Accessibility links

logo-print

ევროსასამართლო საქართველოში უკანონოდ დაკავებულ ჩეჩნებს მიემხრო


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლის წინ საქართველოში უკანონოდ დაკავებულ 13 ჩეჩენს სახელმწიფომ საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაუხადოს.

ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება ციფრი, რომლის გადახდა რუსეთსაც მოუწევს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია და, მისი დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაკისრებული კომპენსაციის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. სტრასბურგში ნაანგარიშები თანხის, ასე თუ ისე, ვადებში გადახდის პრეცედენტი საქართველოში უკვე არსებობს, თუმცა რამდენად დააფასა თანხის მიმღებმა ადვოკატის შრომა, ეს უკვე სხვა საკითხია. მინდა ყოველივე ამის გარშემო უფრო ვრცლად მოგითხროთ.

141-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ევროსასამართლოს ვებგვერდზე 12 აპრილს საღამოს გამოქვეყნდა, საქართველოში ფრანგულიდან ჯერ ბოლომდე არცკი უთარგმნიათ. თუმცა უკვე გარკვეულია ის, რომ 3 წლის წინ საქართველოში დაკავებულ 13 ჩეჩენს, მათი ადამიანური უფლებების ხელყოფისთვის, საქართველომ - 80 500, ხოლო რუსეთმა 42 000 ევრო უნდა გადაუხადოს. პარალელურად, საუბარია სტრასბურგში ხანგრძლივად მიმდინარე პროცესის ხარჯის დაფარვაზე, რაც საქართველოსთვის - 4 ათას, ხოლო რუსეთისთვის - 12 ათას ევროს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრმა და ცნობილმა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ ჩეჩნების საქმეზე ევროსასამართლოს ჯერ კიდევ 2002 წლის 4 ოქტომბერს მიმართა, ანუ მაშინ, როდესაც ქართულმა მხარემ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული 13 ჩეჩენიდან 5 რუსეთის ფედერაციას გადასცა. დარჩენილი 8-დან კი საქართველოში კიდევ 2 დაიკარგა და, ოდნავ მოგვიანებით, ისინიც რუსეთის ხელში აღმოჩნდნენ. პატიმრობაში მყოფი 6 ჩეჩენის გათავისუფლება საქართველოში მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში მოხერხდა, რუსეთში გამწესებულები კი სასჯელს დღემდე იხდიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელენე თევდორაძეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ისეთი დარღვევებით, ჩვეულებრივი საერთაშორისო ნორმების, მოხდა მათი გადაცემა რუსეთზე, რომ აქ თავიდანვე ჩანდა, რომ ჩვენ ამ სასამართლოში წავაგებდით.” (სტილი დაცულია)

სტრასბურგში გამარჯვებას სკეპტიკურად უყურებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის, იჩქერიის, წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი:

(ხიზრი ალდამოვის ხმა) ”ვინ შეასრულებს ამას, ესეც ხომ საფიქრალია, არა?! დღეს სადა ჰყავთ ჩეჩნებს პატრონი. ჩეჩნებს ვინ რას მისცემს.” (სტილი დაცულია)

ალდამოვისგან განსხვავებით, ადვოკატი ლია მუხაშავრია დარწმუნებულია იმაშიც, რომ რუსეთი და საქართველო დაკისრებულ თანხას გადაიხდიან და რომ ევროსასამართლო ამისთვისაც იზრუნებს. სახელმწიფოებს ამისათვის სამთვიანი ვადა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძირითად თანხას საჯარიმო პროცენტებიც დაემატება. თუმცა სტრასბურგი მხოლოდ ფულის გადახდას არ ითხოვს:

(ლია მუხაშავრიას ხმა) ”უნდა გაიწეროს და ამასაც გაწერს აღმასრულებელი ორგანო ევროსასამართლოსი - რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ორივე ქვეყანაში, რომ მსგავსი დარღვევის შესაძლებლობაც კი აღარ აღმოჩნდეს მომავალში.” (სტილი დაცულია)

ამ მხრივ, საქართველოში, როგორც ჩანს, ცოტა უფრო ადრეც დაფაცურდნენ. პარლამენტმა გასულ კვირას ლტოლვილებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, ასე თუ ისე, მოიყვანა გაეროს კონვენციასთან შესაბამისობაში. ახლა თავშესაფრის მსურველ ლტოლვილებს პირდაპირ ციხეში მოხვედრის საშიშროება ნაკლებად ემუქრებათ, თუმცა, თევდორაძის თქმით, საზღვარზე მათი დაკავების რისკი ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გასულ კვირაში მიღებული ცვლილებები, საერთო ჯამში, მაინც ქმედითია:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ჩვენ რომ გვქონოდა იმჟამად მიღებული, აი, ეს კანონი, რა თქმა უნდა, ისინი არ მოხვდებოდნენ ციხეში.” (სტილი დაცულია)

გამოასწორებს თუ არა მომავალი წარსულის შეცდომებს, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, ლია მუხაშავრია თენგიზ ასანიძეს უჩივის. ასლან აბაშიძის პირად პატიმრად წოდებულმა ასანიძემ, რომლის გამოც მუხაშავრია სტრასბურგში ლამის რკინის ქალამნებით ჩადიოდა, ადვოკატს შრომა არ დაუფასა და მიღებული 155 ათასი ევროდან ერთიც კი არ გადაუხადა. იმედია, დრო საქართველოში მადლიერების გრძნობასაც მოიტანს.
XS
SM
MD
LG