Accessibility links

logo-print

თბილისის მერიაში რეორგანიზაცია-შემცირების პროცესი დაიწყო


პროფკავშირებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის მერიაში თანამშრომელთა შემცირების მტკივნეული პროცესი მაინც დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, მერიის საშტატო ნუსხა 1700-დან 900 ერთეულამდე შემცირდება, ხოლო მერიის ახალ თანამშრომლებს საგანგებოდ შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს. თბილისის მერიაში იმედოვნებენ, რომ, შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის ხარჯზე, ქალაქის მართვის სისტემა საგრძნობლად გაუმჯობესდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მოსაზრებას დედაქალაქის საკრებულოში ყველა როდი იზიარებს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში თანამდებობას მერიის 1700-ვე თანამშრომელი დატოვებს. მერიისა და საკრებულოს აპარატის უფროსი გივი ორდენიძე განმარტავს, რომ ახალი საშტატო ნუსხის დადგენის შემდეგ თანამშრომელთა ნაწილს სამსახურში დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დატოვებენ.

[გივი ორდენიძის ხმა] „დადგინდება მერიის საშტატო ნუსხა და ამ ახალ თანამდებობებზე მოხდება შემცირებული რაოდენობით დანიშვნა მოვალეობის შემსრულებლად.“(სტილი დაცულია)

მოგვიანებით კი - სავარაუდოდ, ერთ თვეში - გამოცხადდება კონკურსი, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი საატესტაციო კომისია ჩაატარებს და რომელშიც მონაწილეობას მერიის ძველი, ანუ თანამდებობიდან დათხოვნილი, თანამშრომლებიც მიიღებენ. უკვე ცნობილია კომისიის თავმჯდომარის ვინაობა. ახალი თანამშრომლების მიღების პროცესს თავად თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „კომისიას, რომელიც მთლიანად ხელმძღვანელობას გაუწევს ამ პროცესს, მე ვუხელმძღვანელებ. თითოეულ სამსახურსა და გამგეობაში შეიქმნება ამ კომისიის ქვეკომისიები, რომლებიც კონკრეტულ სამსახურსა და კონკრეტულ გამგეობაში ჩაატარებენ ტესტირებას და შემდეგ, შესაბამისად, როცა ვაკანსიები გამოცხადდება, ჩაატარებს კონკურსსაც.“(სტილი დაცულია)

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტის“ წევრი კახა ძაგანია დარწმუნებელია, რომ მერიის სტრუქტურებში დაწყებული შემცირება-რეორგანიზაციის პროცესი ერთ მიზანს - მერის მეგობრების ხელისუფლებაში მოყვანას - ემსახურება:

[კახა ძაგანიას ხმა] „უკანონობაა ისიც, რომ მან თავი დაინიშნა კომისიის თავმჯდომარედ. მას თავის დროზე გაცხადებული აქვს, რომ მერიაში თანამდებობაზე არ დატოვებდა არც ერთ ადამიანს და მოიყვანდა იმ ადამიანებს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ არჩევნების გაყალბებაში, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ იმისათვის, რათა ეს ძალა მოსულიყო ხელისუფლებაში.“(სტილი დაცულია)

თუმცა მერიაში დაწყებული შემცირების პროცესი ყველაზე მეტად რიგით თანამშრომლებს აშფოთებთ. ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, მწირი ჯამაგირის მიუხედავად, სამსახური მაინც არ ეთმობა:

[მერიის თანამშრომლის ხმა]“ თქვენ რომელიმე თანამშრომელი ნახეთ და თქვით, თუ ეთმობა ვინმეს სამსახური და თუ იტყვის ვინმე, წავალო... რა ვიცი, იმედია, სამართლიანად მოხდება ყველაფერი.“

[მერიის თანამშრომლის ხმა] „კონკურსზე გამოჩნდება ყველაფერი - ვის გაუშვებენ და ვინ დარჩება.”

წინასწარი მონაცემებით, საატესტაციო კომისია მუშაობას მაისის მეორე ნახევარში დაიწყებს. მერიის თანამშრომლები კი, მართლაც, იმედოვნებენ, რომ კონკურსი სამართლიანად ჩატარდება და კომისიის შემადგენლობა გადაწყვეტილებას მიუკერძოებლად მიიღებს.
XS
SM
MD
LG