Accessibility links

logo-print

”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროს ლიცენზირების შესახებ'' კანონპროექტი არც პარლამენტს მოსწონს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროს ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტს, ბიზნესმენების გარდა, პარლამენტიც იწუნებს. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ეს პროექტი

ეწინააღმდეგება ლიცენზირების სისტემის მაქსიმალურად გამარტივების სულისკვეთებას, მთავრობა კი შიშობს, რომ თუ ამ სფეროს ლიცენზირება მის მიერ შემოთავაზებული სქემით არ წარიმართა, ბიუჯეტი შემოსავლებს დაკარგავს. რას ითვალისწინებს კანონპროექტი და რა პრეტენზიები აქვთ მის მიმართ მეწარმეებსა და პარლამენტარებს?

პარლამენტმა ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროს ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტი, ფაქტობრივად, დაბლოკა. კანონმდებლებს მიუღებლად მიაჩნიათ აღნიშნული კანონპროექტის პრინციპი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს იმპორტის რეალიზაციისა და ამ საქონლის გადაზიდვის ლიცენზირებას ითვალისწინებს, და მთავრობას პროექტის უკან გატანას ურჩევს.
მთავრობას პროექტის უკან გათხოვის პერსპექტივა არ ხიბლავს და მზად არის, პარლამენტართა მიერ გამოთქმული შენიშვნები განიხილოს. ”ჩვენ გვჭირდება არგუმენტირებული პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით და ალტერნატიული წინადადებები, რომელთა განხილვაზე თანახმა ვართ, თუმცა სააქციზო საქონლის მოძრაობაზე კონტროლი აუცილებელია, რადგან აქციზური საქონლიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლის ნახევარია,“ - ასეთია მთავრობის პოზიცია.
თავის მხრივ, პროექტი მიუღებელია ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვისაც, რომლებიც ლიცენზირების მექანიზმში ბაზარზე მონოპოლისტების გაჩენის საშიშროებას ხედავენ. ამ პოზიციას იზიარებს ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ, კანონპროექტით, ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს იმპორტისა და წარმოების სფეროში მხოლოდ ერთეული კომპანიები დარჩებიან, რაც, თავის მხრივ, საბიუჯეტო შემოსავლებს მკვეთრად დაეტყობა.
[ნიკო ორველაშვილის ხმა] “თუ აქამდე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა რიცხვი ქვეყანაში შეადგენდა, ვთქვათ, სიტყვაზე, იქსს, დღეს ეს “იქსი” უნდა დავიყვანოთ მეათედზე, მეასედზე. დავტოვოთ ერთი-ორი ფავორიტი კომპანია, რომელსაც მერე ვიღაც დაინტერესებული ჯგუფები გააკონტროლებენ, ხოლო დანარჩენი უნდა მოვიშოროთ ბაზრიდან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ეკონომიკა - ყოველ შემთხვევაში, მისი საბიუჯეტო შემოსავლების ნახევარზე მეტი - დამოკიდებულია იმპორტზე.”(სტილი დაცულია)
ბიზნესმენთა და კანონმდებელთა პოზიციას ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც, მით უმეტეს, რომ საკანონმდებლო ორგანომ სულ ახლახან ”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონი” მიიღო, ამჟამად განსახილველი პროექტი კი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის როგორც ამ კანონთან, ისე პრეზიდენტის ”რევოლუციურ ინიციატივასთან”.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ქვეყანა ლიბერალიზაციის გზით წავიდეს და ლიცენზირება იყოს მხოლოდ იქ, სადაც ეს აუცილებელი გახლავთ. პარლამენტმა წინა კვირას მიიღო ”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც, ამ მხრივ, ძალიან ლიბერალური კანონპროექტი გახლავთ და ამ კვირაში პრაქტიკულად ყველა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა მისცა ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროს ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტს, რომლის სულისკვეთებაც ეწინააღმდეგებოდა წინა კვირას მიღებულ კანონს და იმას, რაც დღეს ბრძანა პრეზიდენტმა.”

ამდენად, ”ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროს ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტის მიმართ დამოკიდებულება გამოკვეთილია - ეს პროექტი არც პარლამენტარებს მოსწონთ და არც ბიზნესმენებს. ერთადერთი, ვინც პროექტის უკან გახმობას ეწინააღმდეგება, აღმასრულებელი ხელისუფლებაა, თუმცა ლიცენზიებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ცალსახად დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, სავარაუდოა, რომ მთავრობას დათმობაზე წასვლა მაინც მოუხდეს.
XS
SM
MD
LG