Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უარს ამბობს ტერმინზე ,,თურქი მესხები”


საქართველოდან დეპორტირებული მესხები არა თურქ, არამედ ქართველ მესხებად უნდა მოვიხსენიოთ - ქვეყნის ხელისუფლების ამ ინიციატივას მხარს უჭერს ევროპის საბჭო,

რომლის გენერალური მდივანი მესხების რეპატრიაციის პროცესში საქართველოს დახმარებას დაჰპირდა.
თავად დეპორტირებული მესხები მიიჩნევენ, რომ მათი პრობლემისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ევროსაბჭო იჩენს.
მესხების პრობლემაზე საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშიც, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ სიტუაციას შეეხება. მოხსენების ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება რესპუბლიკაში მცხოვრები მესხების უფლებებს არღვევს, არ ეთანხმება საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ვატანი.” მის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აშშ-მა არა აზერბაიჯანს, არამედ საქართველოს უნდა უსაყვედუროს.


გასული საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოდან შუა აზიაში გადასახლებული და 80-იანი წლების მიწურულს, ფერგანის ცნობილი მოვლენების შემდეგ, დევნილი მესხებიდან აზერბაიჯანში 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ისინი აცხადებენ, რომ სტაბილურ და მშვიდ გარემოში იმყოფებიან, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირ ზეწოლას არ განიცდიან და, აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, ეკონომიკური ხასიათის პრობლემები აქვთ. დეპორტირებული მესხების საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ვატანი” უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უსაფუძვლოდ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და არაფერს ამბობს საქართველოზე, რომელიც რეალურად არ ცდილობს დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხის გადაწყვეტას.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელიც დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხთა შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ,,პირველი, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ თუნდაც ერთი, თუ ათი, თუ ასი კაციც თუ არის, ვინც არის ჩვენი ძმა სისხლით, ხორცით და ისტორიით, ჩვენ არანაირი უფლება არა გვაქვს ვიყოთ მათი მსაჯულები და გადავწყვიტოთ, აქვთ მაგათ უფლება სახლში დაბრუნების თუ არა. სახლში დაბრუნების უფლება აქვს სულ ყველას, ვისაც სახლი ეგულება საქართველოში.” (სტილი დაცულია)

პირველი, რის გაკეთებასაც რეპატრიაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია აპირებს, დეპორტირებული მესხების აღრიცხვაა. ცნობილია, რომ ამჟამად ისინი 9 ქვეყანაში ცხოვრობენ, თუმცა დღემდე დაუდგენელია მათი კონკრეტული რაოდენობა და ის, თუ რამდენ ადამიანს სურს საქართველოში დაბრუნება:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ,,მე თითქმის ყველა რეგიონი მოვლილი მაქვს, სადაც ცხოვრობენ მესხები და ყველგან, მეტ-ნაკლებად, ინტეგრირებულები არიან. გულახდილად რომ ვთქვათ, მესხების უდიდესი ნაწილი, 70%, არც კი ფიქრობს დაბრუნებაზე საქართველოში. ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. იმიტომ რომ აგულიანებდნენ, აქეზებდნენ. განწყობა დაბრუნების არის მინიმუმი.” (სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დეპორტირებული მესხების უფლებების დაცვაზე მუშაობს, აცხადებს, რომ, მიუხედავად ამგვარი განწყობისა, საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოში დაბრუნების მსურველთა პრობლემა აუცილებლად უნდა მოაგვაროს. ცნობილია, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში მცხოვრები 14 ათასამდე მაჰმადიანი მესხია:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ,,იქ მათი ყოფნა, კრასნოდარის მხარეში, ეს არის ჯოჯოხეთი, სადაც სისხლი იღვრება. ამ ხალხს არბევენ. რამდენიმე თვის წინ ორი ახალგაზრდა ქალი მოკლეს.” (სტილი დაცულია)

ნაირა გელაშვილი, რომელიც ,,კავკასიურ სახლს” ხელმძღვანელობს და დეპორტირებული მესხების პრობლემაზე რამდენიმე წელია მუშაობს, საქართველოში მათ დაბრუნებას სამართლიანობის აღდგენას უკავშირებს.
დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემების შემსწავლელი კომისია ჯერ კიდევ სახელმწიფო საბჭოს არსებობისას შეიქმნა. იმ პერიოდში საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა არ იყო და, შესაბამისად, არც მესხების რეპატრიაციის საერთაშორისო ვალდებულება ჰქონდა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ,,იმ დროს ჩამოიყვანეს ეს მესხი ახალგაზრდები აზერბაიჯანიდან, ძირითადად. ასამდე ახალგაზრდა იყო, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გაანაწილეს. მათ აქ დაიწყეს ცხოვრება და გლდანშიც მისცეს საერთო საცხოვრებელი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ასე რომ გაგრძელებულიყო, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა.” (სტილი დაცულია)

ამჟამად საქართველოში 700-მდე რეპატრირებული მესხი ცხოვრობს. ნაწილმა საკუთარი გვარები აღიდგინა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. როგორც ნაირა გელაშვილი ამბობს, ყველაზე მეტად მათ გული მაშინ სტკივათ, როდესაც თურქ მესხებად მოიხსენიებენ. ამ ტერმინის შეცვლის ინიციატივა უკვე გამოთქვა საქართველოს მთავრობამ. სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ტერმინი თურქი მესხები ქართველი მესხებით უნდა შეიცვალოს. ამ წინადადებას თბილისში ვიზიტისას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა. ტერი დევისის განცხადებით, 6 წლის წინ საქართველომ მესხების რეპატრიაციის საერთაშორისო ვალდებულება დაადასტურა და პირობა აუცილებლად უნდა შეასრულოს. ,,კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი სირცხვილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამართლიანობის აღდგენას საქართველოსგან საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ,,სირცხვილია, რომ სხვა გაიძულებს, გადაჭრა ეს საქმე და სტალინის მიერ უსამართლოდ დასჯილი ამ ხალხისადმი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე იყო, აბსოლუტურად არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდე.” (სტილი დაცულია)

იმ ფაქტს, რომ 90-იან წლებში დაწყებული მესხების რეპატრიაციის პროცესის მცდელობა არ გაგრძელდა, ,,კავკასიური სახლის” დირექტორი უკავშირებს ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, თითქოს დეპორტირებულთა დაბრუნება საქართველოს საფრთხეს შეუქმნის. ამგვარ მოსაზრებას აბსოლუტურად მცდარს უწოდებს ყველა ექსპერტი, რომელიც მესხების რეპატრიაციის პრობლემებზე მუშაობს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG