Accessibility links

logo-print

”რუსეთი კარგავს თავის პოზიციებს პოსტსაბჭოთა სივრცეში”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა აანალიზებს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ კონფლიქტების მოწესრიგების ფონზე

და გარკვეულ ვარაუდებსაც გამოთქვამს. ამ პრობლემატიკის გარშემო გამოქვეყნებულ ორიოდე წერილზე მინდა გესაუბროთ.

6 აპრილის ”ვოენო-პრომიშლენი-კურიერის” თქმით, ”პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის რიგი პოზიციებისა და მოკავშირეების დათმობის ფონზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ლიდერებმა თავიანთი კონტაქტები გაააქტიურეს იმისათვის, რომ შექმნან ახალი ტერიტორიულ-ეკონომიკური სახელმწიფოთაშორისი წარმონაქმნი, რომელიც აუცილებლად მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ.”

გაზეთი წერს: ”ამდენად, უკრაინისა და საქართველოს ფერადი რევოლუციების ლიდერები, უერთებენ რა თავიანთ თანამეგობრობას მოლდავეთს, აპირებენ უფრო აქტიურად გადაწყვიტონ სეპარატიზმთან ბრძოლის პრობლემები პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც, გარკვეულწილად, დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ყოფნასთან კონფლიქტის ზონებში.”

”...პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის საწინააღმდეგო ფრონტის გაძლიერებას თან ახლავს საქართველოსა, მოლდავეთსა და უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ბაზების განდევნის აქტიური პოლიტიკა. მოსკოვს ჯერ არ შეუმუშავებია მკაფიო პოზიცია ამ საკითხის მიმართ და ის ცდილობს, გაწელოს ბაზების ბედთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი.”

”ეს ყოველივე მეტყველებს, რომ რუსეთი კარგავს თავის პოზიციებს პოსტსაბჭოთა სივრცეში.”

7 აპრილის გაზეთი ”გუდოკი” წერს, რომ ”ეუთოს მისიის ექსპერტებმა, რომლებიც რეგულარულად ატარებენ მონიტორინგს ამიერკავკასიაში, ერთ-ერთ უკანასკნელ ანგარიშში მეტად შემაშფოთებელი მონაცემები გამოაქვეყნეს.”

წერილის მიხედვით, ”ევროპელი პარლამენტარების ანგარიშში ... აღნიშნულია იმის მაღალი ალბათობა, რომ თბილისი შეეცდება ძალისმიერი გზით აღადგინოს კონტროლი სამხრეთ ოსეთზე.” გაზეთის აზრით, ”ძნელი არ არის ივარაუდო რა მოხდება, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა რეგიონში სერიოზულ საბრძოლო მოქმედებებს დააპირებს.”

”გუდოკი” წერს: ”ექსპერტების აზრით, სერიოზული ინციდენტების და დიდი ოდენობით ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენების შემთხვევაში, რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომლებსაც არა აქვთ მძიმე შეიარაღება, ვერ შეძლებენ საქართველოს არმიის რეგულარული ნაწილების ლოკალიზებას. რასაკვირველია, განზე არც ქართული და ოსური ნახევრად სამხედრო ფორმირებები დარჩებიან. ეს კი უკვე სრულფასოვანი რეგიონული ომის პერსპექტივაა. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილმა დემონსტრაციულად და, არსებითად, თავხედურად უარყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გონივრული წინადადება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთობლივი მოლაპარაკების ჩატარების შესახებ, უნებლიეთ მიდიხარ დასკვნამდე, რომ ამგვარი პერსპექტივა სულაც არ აშინებს ოფიციალურ თბილისს.”

10 აპრილის ”ნეზავისიმაია გაზეტას” წერილი ეძღვნება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებულ შეხვედრას, რომელიც ჟენევაში გაიმართა 7-8 აპრილს. გაზეთი ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში ირაკლი ალასანიას. კითხვაზე, რა საკითხებია თბილისისთვის პრიორიტეტული სოხუმთან მოლაპარაკებაში, ირაკლი ალასანიამ უპასუხა:

”ჩვენ შემუშავებული გვაქვს თემატიკა. პირველ რიგში, ეს არის გალის რაიონი, აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების საკითხები, მათი უსაფრთხოების გარანტიები. ყველაფერი ეს დეტალურად უნდა იყოს დამუშავებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, მათ შორის - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ, მაგრამ ამაზე დაწვრილებით საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.”
XS
SM
MD
LG