Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ხდება, რომ ეუთოსა და დსთ-ს დამკვირვებლები იშვიათად ეთანხმებიან ერთმანეთს არჩევნების შეფასებაში


აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების შეფასებაში ეუთო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ერთმანეთის სასტიკი კონკურენტები არიან.

ორივე ორგანიზაცია რეგულარულად გზავნის ჯგუფებს, რომ დააკვირდნენ არჩევნებს და გამოიტანონ ვერდიქტი, შეესაბამებოდა თუ არა ხმის მიცემის პროცესი დემოკრატიულ სტანდარტებს. მაგრამ ამ ჯგუფების შეფასებები ერთმანეთს იშვიათად ემთხვევა. რატომ?

შარშან ნოემბერში, ვიდრე ეუთოს დამკვირვებელთა მისია საკუთარ ვერდიქტს გამოაქვეყნებდა, ვითარება უკრაინის დედაქალაქში დაძაბული იყო. უკმაყოფილება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდის დროს დაშვებულმა გაყალბებებმა გამოიწვია. დიდი იყო საშიშროება დაპირისპირებისა და სისხლისღვრის. სწორედ ამ დროს ეუთოს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ბრუს ჯორჯმა შემაჯამებელი შეფასება გამოაქვეყნა:

[ბრუს ჯორჯის ხმა] ”უკრაინის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, ეუთოს შეფასებით, უმრავლეს შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ეუთოსა და ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და შორს იდგა ევროპული სტანდარტების დემოკრატიული არჩევნებისაგან.”

თუმცა, თითქმის იმავე დროს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დამკვირვებელთა ჯგუფმა ცნო არჩევნების ”ლეგიტიმურობა.” აი, რა განაცხადა რუსეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ რუშაილომ, რომელიც დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა უკრაინაში:

[ვლადიმირ რუშაილოს ხმა] ”რა თქმა უნდა, ცალკეულ დარღვევებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ არა გვგონია, რომ ამ ფაქტებს რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოეხდინა მოქალაქეების არჩევანის თავისუფლებაზე.”

უკრაინა მხოლოდ ერთ-ერთი დრამატული მაგალითია და ადრე იგივე ხდებოდა ყოფილი აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში - რუსეთში, ჩეჩნეთში, ბელორუსეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. ანუ ეუთო ერთს ამტკიცებდა, დსთ კი - მეორეს.

მთავარი პრობლემა კი იმაშია, რომ არჩევნების დამკვირვებლები, ერთგვარად, მაღალი დონის თამაშის მონაწილეებად იქცნენ. რეგიონის ცვლილებაში არჩევნები ხომ მთავარი კატალიზატორის როლს ასრულებს. არჩევნების ცუდად შეფასებას შეუძლია მთავრობის დამარცხება გამოიწვიოს. თანაც, მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლითაც ეუთოს დამკვირვებლები ხელმძღვანელობენ, გაცილებით უფრო სკრუპულოზურია, ვიდრე - დსთ-ისა. ეუთო არჩევნებამდე 6 კვირით ადრე ქვეყანაში სამ სხვადასხვა დამკვირვებელთა ჯგუფს გზავნის, რომლებიც არჩევნებს შვიდი კრიტერიუმის თანახმად აფასებენ. მათ შორისაა: გამჭვირვალობა, თანასწორობა, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება. ჰრაირ ბალიანი ვარშავაში არსებული ეუთოს არჩევნების დამკვირვებელთა მისიის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელია.
[ჰრაირ ბალიანის ხმა] ”დამკვირვებლების მუშაობა მოიცავს წინასაარჩევნო სამზადისს, საარჩევნო კომპანიისა და არჩევნების სამართლებრივი ბაზის შესწავლას, არჩევნების დღეს მომხდარი ფაქტების აღნუსხვას და შედეგების შეფასებას ნაციონალურ დონეზე.”

დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფებს მუშაობის მცირე გამოცდილება აქვთ - თანამეგობრობის წევრი ქვეყნების შეთანხმებით, ასეთი ჯგუფი მხოლოდ 2002 წლიდან ფუნქციონირებს. კრიტიკისადმი დსთ-ს მგრძნობიარე დამოკიდებულება კი მოსკოვის ხელში პროპაგანდის იარაღად იქცევა და ასეთ დროს ხაზი იმას ესმება,რომ დსთ-ს წევრი ქვეყნების დამკვირვებლებს უფრო მეტი კულტურული და ენობრივი კავშირი აქვთ ქვეყანასთან, სადაც ისინი არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩადიან. თავის დროზე, ამ უპირატესობაზე ყურადღებას ამახვილებდა სულეიმან იმანბაევიც, ყირგიზეთის ყოფილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
[სულეიმან იმანბაევი] ”იმ ფაქტს, რომ ჩვენთან დამკვირვებლებად ჩამოდიან დსთ-ს წარმომადგენლები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრაქტიკული და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ერთი და იმავე ისტორიული წარსულიდან მოვდივართ, ერთნაირი მენტალიტეტი და კულტურა გვაქვს და როცა დამკვირვებელი თარჯიმნის გარეშე მოდის, მისი დაკვირვება და აღქმა უფრო ობიექტური იქნება.”

რა თქმა უნდა, ეუთოს დამკვირვებლებს ნაკლები შეხება აქვთ იმ ქვეყნებთან, სადაც ისინი მონიტორინგს ატარებენ. მაგრამ როგორც ეუთოს არჩევნების დამკვირვებელთა მისიის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი ჰრაირ ბალიანი ამბობს, დამკვირვებელთა შემდგომი წვრთნითა და მომზადებით, ამ ვაკუუმის ამოვსება სავსებით შესაძლებელია. თუმცა სიყალბეს რომ სიყალბე ეწოდოს, ამისთვის სრულიადაც არ არის საჭირო კულტურისა და ენის ცოდნა. ამასთან, ეუთოს მისია ყოველნაირად ცდილობს, რომ მეტი საერთაშორისო წონა და ავტორიტეტი შეიძინოს, მაშინ როდესაც უკრაინაში არჩევნების მცდარმა შეფასებამ დიდად დააზარალა დსთ-ს მონიტორინგის მისია. ბალიანის თქმით, წარსულში რამდენჯერმე იყო მცდელობა, ჩაერთოთ დსთ-ს დამკვირვებელთ ჯგუფი ეუთოს მისიის შემადგენლობაში, მაგრამ ამ მცდელობას შედეგი ჯერჯობით არ მოჰყოლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG