Accessibility links

logo-print

ევროკავშირი საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთოს ჩანაცვლებაზე ყოყმანობს


საქართველოს პარლამენტის სპიკერი ბრიუსელშია

და ევროკავშირის ლიდერებისგან საქართველო-რუსეთის საზღვრის უკვე ყველასთვის ცნობილ მონაკვეთზე თვალყურის დევნებაში დახმარებას სთხოვს. ადრეც მოგახსენებდით, რომ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საზღვრის მონიტორინგის მისია რუსეთის წინააღმდეგობის გამო აღარ გაგრძელდა და გასული წლის 31 დეკემბერს შეწყდა. რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს რეზოლუციას, მაგრამ ხელი არ მიუწვდება ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე. საკმარისია თუ არა ეს ფაქტორი, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის არასასურველ ნაბიჯზე წავიდეს.

ეუთოს წარმომადგენლის ამასწინანდელი კომენტარი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გახშირებული ვიზიტები ევროკავშირში იმას მოწმობს, რომ საზღვრის მონიტორინგის მისიის ეუთოს ეგიდით აღდგენა-გაგრძელება ამ ეტაპზე გამოირიცხა და მსგავსი მისიის შესრულებას ევროკავშირისგან ელიან. ეს გახლავთ ნინო ბურჯანაძის ახლანდელი ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა და ასევე იყო ერთი თვის წინ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრისას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანასთან.

რაიმე გადაწყვეტილება ამის თაობაზე ევროკავშირს არ მიუღია. ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილია ის, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს ინიციატივას ქართველი მესაზღვრეების წვრთნაში დახმარების გაწევის შესახებ. ამასთან, ცდილობს დაადგინოს რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველო-რუსეთის საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მას შემდეგ, რაც იქ ეუთოს მეთვალყურეები აღარ არიან.

აქვე სურათის სრულყოფისთვის შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს თბილისში მყოფმა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა – ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მესაზღვრეთა წვრთნის შესახებ გადაწყვეტილებას ეუთო უახლოეს მომავალში მიიღებს. თუმცა, თავად ბურჯანაძემ, როგორც პარლამენტის პრეს-სამსახური იტყობინება, კიდევ ერთხელ წაუყენა რუპელს მოთხოვნა საზღვრის მეთვალყურეობის მისიის გაგრძელების შესახებ.

იმაზე, თუ როგორ მანიპულირებს რუსეთი ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე საქართველოსთან საზღვრის თემით, არაერთხელ გვისაუბრია და ამჯერად აღარ შევჩერდები. ცხადია ერთი, რომ მეთვალყურეთა მისიის არყოფნა რეგიონში რუსეთისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ასეთი მისიის იქ არსებობა.

ნინო ბურჯანაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო არ უნდა დატოვონ. ბრიუსელში ჩვენს კორესპონდენტთან აჰტო ლობიაკასთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისგან ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ჩანაცვლებას ელის და რომ ქართველი მესაზღვრეების წვრთნაში დახმარების გაწევა არასაკმარისია, რადგან ამ სახის დახმარებას არასაკმარისი პოლიტიკური წონა აქვს:

[ბურჯანაძის ხმა]
"საზღვრის მეთვალყურეობის მისიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკური სეგმენტი იყო, რომ ის ეუთოს ეგიდით ხორციელდებოდა; რომ ეუთოს ფორუმზე საზღვრის მეთვალყურეებს შეეძლოთ განეცხადებინათ, რომ არ ხდება საზღვრის დარღვევა და რომ იქ არ არის პრობლემები. მესაზღვრეებსა და მათ ინსტრუქტორებს არ შეუძლიათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და ამიტომაც არის, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება მესაზღვრეთა წვრთნის პროექტის განხორციელებას".

ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ამ შემთხვევაში სოლანას ვგულისხმობ. როგორც ჩანს, არ არის წინააღმდეგი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მეთვალყურის მისია იკისროს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისთვის რუსეთის ფაქტორის დაძლევა მაინც უწევს: ევროკავშირის ძველი და გავლენიანი წევრები – გერმანია, საფრანგეთი და იტალია წინააღმდეგი არიან მეთვლაყურეთა მისიის შესრულებისა, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ ნაბიჯზე წასვლა რუსეთთან ურთიერთობას გაუფუჭებთ. სწორედ ამის თაობაზე ნინო ბურჯანაძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ "ერთადერთი მეთოდი, რაც დარჩენია რუსეთს, ინდივიდუალურ ქვეყნებზე ზეწოლაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ყველა წევრს და ყველა მაღალი რანგის ოფიციალურ პირს კარგად ესმის საზღვრის მონიტორინგის მნიშვნელობა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

სამშაბათს შუადღისას ნინო ბურჯანაზე ხავიერ სოლანას შეხვდა. საზღვრის მონიტორინგის გარდა შეხვედრის თემა საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანა იქნებოდა. ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ჩვენს კორესპონდენტს ბრიუსელში განუცხადა:

[ბურჯანაძის ხმა]
"ვინაიდან სტამბულის შეთანხმება ევროპის უსაფრთხოებას შეეხება და მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებასთან, რომელიც მთელს ევროპაში ჯარების შემცირებას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია ევროპის ბევრი ქვეყნისთვის, ევროპამ უფრო სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქართველებს გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია, ჩვენ არ გავაკეთებთ ამას მანამდე, სანამ რუსეთი არ გაიტანს სამხედრო ბაზებს საქართველოს ტერიტორიიდან".

ბრიუსელში ვიზიტისას ნინო ბურჯანაძე განიხილავს ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" თემასაც. აქვე გეტყვით, რომ გაყინული კონფლიქტების თემაზე ამ კვირის ბოლოს ლუქსემბურგში იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. საქართველის პარლამენტის სპიკერი თბილისში 13 აპრილს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG