Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა ნაირგვარი მოვლენებით იყო დატვირთული და ქართული პრესაც ცდილობდა აესახა და შეეფასებინა ისინი. პრესის მიმოხილვაში ყველა ამბავს ვერ გავწვდებით, მაგრამ ზოგ მათგანს ნამდვილად წარმოგიდგენთ;

აგრეთვე გაგაცნობთ კომენტარებს, ასევე მნიშვნელოვან ფაქტებსა და ტენდენციებს რომ ეხება: ურბანული განვითარება, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი, სიახლეები უმაღლესი განათლების სისტემაში, ეთნიკური დაძაბულობა ქვემო ქართლში, შიდაპოლიტიკური ბრძოლები... ამ თემებს ეხება ქართული ბეჭდური მედიის დღევანდელი მიმოხილვა.

გასული კვირის პრესა ერთხანს კიდევ ეხმაურებოდა წინა კვირიდან გადმოყოლილ სკანდალს: ფინანსური პოლიციის ჩინოსანთა თაფლმწვეთელ მეტყველებას, რომლის სატელეფონო ჩანაწერიც სწრაფად გავრცელდა ტელეეთერით. ტელეფონით საუბრისას ფინანსური პოლიციის უფროსი კეზერაშვილი უხამსად იხსენიებდა თავის უფროსს, ვალერი ჩეჩელაშვილს. გაზეთი “ახალი თაობა” წერდა: “ფინანსთა მინისტრი ჩეჩელაშვილი ირწმუნება, რომ კეზერაშვილი ცამდე მართალია და უცენზურო აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია. პრაქტიკულად აუდიოჩანაწერი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა. ეს მისი დავალებით გაკეთდა და როგორ მოხვდა მასალა ოპოზიციური ჯგუფის ხელში, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს – დავალება გაცემული აქვს ვანო მერაბიშვილს.”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსალოდნელ ვიზიტს ეხმიანება გაზეთი “კვირის პალიტრა”: “ბუშის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ყურადღება და მონიტორინგი უფრო გამკაცრდება იმის გამო, რომ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული წარუმატებლობისა და გადაცდომის შემთხვევაში, ბუშს პასუხს თავისივე ოპოზიცია მოსთხოვს. როცა ამერიკის პრეზიდენტი ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადის, ეს ნიშნავს უდიდეს მხარდაჭერას, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის პრეზიდენტი ქართველი პოლიტიკოსების “პიარ-მასკარადში” მთავარ როლს შეასრულებს. როგორც წესი, პრეზიდენტები ასეთი ვიზიტების დროს კონკრეტულ, შინა ან გარე, პოლიტიკურ საკითხებს არ წყვეტენ ხოლმე. ამ დროს უფრო პოლიტიკური ნების დაფიქსირება ხდება. თუმცა ამერიკის პრეზიდენტს უამრავი დარგის ექსპერტებისა და მრჩევლებისაგან შემდგარი არმია ჩამოჰყვება, რომლებიც საქართველოში მანამდე მიღებულ ინფორმაციას ადგილზე დააზუსტებენ და შეავსებენ,” – წერს “კვირის პალიტრა”.

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში რამდენიმე სიახლის შესახებ აქვეყნებს წერილს გაზეთი “ალია”. ერთი ფრაგმენტი: “ბაკალავრიატის დამთავრებისას დიპლომის ასაღებად, მეოთხე კურსის დასახური გამოცდების გარდა, აუცილებელი იყო სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება, თუმცა წელს სახელმწიფო გამოცდები მოიხსნა. იცვლება მაგისტრატურაში მიღების სისტემაც. აქამდე, ვისაც მაგისტრატურაში ჩაბარება სურდა, დადებით როლს ბევრი ფაქტორი ასრულებდა. თუ ჯგუფხელი იყავი, სტუდენტურ დღეებში მონაწილეობდი, იყავი სპორტსმენი, აქვეყნებდი პუბლიკაციებს, თავისუფლად აჯობებდი ხუთოსან სტუდენტს, რომელიც ზედმეტი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, და მაგისტრატურაშიც უგამოცდოდ და უფასო სექტორზე მოხვდებოდი. ახლა მთავარია, აიღო წარჩინების დიპლომი. ეს მაშინ მოხდება, თუ შენი ნიშნების 75% ფრიადია. ძველი სისტემით, თუ რომელიმე საგანში კურსზე “სამი” ან “ოთხი” გქონდა, შეგეძლო, იგივე საგანი მეოთხე კურსის ბოლოსაც ჩაგებარებინა და დიპლომშიც იმ ნიშანს ჩაგითვლიდნენ, რასაც მიიღებდი. ამიერიდან ეს კატეგორიულად იკრძალება,” – წერს გაზეთი “ალია”.

სულ მალე თბილისში ახალი ქალაქი აშენდება. ეს იქნება ქალაქი ქალაქში, ისევე როგორც ლონდონში დოკლენდი. პროექტი თითქმის შეთანხმებულია და მის რეალიზებას ხელს აღარაფერი უშლის, – აუწყებს მკითხველს გაზეთი “ხვალინდელი დღე” და განაგრძობს: “თბილისი სიტის იდეა ის არის, რომ თავად სიტი მტკვრის მარცხენა სანაპიროს ერთ კვადრატულ კილომეტრზე განლაგდება, სადაც 100-150 ათასი კვადრატული მეტრის საოფისე ფართის მშენებლობა იგეგმება. ქალაქის აღნიშნული ნაწილი ქვეყნის ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს. ამ ტერიტორიაზე განთავსდება წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისები, ბანკები, სასტუმროები და ა.შ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომებითა და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში თბილისს პრეტენზია ექნება, კავკასიის ფინანსური და საქმიანი ცენტრი გახდეს.”

“რევოლუციის ღალატი არ შეიძლება!” – ძახილის ნიშნიანი წინადადებით მიმართავს მკითხველებს გაზეთი “რეზონანსი”: “დღეს ქვეყანაში უდავოდ კრიზისული სიტუაციაა. ჩვენმა მთავრობამ ვარდების რევოლუციის წლინახევრის თავზე ბევრ იმ ძირეულ პრინციპს შეაქცია ზურგი, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდა. დემოკრატიის ხარისხმა ქვეყანაში აშკარად იკლო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კერძო - კრიტიკული, მაგრამ, ამავე დროს, ყვითელი - პუბლიკაცია და რამდენიმე სატელევიზიო არხს აქვს საშუალება, პატარა საყვედური მაინც უთხრას ხელისუფლებას, დღევანდელი საქართველო დემოკრატიულობის ხარისხით, აშკარად, უფრო ჰგავს ბრეჟნევისა და ანდროპოვის დროინდელ საქართველოს, სსრ-ს, სადაც ხუთწლედის გმირებს კირკიტაძეები და კეზერაშვილები ცვლიან და სადაც სამხედრო პოტენციალის მშენებლობა პრიორიტეტულ ამოცანად არის გამოცხადებული. ფულის გამოძალვა ახლა გარკვეული სამხედრო სტრუქტურების არსენალში პრაქტიკულად ერთადერთი იარაღია. ჯერ კიდევ არ არსებობს საზოგადოებრივი ტელევიზია. მისი არქონა რევოლუციის გზიდან ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადახვევაა. მთავრობას არა აქვს უფლება, ზედმეტად იყოს გატაცებული პიარ-მაქინაციებით და საქმის ვითარება არ გამოასწოროს.” – აი, ასეთ შეფასებებს წაიკითხავთ გაზეთ “რეზონანსში”.

ადამიანურ ვნებათა ჯანყი წალკაში – ასე ჰქვია “ახალ 7 დღეში” გამოქვეყნებულ წერილს. მიმოხილვას გაზეთი 90-ანი წლების ბოლოდან იწყებს, როცა სტიქიით დაზარალებული აჭარიდან ეკოლოგიური დევნილები ხელისუფლებამ წალკაში ჩაასახლა: “წალკელი სომხები მუსლიმან აჭარლებს თურქებად მიიჩნევდნენ – ამ საბაბით წინ აღუდგნენ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას და აჭარლების ამ მიწაზე დამკვიდრებას ომი გამოუცხადეს. თუმცა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არ შედგა – ოფიციალურმა თბილისმა სწორი ტაქტიკური პოლიტიკა აირჩია: წალკელ სომხებს უხსნიდნენ და აჯერებდნენ, რომ აჭარლებს საერთო არაფერი ჰქონდათ სომხების ისტორიულ მტრებთან – თურქებთან; რომ აჭარლები იყვნენ ეთნიკური ქართველები, რომელთაც მხოლოდ აღმსარებლობა ჰქონდათ განსხვავებული – მუსლიმანური. ამის შემდეგ ცენტრალურმა პოლიტიკამ წალკა და მისი მცხოვრებლები ერთმანეთს შეატოვა. არავის უფიქრია, რომ ერთ გარემოში ორი განსხვავებული ეთნოსის, ტრადიციის, კულტურის ადამიანთა თანაცხოვრების პროცესს სწორად წარმართვა სჭირდებოდა. დაპირისპირება წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო დაიწყო, შემდეგ იგი ნელ-ნელა იქცა ეთნიკურ დაპირისპირებად, რომელიც სასტიკ შეურიგებლობაში გადაიზარდა და დღემდე პერმანენტულ ხასიათს ატარებს,” – წაიკითხავთ გაზეთ “ახალ 7 დღეში”.

ადამიანური თანაგრძნობის ჩანასახები დმანისიდან: ქართველი მეცნიერების აღმოჩენა კვლავ ყურადღების ცენტრშია, - ამცნობს მკითხველებს გაზეთი “24 საათი”. ის ეხმიანება დმანისში აღმოჩენილ თავის ქალას, რომელიც უკბილო მოხუც ჰომინიდს ეკუთვნის და 1 მილიონ რვაასი ათასი წლისაა. “ნიმუშს არც ერთი კბილი არა აქვს. ყველა კბილის ბუდე გაწოვილია და ამოვსებულია ძვლებით, რომლებიც ცარიელ ადგილებში გაიზარდნენ სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე. ეს ატროფია მიუთითებს ავადმყოფობაზე ან სიბერეზე და ნიშნავს, რომ ეს ცალკეული წარმომადგენელი გადამუშავებული საკვების მიღებას საჭიროებდა. როგორ გადარჩა უკბილო მოხუცი, რომელსაც თავისი საკვების დაღეჭვა არ შეეძლო? სავარაუდოდ, ზამთარში, როცა მცენარეული საკვები არ მოიპოვება, თავის გადასარჩენად მოხუცს სხვა ინდივიდებზე დაყრდნობა უწევდა, რომელთაც მიჰქონდათ უუნარო მოხუცისათვის ხორცის პატარა ნაჭრები. ეს კი სოციალური თანამშრომლობის ახალი საფეხურია და, შესაბამისად, თანაგრძნობისა და ზრუნვის მაგალითი, რაც ადამიანური ქცევის ნიშანია,” - წერს “24 საათი”.
XS
SM
MD
LG