Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგი მოიტანა საქართველოში მიმდინარე მასშტაბურმა პრივატიზაციამ


საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტი 452 მილიონი ლარით იმ იმედით გაზარდა, რომ მის შევსებას მასშტაბური პრივატიზაციიდან მიღებული თანხებით მოახერხებდა.

მასშტაბური პრივატიზაცია თანდათან იკრეფს ტემპს, თუმცა შემოსავლები ისეთი არ არის, რომ გაზრდილი ბიუჯეტის ამბიციები დააკმაყოფილოს. მინდა პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობისა და იქიდან მობილიზებული თანხების მოცულობის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 14 აპრილს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კიდევ 5 ობიექტის გაყიდვის მიზნით, აუქციონი გამართა. აუქციონზე გატანილი ობიექტების საერთო ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ასეთი აუქციონები თითქმის ყოველი კვირის ხუთშაბათს ტარდება და მასზე გატანილი ობიექტების უმრავლესობა უპრობლემოდ იყიდება. მიუხედავად ამისა, აუქციონებიდან მიღებული შემოსავალი ისეთი არ არის, რომ 452 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის მოლოდინს შეესაბამებოდეს.

[ილია გოცირიძის ხმა] ”2004 წელში შესულია 71 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში და 2005 წელში უკვე, დღეის მდგომარეობით, არის 30 მილიონი ლარი შემოსული. თუმცა ეს პროცესი გრძელდება იმის გამო, რომ წინა პერიოდში აღებული ვალდებულებები ამ წელში გადმოვა და თანხობრივად მოიმატებს.”(სტილი დაცულია)

ეს არის ილია გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. მან ჩემთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო აუცილებლად შეასრულებს ბიუჯეტით ნაკისრ ვალდებულებებს. ბიუჯეტის შესრულება რომ მოხერხდება, ამ აზრს ეკონომიკის ექსპერტი რეზო საყევარიშვილიც იზიარებს, თუმცა მას არ მოსწონს ის, რა ფორმითაც პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. საყევარიშვილის თქმით, მცირე ობიექტების პრივატიზაცია, მეტ-ნაკლებად, გამჭვირვალედ წარიმართა.

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”რასაც, ალბათ, ვერაფრით ვერ ვიტყვით ჩრდილოვან პრივატიზაციაზე, რომელიც უფრო მეტად დაფარულად მიმდინარეობდა და, ამის შედეგად, ჩვენ დღეს არც ერთი მსხვილი საპრივატიზაციო გარიგება დასრულებული არ გვაქვს.”

რეზო საყევარიშვილს არც პრივატიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გეგმები მოსწონს.

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”თავად პრივატიზაციიდან მიღებული თანხების განკარგვაც იწვევს ეჭვს. გაზრდილი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მოდის პრივატიზაციიდან შემოსულ თანხებზე და, როგორც წესი, ეს თანხები არ მიიმართება, როგორც წინასწარ იყო ნათქვამი, სხვა საპრივატიზაციო ობიექტების რეაბილიტაციაზე და შემდგომ მათ გასაყიდად გამოტანაზე მაღალ ფასად. შესაბამისად, პრივატიზების პროცესი ამ კითხვის ნიშნების თანხლებით მიმდინარეობს და რაიმე წარმატებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.”

როგორც ცნობილია, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებით თავდაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სფერო, ჯანდაცვის სისტემა და კიდევ სხვა მიმდინარე ხარჯები დაფინანსდება. არადა, მასშტაბური პრივატიზაციის ავტორი, სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, პრივატიზაციის პროცესის დაწყების წინ სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხებით საშვილიშვილო საქმეების წამოწყებას აპირებდა.

[კახა ბენდუქიძის ხამა] ”არის ეგეთი მცნება ქართული, საშვილიშვილო საქმე გააკეთაო. ჩემის აზრით, ამ პრივატიზაციიდან შემოსული თანხები უნდა მოხმარდეს საშვილიშვილო საქმეებს და არ უნდა დაიხარჯოს ყოველდღიურ ფუყე ხარჯებში.”(სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, კახა ბენდუქიძის შეხედულებებს ხარჯვით პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში ბევრი არ იზიარებს. შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რა მოხდება მას შემდეგ, რაც საპრივატიზაციო ობიექტები ამოიწურება და ბიუჯეტი გაზრდილი ხარჯების დაფინანსების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG