Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება ენერგოკრიზისის დაძლევას პრივატიზაციით აპირებს


საქართველოს ელექტროსისტემაში მორიგი ავარია მოხდა. 11 აპრილს დილით ავარიულად გამოირთო თბილისის თბოელექტროსადგურის მესამე და მეცხრე ენერგობლოკები,

რის გამოც სისტემას 300 მეგავატის სიმძლავრე მოაკლდა. ამჟამად ავარიის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის დაბალანსება, რაც იმაში გამოიხატება, რომ თბილისს არ მოაკლდება ელექტროენერგია, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრით ხორციელდება. საქართველოს ხელისუფლება ამ მდგომარეობის გამოსწორებას პრივატიზაციაში ხედავს.

ამჟამად საქართველოს ელექტროსისტემაში ბალანსი, რომელზეც ენერგეტიკის მესვეურები საუბრობენ, ენგურჰესის მეშვეობითაა შენარჩუნებული. არადა, ენგურჰესი ორი კვირის წინ უნდა გაეჩერებინათ იქ სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ენგურჰესი არც 1 წლის წინ გააჩერეს ევრობანკის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასაწყებად, რადგან მაშინ ხელისუფლებამ ელექტროსისტემის სრულ პარალიზებას ენგურის ექსპლუატაცია არჩია. ასეა ახლაც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხელისუფლებამ ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის აღდგენა კვლავ 1 წლით გადაიფიქრა. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისთვის, რომ დედაქალაქმა ელექტროკრიზისი შედარებით მსუბუქად იგრძნოს.

[უჩა უჩანეიშვილის ხმა] ”300 მეგავატის დანაკლისმა არავითარი გავლენა არ მოახდინა მომხმარებელზე. ენგურმა არსებული რესურსების ხარჯზე მოახდინა შენაცვლება და დღის განმავლობაში, ისევე როგორც პიკის საათში, არავითარი შეზღუდვები არ იქნება მომხმარებელზე, იქნება ყველაფერი ჩართული.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლის უჩა უჩანეიშვილის ეს განცხადება თბილისის მოსახლეობას ეხება, თორემ რეგიონების მოსახლეობას არც ენგურჰესის გაჩერება უგრძვნია და არც ამუშავება. ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით, 11 აპრილს, გამთენიისას, გურჯაანის მოსახლეობაც ქუჩაში გამოვიდა და საპროტესტო აქცია გამართა.

[აქციის ხმა] ”აქციები იმართებოდა, მერე მოვიდა შუქი, მერე ისევ აღარა გვაქვს, მასხრად გვიგდებენ, მეტი კი არაფერი...”

ელექტროსისტემის წარმომადგენლები თავს იმით იმართლებენ, ჩაბნელებულ რეგიონებში საფასურის გადახდის მაჩვენებელია დაბალიო. ამავე მიზეზით, 11 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც უდენოდ უნდა დარჩენილიყო,მაგრამ ავტონომიის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის მღელვარების შესაძლო მიზეზის მოგვარება დროულად შეძლო. ასე რომ დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება, ყველას ესმის და ამიტომ ხელისუფლებაში გამოსავალს ეძებენ. საქმეს არც ენერგეტიკის გაზრდილმა დაფინანსებამ უშველა და ახლა ელექტრომომარაგების მოწესრიგებას ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზებაში ხედავენ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ლექსო ალექსიშვილის კომენტარი:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] “სანამ ერთხელ და საბოლოოდ არ დასრულდება ეს პრობლემა, მანამდე ნებისმიერ ეკონომიკურ ზრდაზე ზედმეტია საუბარი. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, პრიორიტეტი არის ენერგოსისტემის რეფორმირება, რომელიც, ბუნებრივია, ითვალისწინებს პრივატიზაციას. ეს ობიექტები არის გარკვეულ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, მოითხოვენ დიდ ინვესტიციებს რეაბილიტაციისთვის და, აქედან გამომდინარე, პრივატიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამოსავალი.”

ეს იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილი. მის მიერ აღწერილი პოლიტიკით, საქართველოს ხელისუფლება ელექტროენერგიის დეფიციტის დაძლევას 2006 წლის ბოლოსთვის გეგმავს.
XS
SM
MD
LG