Accessibility links

როგორ შესრულდა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტი


15 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომაზე ის საკითხები უნდა განეხილათ, რომელთა შესახებ მსჯელობა 13 აპრილს ვერ მოესწრო, სხდომაზე პრეზიდენტ

სააკაშვილის ვრცელი მოხსენების გამო. მაშინ განსახილველ საკითხთა შორის იყო 2005 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულება, მაგრამ 15 აპრილს ამ თემაზე მსჯელობა აღარ გამართულა. რატომ? როგორ შესრულდა 2005 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტი?

როგორც ცნობილია, მინისტრთა კაბინეტის სხდომები დახურულია და სხდომის დასრულების შემდეგაც ჟურნალისტებთან გამოსული ოფიციალური პირებიდან არავის უთქვამს, თუ რატომ არ განიხილეს მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შედეგები. სავარაუდოა, რომ ბიუჯეტზე საუბარი ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის არყოფნის გამო გადაიდო. იგი საქმიანი ვიზიტით ლონდონში იმყოფება. მე ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი სირაძესთან დაკავშირება მოვახერხე და ვკითხე, როგორ შესრულდა 2005 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტი.

[ირაკლი სირაძის ხმა] ”სულ შემოსავლების და გრანტების გეგმა იყო 476 მილიონი და შესრულება იყო 625 მილიონი. 131 პროცენტით არის გადაჭარბებული. ანალოგიურად, ხარჯებში არანაირი დაბრკოლება არ იქნებოდა შესრულებაში.”(სტილი დაცულია)

მთავრობას, მართლაც, საამაყოდ აქვს საქმე: ბოლოდროინდელი საქართველოს ისტორიაში ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდასთან ერთად მისი შემოსავლითი ნაწილის გადაჭარბებით შესრულებაც ხერხდება. თუმცა ასეთ ვითარებაში უცნაურად გამოიყურება ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ შესრულებულა:

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”შემოსავლების და გრანტების 3 თვის პროგნოზი განსაზღვრული იყო 382 მილიონი ლარით, ხოლო რაც შეეხება გადასახდელების პროგნოზს, ეს იყო 634 მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, გაურკვევლობა წარმოიქმნება, საიდან უნდა დაეფინანსებინა ფინანსთა სამინისტროს ის ხარჯები, რომელიც გაწერა ასეთი დიდი გეგმით.” (სტილი დაცულია)

ეს არის კახა იმერლიშვილი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, 4 თვის, ანუ პირველი კვარტალის, ბიუჯეტის ხარჯებმა 508 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საგეგმო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს. აქედან, მიმდინარე ხარჯები დაფინანსდა 444 მილიონი ლარით, ანუ საპროგნოზო მოცულობის 81%-ით.

დაახლოებით 80 პროცენტის ფარგლებში მერყეობს მიმდინარე ტრანსფერებისა და მუშა მოსამსახურეთა ხელფასების დაფინანსების მაჩვენებელიც.

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”ზუსტდება ეს ინფორმაციები და, საბოლოოდ, ალბათ, აპრილის 20-თვის ხაზინას უნდა ჰქონდეს უკვე საბოლოო ციფრები. ეს ხარჯები შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ იმდენად არ გაიზრდება, რომ გეგმის ტოლი გახდეს, რადგან ჯერ კიდევ გეგმებში ჰქონდათ ბიუჯეტის გაწერის დროს ძალიან დიდი სხვაობა.”(სტილი დაცულია)

არის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობის კიდევ ერთი მიზეზი - დაფინანსების ახალი წესი. იგი დაფინანსების მიღებაზე ვალდებულების აღებასა და დამოწმებას ითვალისწინებს, რაც ბევრმა საბიუჯეტო ორგანიზაციამ კარგად ვერ აითვისა, ბევრიც სიფრთხილეს იჩენს და, შესაბამისად, თანხები აუთვისებელი რჩება. თუმცა სხვაობა არის დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებშიც.
XS
SM
MD
LG