Accessibility links

logo-print

ვინ იცის, რა აშენდება რესპუბლიკის მოედანზე


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია თითქოს რეალობა ხდება, მაგრამ ამ რეალობის კონკრეტულ კონტურებს ცოტა თუ ხედავს.

საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს ისე დაიწყო ე.წ. ანდროპოვის ყურების სიმბოლური მონგრევა, ცხადად არავის უთქვამს, რა იქნება მათ ადგილას. რამდენად მკაფიო წარმოდგენა არსებობს დღეს რესპუბლიკის მოედნის შესახებ?

ყველაზე მკაფიო მთელი მოედნის მომავლის ჭვრეტისას ის გახლავთ, რომ ე.წ. ანდროპოვის ყურები დაინგრევა. ბეტონის ტალღები, რომელიც 80-ან წლებში შეუმდგარი მასშტაბური არქიტექტურული პროექტის ერთადერთ კომპონენტად დარჩა, თვალში აღარავის მოხვდება. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, თავის დროზე ის ააგეს იმიტომ, რომ უკან მდგარი შენობის შელახული სახე დაეფარა. ამ შეფასებაში მცირედი კორექტივი შეაქვს თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილეს, არქიტექტორ ლევან ლომინაშვილს:

[ლომინაშვილის ხმა] “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მარტო დაფარვისთვის არ იყო გამიზნული. თუ ხედავთ, კონსტრუქცია მთლიანად არ ფარავს იმ შენობას. ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო ჩაფიქრებული, როგორც მოედანი; ჩაფიქრებული იყო, როგორც ადგილი სამხედრო აღლუმის მისაღებად, როგორც ელემენტარული პლაცი. ჩვენ გვინდა, იქ ახალი შენობა ჩავდგათ. შიდა ეზო დარჩება და მიებჯინება სხვა თანამედროვე შენობა. ოფისები იქნება იქ, სასტუმრო თუ საცხოვრებელი სახლი - მეორე საკითხია.”

სამაგიეროდ, ქალაქის ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბევრი არაფერი უწყოდა სასტუმრო “ივერიის” მომავლის შესახებ. მე ვკითხე მას, დაინგრევა თუ არა “ივერია”.

[ლომინაშვილის ხმა] “არ ვიცი, სამწუხაროდ. ალბათ, საძირკველიც იქნება გამოსაცვლელი. მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.”

როცა არ იცი, დაინგრევა თუ არა შენობა, მით უმეტეს არ იცი, რა იქნება ამ შენობის ნაცვლად. მე შევეცადე, ცოტა მეტი გამეგო იმ კომპანიისგან, ვინც შარშან “ივერია” იყიდა და იქ მოსახლე დევნილებს კომპენსაცია გადაუხადა. “სილქ როუდ გრუპის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიკა ბასილაიამ ასე მიპასუხა კითხვაზე, გაასწორებენ თუ არა მიწასთან ყოფილ სასტუმრო “ივერიას”:

[ბასილაიას ხმა] “ჯერჯერობით ვერავინ ვერ გეტყვით. საბოლოო იერსახის შერჩევა ბოლო სტადიაშია. განიხილავენ არქიტექტორთა წინადადებებს და ამ პროცესს ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში, დაასრულებენ. ამ პერიოდში მუშები, ასე ვთქვათ, გამოშიგნავენ სასტუმროს, იმიტომ რომ შიდა დანგრევა ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს.”

ლიკა ბასილაია ამბობს, რომ გადაწყვეტილება, დაინგრეს “ივერია”, ნაწილობრივ დაინგრეს თუ მისი რეკონსტრუქცია მოხდეს - ჯერ არ მიუღიათ. რამდენიმე პროექტი უკვე არსებობს და მათ “სილქ როუდი” და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური ერთად იხილავს:

[ბასილაიას ხმა] “იმის მიხედვით, თუ რას შეარჩევენ, გადაწყდება მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის საკითხი.”
.
არაა გამორიცხული, რესპუბლიკის მოედანი დატოვოს მისმა შედარებით ახალმა ბინადარმა - დავით აღმაშენებლის ძეგლმა. ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ლომინაშვილი ამბობს:

[ლომინაშვილის ხმა] “თუ საჭირო იქნება, ბოლოს და ბოლოს, გადავა. თუ კონკურსი ჩატარდა და რომელიმე პროექტი გაიმარჯვებს, სადაც მისი გადატანა იქნება გათვალისწინებული და აღმოჩნდება, რომ ეს უკეთესი წინადადებაა, მაშინ, ბუნებრივია, გადავა. გადაწევ-გადმოწევა, თავისთავად, პრობლემას არ წარმოადგენს.”

კიდევ ერთი რამ არის ცხადი თბილისის ამ მონაკვეთის მომავალთან დაკავშირებით: რადგან ძველის ნგრევას სატეხისა და ჩაქუჩის ხელში მომარჯვებით თვითონ საქართველოს პრეზიდენტმა დაუდო სათავე, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უმაღლეს ხელისუფალთა ერთ ნაწილს სჩვევია, გავლენას მოახდენს რესპუბლიკის მოედნის მომავალ იერსახეზე.
XS
SM
MD
LG