Accessibility links

logo-print

გასული კვირა პოლიტიკური მოვლენებით ინტენსიურად დატვირთული აღმოჩნდა.


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა პოლიტიკური მოვლენებით ინტენსიურად დატვირთული აღმოჩნდა.

რა პოლიტიკური ტენდენციები აირეკლა ამ მოვლენებში? აქართველომ, ბოლოს და ბოლოს, დანიშნა ახალი ელჩი რუსეთში: ის გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ჩუბინიშვილი. ჩუბინიშვილის ელჩად გამწესებაზე ხმა დაირხა რამდენიმე თვის წინათ. ხელისუფლების ხელწერა თანდათან იოლად ამოსაცნობი ხდება: თავის დროზე თანამდებობათა დატოვებას უქადდნენ არაერთ მოხელეს – თბილისის პრემიერ ბიძინა ბრეგაძეს; იმერეთის ორ, ასევე ყოფილ, გუბერნატორს – დავით მუმლაძესა და გია გეწაძეს; ასე უქადიან ახლა ფინანსური პოლიციის უფროსს, დავით კეზერაშვილს. უბრალოდ, სანამ ასეთი ხმები გამართლდება, უნდა მონახონ შესაფერი კანდიდატურა პოსტისთვის, თანამდებობრივი გადაადგილება კარგად უნდა მოამზადონ და უმტკივნეულოდ განახორციელონ. ხმათა დარხევისთანავე ქართველ სახელმწიფო კაცებს არ ერჩიან. ირაკლი ჩუბინიშვილის ელჩად დანიშვნა ითქვა რუსეთიდან ჯერ კიდევ კოტე კემულარიას გამოწვევის შემდეგ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იმხანად თბილისის მერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, უფერებდნენ, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, საზოგადოების სატყუარად თუ საცდელად გამოშვებული ჭორი იყო. და აი, ამ ჭორის პირველი ნაწილი მაინც ახდა და ირაკლი ჩუბინიშვილს რუსეთის დედაქალაქში უშვებენ.

ჩუბინიშვილს ყოველთვის თან სდევდა რუსეთზე ორიენტირებული ფიგურის იმიჯი. მას ყოველთვის მიიჩნევდნენ რუსული ინტერესის გამტარებლად საქართველოში, თუმცა ასეთ მტკიცებას ბევრი ფაქტით ვერ ამაგრებდნენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ჩუბინიშვილი რუსეთში ბიზნესში იყო ჩართული. 2004 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვში პირველი ვიზიტის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველო გაიხსნება რუსული კაპიტალისთვის. ალბათ, ბევრს ახსოვს ამ განცხადების შემდეგ თბილისში მსხვილი რუსი ბიზნესმენების ვიზიტი. ვიზიტის ორგანიზატორი სწორედ ირაკლი ჩუბინიშვილი გახლდათ. ამ თავყრილობის ერთადერთი თვალსაჩინო ეფექტი ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის დანიშვნა გამოდგა, ამ დანიშვნის ყველა შედეგითურთ. ჩუბინიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, არ ეწინააღმდეგება მაგისტრალური გაზსადენის რუსული გაზპრომისთვის მიყიდვას. მოგეხსენებათ, ეს არის თითქმის ერთადერთი შესაძლო ნაბიჯი, რომლისგან თავის შეკავებას ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით ურჩევს საქართველოს.

ირაკლი ჩუბინიშვილს მიაწერდნენ, მკვეთრ ჩარევას თუ არა, დაინტერესებას, ნამდვილად, მსხვილი ქართული ბიზნესით. კერძოდ, მისი გვარი ფიგურირებდა ავიაკომპანია “აირზენასთან” (დღეს “ჯორჯიან ეარვეიზისთან”) მიმართებით. ლაპარაკია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის მხრივ ამ კომპანიის არცთუ უანგარო მფარველობაზე. ჩუბინიშვილი ავიწროებდა დღეს პატიმრობაში მყოფ, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ზურაბ ჭანკოტაძეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება თვითონ ჭანკოტაძე და მისი ადვოკატი. ირაკლი ჩუბინიშვილი იყო ყველაზე არასაჯარო პირი საჯარო მოხელეებს შორის. ის ძალიან იშვიათად ჩნდებოდა მედიაში. ახალ ელჩს არ აკლია ორგანიზაციული უნარები – 2000 წელს ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვისას. ჩუბინიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია უნებურად იმეორებს ვაჟა ლორთქიფანიძის პარადიგმას: რუსეთში ელჩად გამწესებამდე ისიც სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსი გახლდათ.

ასეთი შლეიფის მიუხედავად, ირაკლი ჩუბინიშვილს პრეზიდენტმა რთული დიპლომატიური ამოცანა დაუსახა:

[სააკაშვილის ხმა] “ამით ვაჩვენებთ, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან. იცით, ამ ურთიერთობებში არის სერიოზული პრობლემები და ჩვენი ურთიერთობების კლიმატი უნდა შევცვალოთ: უნდა დავათბოთ, ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.”

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ირაკლი ჩუბინიშვილის დანიშვნა თავისებური ხარკია რუსეთისადმი: ის, უწინარესად, რუსეთისთვის სასურველი კანდიდატურაა. მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვეში, გაუფუჭდა ურთიერთობა რუსეთთან. ეს დაძაბულობა დღესაც გრძელდება. თუ ჩუბინიშვილი მის შესარბილებლად ინიშნება, ღირს დაკვირვებით მივადევნოთ თვალი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, რა დათმობით შეიძლება აღინიშნოს ის ქართული მხრიდან, თუ თავისთავად ახალი ელჩი არ წარმოადგენს დათმობას. მეორე მხრივ, ჩუბინიშვილის მოცილება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ კეისრის ცოლი, მართლაც, ეჭვებზე მაღლა უნდა იყოს: პრეზიდენტს აღარ სურს, მის ახლოს დარჩეს ლამის პრორუსული რეპუტაციისა თუ სულაც ორიენტაციის მქონე ფიგურა.

საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში კიდევ ერთი ცვლილება ამჯერად შიდაპოლიტიკურ კოლიზიებს დაუკავშირდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მოულოდნელად გამოიწვია საქართველოს ელჩები ნატოსა და ბენილუქსის ქვეყნებში - დავით დონდუა და კოტე ზალდასტანიშვილი. თან ეს უკანასკნელი მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახლდა ბრიუსელში ვიზიტის დროს. თუმცა, თავად ზალდასტანიშვილის თქმით, ის ელოდა გამოწვევას:

[ზალდასტანიშვილის ხმა] “საერთოდ, მე ვიცოდი, რომ როტაცია მიწევდა და უნდა წამოვსულიყავი. მე ვიცოდი ახალი კანდიდატურის გვარიც.”

ბუნებრივია, საგარეო უწყების ესოდენ მკვეთრმა სვლამ გააღიზიანა ნინო ბურჯანაძეც და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილიც:

[ბურჯანაძის ხმა] “არაკორექტულობა და არაკოორდინირებულობა რომ ნამდვილად იყო, ეს ფაქტია. შესაძლოა, იყო გაუგებრობაც, მაგრამ რეაქცია, რომელიც ახლა მაქვს, ნადვილად არ შეიცვლება.”
[გაბაშვილის ხმა] “ქალბატონ ნინოს კარგად ახსოვდა, როგორ განაწყენდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მე როცა ლავროვს ველაპარაკებოდი, აქ რატომ გამაკრიტიკეთო, და მაშინ, როცა ქალბატონი ნინო სხეფერს და სოლანას ხვდებოდა, მაშინ პირდაპირ მეტი გაუკეთა - ელჩები მოუხსნა.”(სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა მინისტრს კი წარბიც არ შეუხრია. პრეზიდენტის გარდა, ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც ზემოქმედებდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, გარდაცვლილი პრემიერი ზურაბ ჟვანია გახლდათ. ზურაბიშვილის მოსვლამ საგარეო უწყებაში მნიშვნელოვნად შეკვეცა ჟვანიას გავლენა დიპლომატიური კორპუსის შერჩევაზე, ხოლო პრემიერის გარდაცვალების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი დროდადრო დემონსტრაციულად აგრძნობინებს ყველას, რომ საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს სახელმწიფოს პირველი პირი, ხოლო თავად, პრეზიდენტის შემდეგ, ამ პოლიტიკის ძირითადი წარმმართველია:

[ზურაბიშვილის ხმა] “მე შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარეს მის წასვლამდე ძალიან ხანგრძლივად და ყველაფრის საქმის კურსში იყო. იმის მერე რა მოხდა, არ ვიცი. რაც შეეხება კორექტულობას, ჩემს პროფესიონალიზმს, მე მგონი, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა არც ვაშინგტონში, არც მოსკოვში, არც ბრიუსელში, არც პარიზში… თუ დადგა თბილისში, ამას გავიგებ.”

მიუხედავად იმისა, რომ ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩად საპარლამენტო უმრავლესობის სიაში ნინო ბურჯანაძის კვოტით მოხვედრილ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სალომე სამადაშვილს ნიშნავენ, პოლიტიკის კომენტატორებმა ეს პარლამენტის თავმჯდომარის დასუსტებად მიიჩნიეს. თუმცა ბურჯანაძე იმდენად არ დასუსტებულა, რომ მის სტატუსს რაიმე დაემუქროს. მოქმედი სპიკერი, ალბათ, ერთადერთი ფიგურაა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს უმრავლესობაში ჯერ კიდევ კონსოლიდირებული, პრეზიდენტ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და თავად ბურჯანაძის, შენაკადების შენარჩუნებას. ნინო ბურჯანაძის მოზომილი და კორექტული პოზიციები განაპირობებს მის მიმართ ოპოზიციის ლოიალობასაც. ასე რომ, პარლამენტის თავმჯდომარეს ასე ერთი, თუნდაც უსიამო, ჟესტით ვერ დაასუსტებ.

ამ კვირაში ხელისუფლება ცდილობდა დემოკრატიის განვითარებისთვის ახალი იმპულსები მიეცა, მაგრამ ეს, როგორც ხშირად ხდება ამ ბოლო დროს, ცოტა წინააღმდეგობრივად გამოსდიოდა. მაგალითად, ლიცენზირების წესის გამარტივებაზე ლაპარაკისას პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[სააკაშვილის ხმა] “ჩვენ საქართველოში ჩასატარებელი გვაქვს კიდევ ერთი რევოლუცია და ეს არის რევოლუცია ბიუროკრატიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება დაცული, მაღალხელფასიანი, თავის თავში დარწმუნებული სამოხელეო აპარატი, რომელიც, ერთი მხრივ, არ იქნება დარწმუნებული, რომ ახალი უფროსის მოსვლისთანავე მას გააგდებენ და მოიყვანენ უფროსის კლასელებს, მეგობრებს, ნათესავებს და ა.შ. მაგრამ, მეორე მხრივ, გვჭირდება ისეთი ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ხალხს არ გაუმწარებს სიცოცხლეს - თუ ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს თანამედროვე ქვეყანა.”

ამ სიტყვების პათოსი, ავტორის მიუხედავად, ძნელია, არ გაიზიარო. ასევე, თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს თანამედროვე ქვეყანა, უკეთ უნდა იყოს დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ერთი ასეთი უფლების - სიტყვის თავისუფლების - დასაცავ მექანიზმად მიიჩნევენ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, რომლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 18 კანდიდატი პრეზიდენტმა გასულ კვირაში წარუდგინა პარლამენტს. ცოტა უცნაური სიაა: მხოლოდ აქ შეიძლებოდა ერთმანეთს შეხვედროდნენ, მაგალითად, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია და ბალეტის ვარსკვლავი ნინო ანანიაშვილი:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სიაში არის გია ნოდია და არ არის მნიშვნელოვანი, რომ ნინო ანანიაშვილია სიაში. მე ვიცი, ვინ არის ნინო ანანიაშვილი, მაგრამ ისიც ვიცი, როგორ იმუშავებს ის ამ საბჭოში. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არ უნდა ყოფილიყო ამ სიაში, ვთქვათ, თინათინ ხიდაშელი?”

მართლაც, ცოტა გაუგებარია, რატომ არ არის იურისტი თინა ხიდაშელი სიაში. მაგრამ, ილიასი არ იყოს, განა მხოლოდ ეს არის საკითხავი ამ უსწორმასწორო წუთისოფელში?
XS
SM
MD
LG