Accessibility links

logo-print

თბილისში რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გრძელდება ქართულ-რუსული მოლაპარაკება სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,

რუსეთი ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების სრული გაუქმებისათვის საქართველოს სამწლიან ვადას სთავაზობს. ოფიციალურად კი შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ კომენტარები არ კეთდება. ქართული ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ეცდება ბაზების გაუქმების ვადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, უფლებამოსილების ამოწურვამდე გადადოს.

სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკების პირველ დღეს შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ მედიისათვის კომენტარები არ გაკეთებულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ორდღიანი მოლაპარაკება დახურული ფორმატით მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე რუსეთის დიპლომატიური უწყების საგანგებო დავალებათა ელჩ იგორ სავოლსკისთან ერთად ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაუქმების ვადებთან დაკავშირებით რუსეთის ახალ წინადადებებს იხილავს. კულუარული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი თბილისს ბაზების გაუქმებისათვის სამწლიან ვადას სთავაზობს. თუმცა ამის შესახებ საჯაროდ საუბარს მხარეები თავს არიდებენ. მოლაპარაკების დაწყების წინ რუსი დიპლომატი იგრო სავოლსკი დიპლომატებისათვის ჩვეული კომენტარით შემოიფარგლა:

[იგორ სავოლსკის ხმა] “ჩვენ ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით საკითხების ძალზედ ფართო წრე გვაქვს, რადგან აქ წარმოიქმნება ტექნიკური, საორგანიზაციო, იურიდიული და სხვა სახის თემები. ეს ყველაფერი შესათანხმებელია. მათ შორის, ვადებიც, თუმცა ვადები ამ საკითხების მოგვარებაზეა დამოკიდებული. ეს მთელი კომპლექსია და ეს უნდა განვიხილოთ.”

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ რუსულ მხარეს განზრახული აქვს ბაზების გაუქმება ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისათვის გადადოს:

[სალომე სამადაშვილის ხმა] “გასაგებია, რომ მათთვის არ არის მისაღები გაყვანა ბაზების უახლოესი ექვსი თვის მანძილზე, ან ერთი წლის მანძილზე. რადგან მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად დაუახლოონ ბაზების გაყვანის პერიოდი შემდეგ საარჩევნო ციკლს რუსეთში. ალბათ, ეს სამწლიანი ვადა აქედანაც გამომდინარეობს.” (სტილი დაცულია)

მისაღები იქნება თუ არა საქართველოსათვის რუსეთის ახალი, როგორც თავად რუსი დიპლომატები უწოდებენ, რეალური წინადადებები, ეს, ალბათ, უახლოეს დღეებში გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში, ახლოვდება საქართველოს პარლამენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მიღებული ულტიმატუმის ვადა. თუ ათ მაისამდე მოსკოვმა და თბილისმა ბაზებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შეძლეს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ბაზები კანონგარეშედ გამოაცხადოს და 2006 წლის 1 იანვრამდე რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორია დაატოვებინოს.
XS
SM
MD
LG