Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც ეწინააღმდეგება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე დაწყებულმა დისკუსიამ ბიზნესწრეებიდან საპარლამენტო კომიტეტებში გადაინაცვლა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში

საგადასახადო დავების კერძო არბიტრაჟში განხილვის ვადების გადაწევას ან გაუქმებას აღფრთოვანებით არ ხვდებიან და მთავრობას კანონპროექტის კორექტირებას სთავაზობენ.

საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის მოქმედების 2008 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით ბიზნესწრეებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაწყებული დისკუსია საპარლამენტო კომიტეტებში ინაცვლებს. მთავრობის ინიციატივის განხილვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტშიც შედგა. კომიტეტი ამ ინსტიტუტის ამოქმედების 2008 წლამდე გადავადების წინააღმდეგია. საინტერესოა, რომ ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს იურიდიულ კომიტეტს, რომელიც კერძო არბიტრაჟის საერთოდ გაუქმებას ითხოვს.

საგადასახადო დავების ჩვეულებრივ სასამართლოსთან ერთად კერძო არბიტრაჟში განხილვის ინიციატივა თავის დროზე მთავრობას და მის მაშინდელ პრემიერს ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა და ეს ნოვაცია ახალი კოდექსის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და მეწარმეთა ინტერესების დამცველ მექანიზმად იყო შეფასებული, მაგრამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ მთავრობამ დამოუკიდებელ არბიტრაჟში ბიუჯეტისათვის სერიოზული საფრთხე დაინახა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თავის დროზე კოდექსში დამოუკიდებელი არბიტრაჟის ინსტიტუტის შემოტანა ყველა ნიუანსის ზედმიწევნით გათვლის გარეშე მოხდა, რის გამოც სახელმწიფო, მართლაც, ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების გადინების საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა ამის გამო თავად არბიტრაჟის მოქმედების შეჩერება ან, უფრო უარესი, მისი გაუქმება ეკონომიკურ წრეებში მთლად პოზიტიურ ნაბიჯად არ ფასდება.

თუ მთავრობის ინიციატივა გავა და არბიტრაჟი გაუქმდება, საგადასახადო დავების განხილვისას მეწარმეები მხოლოდ ჩვეულებრივი სასამართლოს და ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო ორგანოებთან არსებული დავების განხილვის საბჭოების პირისპირ რჩებიან. ამ ორი ინსტიტუტის მიმართ ნდობის ხარისხი კი უკიდერუსად დაბალია. მეორე მხრივ, თავისივე მიღებული და ამჟამად მოქმედი კოდექსით, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი სახელმწიფო, რომელსაც კერძო კომპანიებისთვის სოლიდური თანხების უკან დაბრუნება მოუწევს. ამ ერთგვარი პატური სიტუაციიდან გამოსავლად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს ”ოქროს შუალედის” გამოძებნა მიაჩნია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე ვფიქრობ, უნდა არსებობდეს სტრუქტურა, რომელსაც ენდობა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. როგორ მოხდება ამ სტრუქტურის ჩამოყალიბება, საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით, ეს სანახავია, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, ხარვეზი, მართლაც, არის გაპარული – იცით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, ბიზნესი იყოს დაუცველი, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ის შეიძლება, რომ სახელმწიფო იყოს აბსოლუტურად დაუცველი. ბალანსი და სამართლიანობა იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოც და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც, ორივენი, უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ გაიმარჯვებს სამართლიანობა და არა ძალა.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც მთავრობასა და ბიზნესს კომპრომისული ვარიანტისკენ მოუწოდებს. კომიტეტში ფიქრობენ, რომ ამგვარი დამოუკიდებელი არბიტრი უნდა არსებობდეს, თუმცა არბიტრაჟში განსახილველი დავებისათვის უნდა დაწესდეს გარკვეული თანხობრივი ზღვარი, - მაგალითად, ნახევარი მილიონი ლარი, - რომლის ზევით მხარეები უკვე ჩვეულებრივ სასამართლოში გაარჩევენ საქმეს.
XS
SM
MD
LG