Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა პასპორტების გაუქმების ვადამ ორი თვით გადაიწია


იუსტიციის სამინისტრომ საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის მოქმედების ვადა 1 ივლისამდე გადასწია. სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისას იმ ასიათასობით პენსიონერისა

და სხვა სოციალურად დაუცველი მოქალაქის მდგომარეობა გაითვალისწინა, ვინც, უსახსრობისა თუ საპასპორტო განყოფილებებში არსებული კორუფციის გამო, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება დღემდე ვერ მოახერხა. რომ არა სამინისტროს გადაწყვეტილება, საბჭოთა პასპორტების ამარა დარჩენილი სოციალურად დაუცველი ადამიანების მრავალრიცხოვანი არმია 1 მაისიდან ვეღარ მიიღებდა ვერც პენსიას და ვერც სხვა სახის სახელმწიფო შემწეობას. როგორ აპირებს ხელისუფლება ორ თვეში რამდენიმე ასეული ათასი პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემას?

საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის თხუთმეტი წლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეების მესამედზე მეტი გულისჯიბით კვლავინდებურად ძველ, საბჭოთა მოქალაქეობის დამადასტურებელ, პასპორტს დაატარებს. თუმცა ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის სიყვარული და დიადი ქვეყნის მოქალაქეობით თავის მოწონება არაფერ შუაშია. უსაშველო რიგებმა და საპასპორტო სამსახურებში არსებულმა კორუფციამ ასიათასობით მოქალაქეს ახალი ქართული პასპორტის აღების სურვილი და შესაძლებლობა მოუსპო.

[ქალბატონის ხმა] „დილიდან მოვედი, 7 საათიდან აქა ვარ და 54-ე ვარ. რომელ საათზე უნდა მოვიდე, რომ რიგმა მომიწიოს? ვმუშაობ, ერთი დღე მაქვს დასვენების და იმ დღესაც აქ ვატარებ!..:“

ცხადია, ამგვარ ფიზიკურ თუ მორალურ დატვირთვას ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ უძლებს. შედეგად, საქართველოს მოსახლეობის ლამის მესამედზე მეტი და, მათ შორის, რვაასი ათასამდე პენსიონერი საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტების ამარა დარჩა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი იმედოვნებს, რომ პენსიონერებისთვის ცალკე საპასპორტო განყოფილებების გახსნით პრობლემა ორ თვეში გადაიჭრება.
[კონსტანტინე ვარძელაშვილის ხმა] „ამ ორი თვის განმავლობაში გაიხსნება დამატებითი პუნქტები როგორც თბილისში, ასევე რაიონებში, სადაც მოხდება ექსკლუზიურად პენსიონერებისთვის პირადობის მოწმობების გაცემა, ანუ ისინი შეძლებენ ჩააბარონ საბუთები და მერე მიიღონ პირადობის მოწმობა რამდენიმე ადგილას ერთდროულად.“

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების დროული გაცემით, იუსტიციის სამინისტროს გარდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროცაა დაინტერესებული. მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:

[ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა] „სოციალურ დახმარებებს ეს ადამიანები ვერ მიიღებენ ახალი პირადობის მოწმობების გარეშე. ეს ეხება არა მხოლოდ პენსიონერებს, არამედ სოციალურად დაუცველ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ნოემბრის თვიდან დაიწყებენ სოციალური დახმარების მიღებას. შესაბამისად, მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან უნდათ დახმარების მიღება, იზრუნონ დროულად პირადობის მოწმობის აღებაზე.“

თუმცა, სიტყვიერი მოწოდების პარალელურად, ხელისუფლება გაცილებით ეფექტურ საშუალებას - სატელევიზიო რეკლამასაც
იყენებს:

[რეკლამის ხმა] „ იუსტიციის სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა გაიცემა საბუთების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; პასპორტის ღირებულებაა 35 ლარი, პირადობის მოწმობის - 2,5 ლარი...“

სარეკლამო რგოლიდან, რომელიც ცენტრალური არხებით დღეში რამდენჯერმე გადაიცემა, დაინტერესებული პირი ასევე შეიტყობს, რომ საბუთების ჩაბარებისას უნდა მოითხოვოს სამახსოვრო ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება დოკუმენტის გაცემის ზუსტი თარიღი, და რომ პასპორტის მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ორი ფოტოსურათი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და განცხადება, ხოლო საპასპორტო სამსახურის თანამშრომლის მხრიდან დამატებითი თანხის მოთხოვნა ან დადგენილი ვადების რაიმე მიზეზით გაჭიანურება დაუშვებელია. იუსტიციის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირადობის მოწმობის აღებისას სახელმწიფო ბაჟს, ანუ ორლარნახევარს, აღარ გადაიხდიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG