Accessibility links

logo-print

”სტრეტფორი” პანკისის ხეობას ტერორისტთა სამოთხეს უწოდებს! - საპირველაპრილო ხუმრობა თუ რეალური სტრატეგიული საფრთხე?


სამშაბათს გორში სამართალდამცველებს აღიარებითი

ჩვენებით ჩაბარდა მოქალაქე ჩოჩიშვილი, რომელმაც 1 თებერვალს მომხდარი ტერაქტი აღიარა. შეგახსენებთ, რომ, მსუბუქ ავტომანქანაში ჩამონტაჟებული 70-დან 100 კილოგრამამდე ტროტილისა და ჰექსოგენის აფეთქების შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ნიშანდობლივია, რომ ზუსტად ათი დღის წინ სტრატეგიული საფრთხეების შეფასებითა და უტყუარი პროგნოზებით ცნობილმა ”სტრეტფორმა” გორის ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლებად ისლამისტი და ჩეჩენი ტერორისტები დაასახელა. ანალიტიკურ მასალაში ასევე სრული კატეგორიულობით არის ნათქვამი, რომ პანკისის ხეობა კვლავ წარმოადგენს სამოთხეს ისლამისტი ტერორისტებისათვის და საფრთხეს - დასავლეთისა და შეერთებული შტატებისათვის. მე შევეცადე გამერკვია, თუ რა წყაროებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი შეფასება, მით უფრო, რომ მასში ლაპარაკია ვაშინგტონის ახალ გეგმებზე პანკისის ხეობასთან დაკავშირებით.


თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხის თემა 2004 წლის სექტემბერში საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმა წამოსწია. თუმცა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იმაზე უფრო სწრაფად უარყო ელჩის სიტყვები, ვიდრე მე შარშან პანკისის ხეობაში ჩასვლას და უკან დაბრუნებას მოვასწრებდი. მაგრამ, ასეა თუ ისე, ბევრმა ქვეყანამ და, მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთმა ეს განცხადება არაერთხელ ”ააფარა სახეზე” საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ამტკიცებს, რომ პანკისის ხეობის პრობლემა საერთოდ აღარ არსებობს და იგი ცალკეული გამოცემების სეზონურ სპეკულაციებს წარმოადგენს, - ამბობს უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, რომლის უწყება სწორედ სტრატეგიული საფრთხეებისა და რისკების შეფასებითაა დაკავებული.

[შოთა უტიაშვილის ხმა] ” ინფორმაცია ჩეჩენი ტერორისტების პანკისის ხეობაში ყოფნის შესახებ არ ემთხვევა ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას და, უფრო მეტიც, არ ემთხვევა არც ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელთ არსებულ ინფორმაციას.”

თუმცა ამჯერად პანკისის ხეობას ტერორისტების სამოთხე უწოდეს სწორედ მეგობარი ამერიკიდან. ეს გახლავთკომპანია ”სტრეტფორი,” რომელიც გლობალური საფრთხეების კვლევებით 1996 წლიდან არის დაკავებული და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანიაა. ჰოდა, სწორედ ”სტრეტფორის” საიტზე 1 აპრილს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ორი გარემოება: ” პანკისის ხეობაში არსებობს ტერორისტთა მოსამზადებელი ცენტრები, რომლებიც, ინსპექტირების მიზნით, 2004 წლის გვიან გაზაფხულზე ალ-ყაიდას ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, აიმან ზავაჰირსაც, მოუნახულებია. ვაშინგტონი კი ცდილობს არ გაახმაუროს ასეთი ფაქტები, რათა პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს - თავის ერთგულ მოკავშირეს”, - წერია”სტრეტფორის” ინტერნეტგამოცემაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს შოთა უტიაშვილს აღიარებული ამერიკული კვლევითი კომპანიის ასეთი უაპელაციო შეფასება ხუმრობის ხასიათზე აყენებს:

[შოთა უტიაშვილის ხმა] ”საქართველოში ხუმრობენ, რომ პანკისის ხეობა დღეს არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი საქართველოში, უფრო უსაფრთხო, ვიდრე თბილისი, რადგან ეს ხეობა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული პატრონობისა და ყურადღების ქვეშ და, ფაქტიურად, ყველა ხე და ბუჩქი შესწავლილია და ახლა თუ სადმე მიწის ქვეშ არის ეს ბაზები, არ ვიცი.”/იცინის/


”სტრეტფორის” საიტზე გამოქვეყნებული ამ ცნობების ობიექტურობაში ეჭვი არამხოლოდ ქართველ ექსპერტებს შეაქვთ. ამერიკის ნიქსონ ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორი ზეინო ბარანი მიიჩნევს, რომ სტატიაში გამოქვეყნებულ მასალას საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან, და იმასაც დასძენს, რომ ბევრი ამერიკელი მიმომხილველი დასკვნებს ზოგჯერ მოძველებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს:

[ზეინო ბარანის ხმა] ” წარმოდგენა არა მაქვს, თუ საიდან მოიტანეს ასეთი ინფორმაცია. ხშირად უცხოელი ანალიტიკოსები ქართველი თუ სხვა ექსპერტების ადრინდელ შეფასებებს ეყრდნობიან. აღნიშნულ სტატიაში არაფერია ისეთი, რაც შეერთებული შტატების ან საქართველოს მთავრობის შეშფოთებას უნდა იწვევდეს. მე ძალიან გამაოცა ამ სტატიამ და არა მგონია, რომ მასში მოტანილი ცნობები სწორი იყოს.”

ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორი ზეინო ბარანი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უფრო სხვა სახის გამოწვევებზე გადაიტანოს ყურადღება და აფრთხილებს, რომ შიდა პოლიტიკაში სწორი აქცენტების გარეშე ქვეყანა, შესაძლოა, კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს:

[ზეინო ბარანის] ”პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება, რასაც, სამწუხაროდ, აფერხებს ქვეყანაში არსებული ბევრი მწვავე პრობლემა. ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების გარეშე, ხელისუფლების ავტორიტეტი დაეცემა, ხალხს იმედი გაუცრუვდება და ხელიდან გაშვებული აღმოჩნდება მომენტი, რაც ”ვარდების რევოლუციამ” წარმოშვა.”

მაგრამ, მოდით, დავუბრუნდეთ ყბადაღებული პანკისის ხეობის თემას. ”სტრეტფორი”, გლობალური შეფასებებისა და პროგნოზირების კერძო კომპანია, ტეხასში მდებარეობს და, კერძო კომპანიის კვალობაზე, ერთობ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციას წარმოადგენს. კომპანიის საიტზე არ არის მითითებული რედაქციის მისამართი და საკონტაქტო ნომრები. შესაბამისად, ძალიან ძნელი აღმოჩნდა ”სტრეტფორის” ანალიტიკოსებთან დაკავშირება. კითხვები კი ზემოხსენებული სტატიის შემდეგ არაერთი გამიჩნდა. მარტო ეს რად ღირს: ”სტრეტფორის” გამოცემა ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას უკარნახა იდეა, მოახდინოს პანკისის ხეობიდან თანამგრძნობი ჩეჩენი დევნილებისა და ქისტების გასახლება-გადანაწილება საქართველოს სხვა კუთხეებში, რათა ამით საყრდენი გამოაცალოს საერთაშორისო ტერორიზმს. ამაზე ოფიციალური თბილისის პასუხი ასეთია:
[შოთა უტიაშვილის ხმა] ”რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ან ჩვენი მეგობარი ქვეყნები ვაპირებდეთ ჩეჩენი მოსახლეობის და ქისტების გასახლებას პანკისის ხეობიდან, ესეც ძალიან შორს არის სინამდვილიდან და არანაირი მსგავსი გეგმა ბუნებაში არ არსებობს.”


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთი გეგმის არსებობას აბსურდულს უწოდებს, ამასთანავე, შიშობს, რომ ცნობილი ანალიტიკური კომპანიის, ”სტრეტფორის”, ასეთი შეფასებები გზას გაუხსნის საქართველოს არაკეთილმოსურნეებს, ტერორისტების მფარველობის გამო, ახალი საინფორმაციო შეტევა წამოიწყონ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG