Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეები კომპენსაციებს დროულად მიიღებენ


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს სამსახურიდან კომპენსაციისა და

სახელფასო დავალიანების დაფარვის გარეშე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ვერ გაათავისუფლებენ. საქმე ის არის, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომელიც მოქალაქეებს, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, კუთვნილი ორი თვის თანამდებობრივი სარგოს მიღების საშუალებას არ აძლევდა. სასამართლოში ასევე განმარტავენ, რომ აწ უკვე გაუქმებული ნორმა არ შეესაბამება სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკას, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 1997 წელს მიიღო, თუმცა სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოხელეებს სოციალური დაცვის იმ გარანტიებით, რაც კანონითაა გათვალისწინებული, დღემდე არ უსარგებლიათ. კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის წყალობით, მოქალაქეები, ფაქტობრივად, ვერ იღებენ ვერც წელთა ნამსახურობის მიხედვით ხელფასზე დანამატს და ვერც სახელფასო დავალიანებასა და, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ორი თვის თანამდებობრივ სარგოს. კომპენსაციის მიღებას, გამონაკლისის სახით, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილი თუ ახერხებს.

[მამაკაცის ხმა] „მე, მაპატიეთ, ჩემი მიწოლით იყო თუ რაღაცა, არ გამოვედი კაბინეტიდან და კომპენსაციის მიღება მხოლოდ ძალის გამოყენებით შევძელი, თორემ უამრავი ადამიანია ჩემთან ერთად დათხოვნილი სამსახურიდან და ვერაფერი აუღიათ. ჩემს მეუღლესაც ასაღები აქვს ნამსახურები... ხომ გეუბნებით, მიჭირდა უაღრესად და ამიტომ არ გამოვედი... მართლა არ ვიცი, როგორ შევძელი ამ კომპენსაციის აღება...“

თუმცა, ამ მოქალაქისაგან განსხვავებით, უმუშევრად დარჩენილ სხვა ადამიანებს ნაკლებად გაუმართლათ. საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის თავმჯდომარე ტარიელ მგელაძე აცხადებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ტრადიცია არ დაარღვია და, წინამორბედის მსგავსად, სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების სოციალური დაცვის მექანიზმის ამუშავების ვადა კიდევ ერთი წლით - ამჯერად უკვე 2006 წლის 1 იანვრამდე - გადასწია.

[ტარიელ მგელაძის ხმა] „ფაქტიურად, ანალოგიური ტრადიცია იყო წინა ხელისუფლების მხრიდანაც, რამეთუ ეს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ 1997 წლის დეკემბერშია მიღებული და ამ კანონში იყო გარკვეული დამატებითი სოციალური მექანიზმები, რომელთა ამოქმედების ვადა პერმანენტულად იწევდა.“(სტილი დაცულია)

მაგრამ შექმნილ ვითარებას არ შეეგუა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ერთი ჯგუფი. მათ, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

[მიხეილ შარაშიძის ხმა] „საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და, 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ცნო საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ის დებულება, რომლითაც მათ დავალიანების მიღება გადაუვადდათ. გადაწყვეტილებას ძირითად საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლომ დაუდო ის, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი დებულება უსამართლოდ უჭიანურებდა და ამ გზით, ფაქტობრივად, ართმევდა მოქალაქეებს დავალიანების მიღების უფლებას.“(სტილი დაცულია)

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის მიხეილ შარაშიძის თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 2006 წლის 1 იანვრამდე უნდა აღსრულდეს. იურისტი დავით უსუფაშვილი კი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი აღუსრულებლობა კანონით ისჯება.

[დავით უსუფაშვილის ხმა] „საკონსტიტუციო სასამართლომ თუ დაადგინა რაიმე საკითხი და რამე გადაწყვიტა, მისი არაღსრულება არ შეიძლება და თუ ვინმე არ ასრულებს, ეს ისჯება კანონით. ამიტომ სამართლებრივი კომენტარი არის ასეთი: ეს უნდა შესრულდეს, სხვა ინსტანცია აღარ არსებობს ამ საქმეში!“

ერთი სიტყვით, მთავრობამ უახლოეს მომავალში სამსახურიდან გათავისუფლებულ ათიათასობით ადამიანს კანონით გათვალისწინებული ფულადი დახმარება უნდა გაუწიოს. და კიდევ: საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, საბიუჯეტო სექტორში შტატების შემცირება აღარ იქნება ფულის დაზოგვის ყველაზე ეფექტური საშუალება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG