსიამოვნო სიურპრიზი მოსალოდნელი არ უნდა იყოს, ჯერ არავინ იცის, რა გეგმები აქვს აჭარის ავტონომიის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძეს:

[ასლან აბაშიძის ხმა] „ მე საკუთარი ინტერესები ნაკლებად გამაჩნია. ჩემთვის საზოგადო ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა. შევეწირები იმ საქმეს, რასაც თქვენი კეთილდღეობა ჰქვია.“ (სტილი დაცულია)

ეს ზუსტად ერთი წლის წინ ხდებოდა აჭარაში, როცა აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაშინდელი თავისი ლიდერის მხარდაჭერას არ მალავდა. შემდეგ იყო ბათუმის მოვლენები და, სულ ბოლოს, პრეზიდენტ სააკაშვილის იმ დროინდელ სიტყვებს თუ გავიხსენებთ, „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია.“

გაქცეული ასლან აბაშიძე ბოლო დრომდე მოსკოვში საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. თუმცა, 11 აპრილის გაზეთ “იზვესტიის” ცნობით, ამ რამდენიმე დღის წინ ასლან აბაშიძე კვლავ საჯაროდ ვიხილეთ, როცა იტალიელი დიზაინერის სტეფანო რიჩის მიერ მოწყობილ მიღებაზე რუსეთის გავლენიანი პოლიტიკური და ფინანსური წრეების წარმომადგენლებთან ერთად გამოჩნდა.

ასლან აბაშიძის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ოპონენტი დავით ბერძენიშვილი, ერთი მხრივ, გამორიცხავს ასლან აბაშიძის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნების შანსს, მეორე მხრივ კი, აცხადებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მატერიალურ გაძლიერებას ასლან აბაშიძემ ხელი შეუწყოს, მაგრამ არც ისეთი ძალა ჩანს, რომელიც ღიად და დეკლარირებულად წავა აბაშიძესთან ფინანსურ კონტაქტებზე და, მეორე მხრივ, გადაყრილი ფული იქნება ეს.“ (სტილი დაცულია)

თავის დროზე, მოსკოვში ახლად ჩასულმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსები პოლიტიკიდან არ მიდიან და რომ ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. იმედია, ეს დაპირება ისეთივე შეუსრულებელი აღმოჩნდება, როგორიც ასლან აბაშიძის სხვა არაერთი დაპირება იყო.
XS
SM
MD
LG