Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს


ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც თბილისში 13 აპრილს გვიან ღამით ჩამოვიდა, ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

და ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება აინტერესებს. 15 აპრილს, დილიდან, სტუმარი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდა, საღამოს კი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. ოდნავ მოგვიანებით ტერი დევისი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის იუბილეს დაესწრო და ხსენებული სკოლის დირექტორს, არმაზ ახვლედიანს, ვროპის საბჭოს მედალი გადასცა. ასეთი ფაქტი საქართველოში პირველად მოხდა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო კანცელარია კომენტარის გარეშე დატოვა. გავრცელებული ცნობით, მათი საუბარი ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, კონფლიქტურ რეგიონებს, ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებების დაცვასა და მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების საკითხებს შეეხებოდა.

სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი, რომელიც (ევროსაბჭოს მითითებით) 2011 წლამდე უნდა გადაწყდეს, წარმოადგენდა ტერი დევისისა და გიორგი ხაინდრავას საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემასაც:

(გიორგი ხაინდრავას ხმა) ”მე დაწვრილებით მოვახსენე ის, თუ რა ხდება დღეს, ამ ეტაპზე. ვითარება არის საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, აბსოლუტურად პრინციპულად, დაწყება ამ საკითხის გადაწყვეტის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მყარი პოზიცია.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრამ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა:

(ტერი დევისის ხმა) ”სახელმწიფო მინისტრთან გულახდილი და საინტერესო საუბრით კმაყოფილი ვარ. როდესაც სტრასბურგში დავბრუნდები, კოლეგებს მოვუწოდებ, რომ საქართველოს დახმარება გაუზარდონ.”

ტერი დევისის მიერ ნახსენებ დახმარებაში მაჰმადიანი მესხების ზუსტი რიცხვის დადგენაც იგულისხმება. დაუზუსტებელი ცნობით, დეპორტირებული მესხების რიცხვი 200-დან 300 ათასამდე მერყეობს. საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის შემაშფოთებელი სულაც არ არის:

(ლანა ღოღობერიძის ხმა) ”საქართველოს არ აუღია ვალდებულება ამ მოსახლეობის ერთად დასახლების, რაც, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ესე იგი, არავითარი საფრთხე იმისა, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას რაღაც კიდევ ერთი სეპარატისტული განწყობის მქონე რეგიონი, არ არსებობს.” (სტილი დაცულია)

მაჰმადიანი მესხების თემა დომინირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც დღეს სტუდენტებმა ტერი დევისს ამ და არამხოლოდ ამ საკითხზე ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას მშვიდობიანი და დემოკრატიული გზის მომხრეა:

(ტერი დევისის ხმა) ”საქართველოს მთავრობას კარგი და მშვიდობიანი გეგმები აქვს. საქართველოს ცუდი არც ოსებისთვის სურს და არც აფხაზებისთვის. განვიხილავთ ყველა შემოთავაზებას და შემდეგ განვსაზღვრავთ, როგორი იქნება ევროსაბჭოს დახმარება.”

15 აპრილს, საღამოს, ტერი დევისი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ხოლო ვიზიტის საბოლოო შედეგებსა და შთაბეჭდილებებს სტუმარი მედიას 16 აპრილს, დღის 2 საათისთვის, გაუმხელს. ამავე დღეს ის სასაუბროდ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 30 კურსდამთავრებულს შეხვდება.

ხოლო 15 აპრილს ხსენებული სკოლის 5 წლის იუბილეზე მისული სტუმრები საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევის მოწმენი გახდნენ: ტერი დევისმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორს არმაზ ახვლედიანს ევროსაბჭოს ღირსების მედალი გადასცა. პოლიტიკური, სამოქალაქო, სამართლებრივი და დიალოგის კულტურის დამკვიდრებისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის დაწესებულ მაღალ ჯილდოს არმაზ ახვლედიანი, როგორც თავად ამბობს, არ მოელოდა:

(არმაზ ახვლედიანის ხმა) ”რაკი მაინც ასე გადაწყვიტეს ევროპის საბჭოში, ვფიქრობ, ეს ნიშნავს ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტ მონდომებას, გაცილებით უფრო მეტ სასარგებლო საქმეს მომავალში. - ამის პირობა კი, ნამდვილად შემიძლია მივცე ყველას.” (სტილი დაცულია)

2004 წელს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარეს კავკასიაში, რამაც დასაბამი მისცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მსგავსი სკოლების ჩამოყალიბებას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG