Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა სამინისტროდან განმარტებებს ელის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნებიდან გამოწვევის ოფიციალური

შეტყობინება გაუგზავნა ორ ელჩს - ბენელუქსის ქვეყნებსა და ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს და საქართველოს ელჩს ნატოში დავით დონდუას. ვინ გახდება საქართველოს ელჩი ნატოში, ჯერჯერობით არ სახელდება. რაც შეეხება ბენელუქსის ქვეყნებსა და ევროკავშირს, მომავალი ელჩის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეულია და იგი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი იქნება. სალომე სამადაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ნინო ბურჯანაძის კვოტით მოხვდა. შესაბამისად, მისი კანდიდატურით გაღიზიანებას არ უნდა უკავშირდებოდეს ის უწყებრივი უთანხმოება, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაჩნდა და რომელიც კოტე ზალდასტანიშვილისა და დავით დონდუას გამოწვევამ განაპირობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება უკავშირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ერთდროულად, როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი - დიპლომატიური ნორმების დარღვევას:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]” არც დიპლომატიურ პრაქტიკაში, არც ელემენტარულ დიპლომატიურ ნორმებში არ წერია არსად, რომ როდესაც ვიზიტია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ახლავს ელჩი შეხვედრაზე, აცნობო ელჩს, რომ ის გამოწვეულია.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, განმარტებებს ითხოვს ქვეყნის პრეზიდენტისგანაც. სალომე სამადაშვილის ბენელუქსის ქვეყნებსა და ევროკავშირში ელჩად დანიშვნა უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სუბიექტურ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე სამადაშვილი პარლამენტში ნინო ბურჯანაძის კადრად ითვლება, პრეზიდენტმა, თუ შეიძლება ითქვას, მაინც თავისი გაიტანა. ნინო ბურჯანაძემ კი მოგვიანებით შენიშნა, რომ ამიერიდან იგი აღარ დაუჭერს მხარს პარლამენტიდან აქტიური ადამიანების გადინებას და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს პროფესიონალების გარეშე დატოვებას.

[სალომე სამადაშვილის ხმა]” მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი რეაქცია, რომ როდესაც პარლამენტიდან მიდის კადრი, რომელიც რაღაცაში მონაწილეობდა, რაღაცა საქმიანობას ეწეოდა, ამას გულდაწყვეტით უყურებდეს ის ადამიანი, ვისთვისაც, ამ უწყების - ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს - მომავალი არის მნიშვნელოვანი.”(სტილი დაცულია)

სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და განათლების კომიტეტის წევრია. იგი ადასტურებს, რომ მისი ბენელუქსის ქვეყნებსა და ევროკავშირში ელჩად წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. მისი ელჩობის კანდიდატად წარდგენის ოფიციალური დოკუმენტი პარლამენტში 12 აპრილს მოხვდა. პარლამენტი უკვე შეუდგა კანდიდატურის განხილვის პროცედურას. 14 აპრილს სალომე სამადაშვილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოუსმინა, 15 აპრილს იგი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარდგება, მომავალ კვირაში კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. მოწინააღმდეგეები, სავარაუდოდ, მას პრაქტიკულად არ ეყოლება. ზოგადად კი, ბენელუქსის ქვეყნებსა და ევროკავშირში ელჩის როტაცია უმტკივნეულოდ და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ჩაივლიდა, რომ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს აჩქარება და ელჩების გამოწვევა სწორედ იმ დროს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტად იმყოფებოდა. რატომ მოხდა ეს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად არც საზოგადოებას განუმარტა და არც პარლამენტის თავმჯდომარეს. რაც შეეხება ჩვენს მცდელობას, აღნიშნულის თაობაზე რაიმე ინფორმაცია მიგვეღო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღესაც დაადასტურა, რომ იგი პრესისა და ინფორმაციის საშუალებებისათვის საგულდაგულოდ ჩაკეტილი უწყებაა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მომხდარი ფაქტი უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკთა დაუდევრობის შედეგი უნდა იყოს, ვიდრე კონფლიქტის, რომელიც პოლიტიკურ შეფასებებს იმსახურებს. კოტე ზალდასტანიშვილმა და დავით დონდუამ როტაციისთვის განსაზღვრული ვადა ამოწურეს. ისინი ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული ელჩები იყვნენ. სახელისუფლებო რეალობის გარდა, შეიცვალა პოლიტიკური რეალობაც -საქართველო ევროკავშირსა და ნატოსთან პარტნიორობის ახალ გეგმებს სახავს. შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს თუნდაც ასოცირებულ წევრად გაერთიანების პატივი ელჩების რანგში უკვე ახალ სახეებს ექნებათ.
XS
SM
MD
LG