Accessibility links

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება


14-დან 23 აპრილამდე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება. ამ აქციის მთავარ მიზნად სახელდება შეგროვება ზუსტი ინფორმაციისა, რომელიც საფუძვლად უნდა

დაედოს საქართველოს ხელისუფლების ახალ პოლიტიკას. უკანასკნელად სასოფლო-სამეურნეო აღწრა საქართველოში 1984 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ქართულ ეკონომიკაში საბაზრო ურთიერთობის წესები შემოვიდა და ბევრი რამ შეიცვალა. სწორი სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკური ინფორმაციის აუცილებლობა ყველაზე მეტად მაშინ გახდა ცხადი, როდესაც ხელისუფლებამ სოფლად 20-20 ლიტრი დიზელის საწვავის საჩუქრად დარიგება გადაწყვიტა.

20 ლიტრი დიზელის საწვავის განაწილებისას უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი. ხელისუფლებამ კარგად ვერ გაარკვია, რა რაოდენობის მოსახლეობისთვის უნდა დაერიგებინა პრეზიდენტის საჩუქარი. შეგახსენებთ, რომ 600 ათასი მომხმარებლისთვის გამოყოფილი დიზელის საწვავი სოფლად მომუშავე ყველა მოსახლეს არ შეხვდა და ხელისუფლება იძულებული გახდა დამატებით 1 მილიონი ლარის საწვავი კიდევ შეესყიდა. არადა, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 589 ათასი შინამეურნეობაა. მე დეპარტამენტის თავმჯდომარეს თემურ ბერიძეს ვკითხე, თუ რატომ მოხდა ასეთი ცდომილება.

[თემურ ბერიძის ხმა] ”ძირითადად, მოხდა დაფუძნება კომლთა რაოდენობაზე. ყველა დაბაში სოფლად წარმოებს საკომლო წიგნი. ამიტომ სხვაობა ჩვენსა და მათ შორის პრაქტიკულად არ არსებობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კომლთა რაოდენობა აღწევდა 655 ათასს.”

სულ სხვა რამ განაცხადეს ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში კახეთის რეგიონში მცხოვრებმა შინამეურნეობის მფლობელებმა. ერთ-ერთ მათგანს, დავით ონიკაშვილს, მოვუსმინოთ:

[დავით ონიკაშვილის ხმა] ”მიწების გაცემის დროსაც გაყრილ კომლებს მივეცით მიწა. ახლა ეს არ გააკეთეს ამათ, სახლში მისცეს ერთი ნორმა, თუგინდ ერთ სახლში 3 გაყრილი კომლი ყოფილიყო.”(სტილი დაცულია)

ამგვარი გაუგებრობების თავიდან აცილება ზუსტი სტატისტიკური მონაცემებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ქართულ ეკონომიკაში - მასზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტი და დასაქმებული მოქალაქეების ნახევარზე მეტი.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დაგეგმვისა და მართვისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის, პროდუქციის მწარმოებლების ხელშესაწყობად და სხვა მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, ხელისუფლებას ნათელი სტატისტიკური სურათის გამოკვეთა აქვს გადაწყვეტილი.

[თემურ ბერიძის ხმა] “როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ რეფორმებზე, უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობაში ეს რეფორმები სწრაფად გატარდა. აქედან გამომდინარე, საკუთრივ სოფლის მეურნეობას საქართველოში აქვს დიდი მნიშვნელობა და, კერძოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას, რათა სწორად ავაგოთ პოლიტიკა ამ დარგში.”(სტილი დაცულია)

მოსახლეობას სტატისტიკური ინფორმაციის გაცემას კანონი ავალდებულებს, მაგრამ მათ ნაწილს სახელმწიფოსთან თანამშრომლობა მაინც აშინებს, თუმცა პირველადი სტატისტიკური ინფორმაცია კონფიდენციალურია და კანონითაა დაცული. გორის რაიონის ბერბუკის თემის საკრებულოს გამგებელს ქეთევან მარკოზაშვილს მოვუსმინოთ:

[ქეთევან მარკოზაშვილის ხმა] ”ზამთარში იყო აღწერა ჩვენთან მაგ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი მალავდა კიდეც და შიში ჰქონდა ხალხს, რომ გადასახადი არ დაგვიწესონ ამაზე...”(სტილი დაცულია)

მოსახლეობის ნაწილის ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, აღწერის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ობიექტურ შედეგებს მიიღებენ. სასოფლო-სამეურნეო აღწერის მთლიანი შედეგები 2005 წლის შემოდგომისთვის გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG