Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაროლ ვოიტილას პიესა ქართულ სცენაზე


რომის პაპის, იოანე პავლე მეორის,

გარდაცვალებას მსოფლიო პრესამ 11 სექტემბრის ტრაგედიაზე უფრო მეტი მასალა მიუძღვნა. კათოლიკური ეკლესიის პირველი პირის გარდაცვალებას ქართული მედიაც გამოეხმაურა – საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მხოლოდ ახლა გაეცნო იოანე პავლე მეორის ბიოგრაფიის დეტალებს. თუმცა პრესის ყურადღების მიღმა დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – ყოფილ საბჭოთა კავშირში სწორედ საქართველო იყო ქვეყანა, სადაც დადგეს იოანე პავლე მეორის, იმავე კაროლ ვოიტილას, პიესა. 1996 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შედგა პრემიერა სპექტაკლისა “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ”. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ სპექტაკლი რეპერტუარიდან მოიხსნა. მე ამ წარმოდგენის რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტ მედეა კუჭუხიძეს ვესაუბრე.

პიესა, რომელიც კაროლ ვოიტილამ 1960 წელს, ეპისკოპოსობის დროს, დაწერა, რომის პაპის, იოანე პავლე მეორის, ერთადერთი მხატვრული ნაწარმოები არ არის. მის კალამს მრავალი ესეი, ლექსი, პიესა ეკუთვნის. თუმცა “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ” ყველაზე საინტერესოდაა მიჩნეული, თუნდაც იმიტომ, რომ ნაწარმოები ავტორის ეპისკოპოსობის დროს დაიწერა. ამიტომ პიესა ერთდროულად შეიძლება განვიხილოთ როგორც მხატვრული ნაწარმოები და როგორც ქადაგება.

იოანე პავლე მეორეს ყოველთვის უყვარდა თეატრი. 1941 წელს ოკუპირებულ კრაკოვში მან თავად დააარსა თეატრი, რომელიც კომუნისტურმა ხელისუფლებამ 1953 წელს დახურა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს, როცა კაროლ ვოიტილა თავად თამაშობდა სცენაზე, იგი სამსახიობო კარიერაზე ოცნებობდა... თეატრთან კავშირი მას არც სასულიერო წოდების მიღების შემდეგ გაუწყვეტია. 1979 წელს იოანე პავლე მეორემ დიდი სიყვარულით გაიხსენა თავისი მასწავლებელი მეჩისლავ კოტლაჟიკი: იგი ფიქრობდა, რომ ჩემი მოწოდებაა სიტყვა და თეატრი, – აღნიშნავდა პაპი, - მაგრამ უფალმა გადაწყვიტა, რომ მე კაპელანი გავმხდარიყავიო...

კარელ ვოიტილამ საერო ცხოვრებაზე უარი თქვა, მაგრამ მაინც მოასწრო და ხელი შეუწყო განსაკუთრებული სახის თეატრის, ეგრეთ წოდებული “რაფსოდიული”, ანუ სიტყვის თეატრის განვითარებას. ჟანრს თავისი პიესისა “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ” იგი ასე განსაზღვრავს: “დროდადრო დრამად ქცეული მედიტაციები ქორწინების საიდუმლოებაზე”, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მედიტაციები სიყვარულზე.

1996 წელს კოტე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ განაცხადა, რომ წაიკითხა რუსულად თარგმნილი ვოიტილას ეს პიესა და დიდი სურვილი აქვს დადგას “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ” ქართულ სცენაზე. როგორც მედეა კუჭუხიძე იგონებს, თეატრის მესვეურებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ პიესა დასადგმელად გამოდგებოდა. მოგვიანებით ქალბატონი მედეა დაწერს კიდეც: “შესაძლოა, დღეს ეს არც იყოს გასაკვირი - ახლა ხომ თბილისში მხოლოდ ერთი ჟანრი გაბატონდა, ეგრეთ წოდებული “შოუ” (სანახაობა), კლასიკური ნაწარმოებიც კი “შოუს” ხერხებით იდგმება”. თუმცა მხოლოდ ეს არ უნდა ყოფილიყო მიზეზი იმ წინააღმდეგობისა, რომელიც მედეა კუჭუხიძეს შეხვდა წარმოდგენის დადგმის წინ; გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამახასიათებელი ქსენოფობური განწყობილება და თავად ეპოქაც – 1996 წელი, როცა მსახიობებს გაყინულ დარბაზში უხდებოდათ თამაში... და, აბა, ეყოლებოდა კი მაყურებელი “მედიტაციურ პიესას”, რომელშიც, როგორც თავად მედეა კუჭუხიძე აღნიშნავს, ადამიანი მეტაფიზიკური თვალსაზრისით განიხილება – ოქრომჭედელი და მისი სახელოსნო არსებობენ ან არ არსებობენ, იქიდან გამომდინარე, გვაქვს თუ არა გვაქვს ჩვენ მათი შემჩნევის სურვილი და მოთხოვნილება.

მაგრამ მედეა კუჭუხიძის პროექტი მაინც განხორციელდა. თეატრში, როგორც ჩანს, გაახსენდათ, რაოდენ წარმატებული აღმოჩნდა ამ რეჟისორის მიერ 80-იანი წლების დასაწყისში დადგმული ჩიკამაცუს "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, როგორი ოვაციები გაუმართა იაპონიამ ქართველი რეჟისორის სპექტაკლს. კაროლ ვოიტილას პიესაზე მუშაობისას მედეა კუჭუხიძემ თავად გაავლო პარალელი ამ პიესებს შორის. თუ იაპონელ დრამატურგთან სიყვარულის პრობლემა გაშუქებულია ბუდისტური მსოფლხედველობიდან გამომდინარე, უფრო მეტიც, როგორც ქალბატონი მედეა შეგვახსენებს, თუ ჩიკამაცუ პირდაპირ აცხადებს, რომ ამქვეყნიური სიყვარული შეუძლებელია, “ოქრომჭედლის” ავტორი, კათოლიკური ეკლესიის მომავალი პირველი პირი, პირიქით, არ ამბობს, რომ შეუძლებელია ორი ადამიანის სიყვარული, მაგრამ იდეალური სიყვარულის გამოვლინება სულ სხვაა – იგი იბადება მაშინ, როდესაც ორი სუბიექტიდან ერთ-ერთი უკვე გარდაცვლილია.

კაროლ ვოიტილას პიესა მწერალმა გივი შახნაზარმა თარგმნა. ცოტა ხანში წარმოდგენის დადგმით დაინტერესდა ვატიკანის საელჩო საქართველოში. მედეა კუჭუხიძის თქმით, საელჩო მარჯანიშვილის თეატრს, რომელსაც იმხანად ძალიან უჭირდა, მატერიალურად დაეხმარა და, რაც მთავარია, რომის პაპს შეატყობინა, საქართველოში - პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში - თქვენი პიესა იდგმებაო.

[მედეა კუჭუხიძის ხმა] “როდესაც გაიგოო, ძალიან გაუხარდაო, მაგრამ გთხოვათო, თუ შეიძლება ქართული ეგზემპლარი გაუგზავნოთო. წიგნად მაშინ ეს არ იყო გამოცემული. შევეცადეთ წესიერად დაგვებეჭდა და გავუგზავნეთ. თეატრი, ცხადია, ვერ მოიწვევდა ამხელა პიროვნება – ეს უნდა გააკეთოს ან მთავრობამ, ან ეკლესიამ...ასე რომ, არავინ არ მოვიდა.”

არ მოვიდნენ, თუმცა მსახიობებმა, - განსაკუთრებით, მარინე ჯანაშიამ, გურანდა გაბუნიამ, ჯემალ მონიავამ, - ახალგაზრდებმა 1996 წლის 19 მარტს გამართული პირველი სპექტაკლი მშვენივრად ითამაშეს. ამბობენ, რომ ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო მალხაზ გორგილაძე, რომელმაც რეპეტიციები გაიარა, მაგრამ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. პრესა საგანგებოდ აღნიშნავდა მხატვარ ოლეგ ქოჩაკიძისა და ქორეოგრაფ თამაზ ვაშაკიძის ნამუშევარს. სწორედ მათ შეძლეს შეექმნათ ერთგვარი მეტაფიზიკური სახე წარმოდგენაში, სადაც მოვლენები ქრონოლოგიურად არ ვითარდება, სადაც არ არის კონკრეტული დრო და სივრცე, სადაც ადამიანის ცხოვრება დანახულია მთლიანად და არა კონკრეტული დროის მონაკვეთში... ყველაფერი ეს კარგად დაინახეს სპექტაკლში ქართველმა კრიტიკოსებმა, ფილოსოფოსებმა, ფსიქოლოგებმა. თუმცა მედეა კუჭუხიძის ნაამბობით ირკვევა, რომ ასეთი ესთეტიკა მიუღებელი აღმოჩნდა იმდროინდელი ქართული მედიისთვის... უფრო მეტიც, პრესა თითქმის არ დაინტერესდა კათოლიკური ეკლესიის პირველი პირის პიესით:

[მედეა კუჭუხიძის ხმა] “არც ერთმა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა, ერთი კადრი არა აქვთ შემორჩენილი. ერთადერთი, ვინც ეს გადაიღო და სცენებიც შემომრჩა სპექტაკლიდან, იყო “ენ ტე ვე”. დიდი გადაცემაც გააკეთეს, ჩემთან ინტერვიუც ჩაწერეს.”

მოგვიანებით საქართველოს იოანე პავლე მეორე ეწვია. პაპს, რა თქმა უნდა, ახსოვდა, მარჯანიშვილის თეატრი, სადაც “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ” დაიდგა. შედგა პაპის შეხვედრა ქართულ ინტელიგენციასთან.

[მედეა კუჭუხიძის ხმა] “როდესაც ჩამოვიდა რომის პაპი, უკვე სპექტაკლი აღარ იდგმებოდა, თეატრში შემცირება მოხდა... მაგრამ მე პროტოკოლში ვიყავი ჩასმული, უნდოდა ჩემთან შეხვედრა. მადლობას მიხდიდა. სამასი ფოტოკორესპონდენტი იყო, მაგრამ არც ერთმა არ დააფიქსირა ეს, არც ერთმა.... მერე ვატიკანიდან გადმომიგზავნეს ეს ფოტოები.”

რომის პაპს წარმოდგენას ვერ უჩვენებდნენ. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო სპექტაკლის აღდგენა საგანგებოდ პაპის ვიზიტისთვის... თუმცა ქალბატონმა მედეამ ასეთ დეტალებზე საუბარი არ მოინდომა... იგი იმითაც კმაყოფილია, რომ ქართულად დაიბეჭდა რომის პაპის პიესა და რომ ამ ქართული წიგნის ერთი ეგზემპლარი იოანე პავლე მეორის საკუთრება გახდა:

[მედეა კუჭუხიძის ხმა] “მაშინ მოახერხა გივი შახნაზარმა, სულ რამდენიმე ეგზემპლარი დაიბეჭდა წიგნად, ჩემი წინასიტყვაობით, მივართვით... ეს წაიღო. გარდა მაგისა, წაიღო აფიშა, პროგრამა და რა სურათებიც მქონდა, ყველაფერი გავატანე. კიდევ - პოლიკარპე კაკაბაძის პიესები, რომელიც ითხოვა ქალიშვილმა, რომ პოლიკარპე სულ ოცნებობდა, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკაში ყოფილიყო მისი ნაწარმოებები. ამას როგორ არ გავაკეთებდი ჩემი საყვარელი პოლიკარპესთვის და ესენიც მივართვი.”(სტილი დაცულია)

კაროლ ვოიტილას პიესის ქართული გამოცემის შესავალში მედეა კუჭუხიძე იხსენებს იოანე პავლე მეორის ფილოსოფიურ თხზულებას “სიყვარული და პასუხისმგებლობა”... პაპის ამ სიტყვებით გვინდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი “ოქროს საუკუნეც”:

“გავრცელებულია აზრი, თითქოსდა ქორწინების თემაზე აზრის გამოთქმა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც დაქორწინებულია, ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე კი მას – ვინც თავად განიცადა... მავანმა, შესაძლოა, სასულიერო პირისთვის შეუფერებლად მიიჩნიოს სიყვარულზე მსჯელობა, არადა, სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ შემოიტანა სიყვარულის ცნების არათუ სრულიად ახალი ინტერპრეტაცია, არამედ სიყვარული – სუბსტანციად აქცია. სიყვარული, მართლაც, უმაღლესი ზნეობრივი ფასეულობაა.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG