Accessibility links

logo-print

მთავრობა ბიზნესთან ”ჩატეხილი ხიდის” აღდგენას ცდილობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა ბიზნესსექტორთან კოორდინირებულ მუშაობას იწყებს. ხელისუფლებასა და მეწარმეებს შორის არსებული სხვადასხვა პრობლემური

თემების განსახილველად მთავრობა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნასაც ცდილობს. ამ ტიპის საკონსულტაციო ორგანოს ჩამოყალიბების შესახებ განცხადება პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გაკეთდა.მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ტიპის კონსულტაციებსა და მუშა ჯგუფებზე ისაუბრეს მთავრობამ და ბიზნესსექტორმა.

პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის ”ჩატეხილი ხიდის” აღდგენას ცდილობს და ამ მიზნით მეწარმეებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას აპირებს. ამ კვირის დასაწყისში ნოღაიდელმა გამართა პირველი ასეთი შეხვედრა, რომელზეც მან ბიზნესმენებს ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების სამწლიანი გეგმაც გააცნო. ამ გეგმის დეტალები საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობია; სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამ ტიპის შეხვედრები კიდევ მოეწყობა და იქ განსახილველ საკითხთა სპექტრი, პრემიერის თქმით, საკმაოდ ფართო იქნება:
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”განვიხილავთ ყველა ტიპის საკითხს – ეს იქნება საკანონმდებლო, მთავრობის პოლიტიკის საკითხი, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ვერ მუშაობს, ან სახელმწიფოს პოლიტიკის საკითხი, კონკრეტული ბიზნესსექტორისათვის არსებული პრობლემა.”
პრემიერი ფიქრობს, რომ ამგვარი შეხვედრები ორმხრივად სასარგებლო იქნება, რაც, საბოლოო ჯამში, “პროგნოზირებადი გარემოს” ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თვეში დაახლოებით ერთხელ მაინც გაიმართოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები, რომელზეც მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და სახელმწიფო პროგრამების განხილვა მოეწყობა და ბიზნესსაც საშუალება მიეცემა ხელისუფლებას საკუთარი ბიზნესპროექტები წარუდგინოს.

პრემიერის გარდა, შეხვედრით ბიზნესსექტორიც კმაყოფილი დარჩა. ეკონომიკური ექსპერტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო სექტორსა და მეწარმეებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით უშუალო შეხვედრები შეიძლება საკმაოდ პროდუქტიული გამოდგეს. ასევე დაგეგმილია შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც, შეშელიძის თქმით, არ იქნება ფორმალური და სავალდებულო ორგანო.
[პაატა შეშელიძე] ”ეს არ იქნება სახელმწიფო სტრუქტურა, არ იქნება სავალდებულო სტრუქტურა, ეს იქნება ნებაყოფლობითი, შეთანხმების საფუძველზე მომუშავე, ასე ვთქვათ, საკონსულტაციო, ურთიერთანგარიშგებადი სტრუქტურა.”
ის, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგი აუცილებელია, იმავე საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც თვალნათლივ წარმოაჩინა. თუმცა ამგვარ დიალოგს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული შედეგი, რაც საქართველოში მეწარმეობის რეალურ ხელშეწყობაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და კონკურენტული ბიზნესგარემოს ფორმირებაში უნდა გამოიხატოს. თუ საკონსულტაციო ორგანომ ან სამუშაო ჯგუფმა ეს ფუნქცია არ შეიძინა, იგი შეიძლება იქცეს ისეთივე უსაგნო დანამატად, როგორიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან უკვე მრავლად არსებობს.
XS
SM
MD
LG