Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ ე.წ. პრესტიჟული საავტომობილო ნომრების გაყიდვა გადაწყვიტა


საქმოსნად წოდებული შეძლებული ადამიანები საბჭოთა საქართველოშიც კი ახერხებდნენ საკუთარ ავტომობილებზე ეგრეთ წოდებული პრესტიჟული სანომრე ნიშნების მიმაგრებას.

პრესტიჟული საავტომობილო ნომრების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რაც საქართველოში საბაზრო ურთიერთობები დამკვიდრდა და კაპიტალის დაგროვებისა და პოპულარობის მოპოვების უფრო მეტი საშუალება გაჩნდა. თუმცა ეგრეთ წოდებული პრესტიჟული საავტომობილო ნომრები აქამდე ოფიციალურად არ არსებობდა და მსურველებს მათ მოსაპოვებლად პროტექცია და, ხშირ შემთხვევაში, ქრთამიც სჭირდებოდათ.

პრესტიჟული საავტომობილო ნომრის მოპოვება რომ კორუფციის წყარო იყო, ეს გამორჩეული სანომრე ნიშნების მფლობელ მძღოლებთან საუბარშიც გამოჩნდა. აი, ერთ-ერთი მათგანის სიტყვები:

[მძღოლის ხმა] ”სიმეტრიული ნომერი მაქვს. რაც იყო იმათში ყველაზე კარგი, ეს იყო. - თანხასთან არ იყო დაკავშირებული? - თანხასთან არა, უფრო -ნაცნობობასთან.”

უფრო პრესტიჟული სანომრე ნიშნის მისაღებად - მაგალითად, ისეთისა, როგორიცაა ”ლეილა მესხი” - ნაცნობობასთან ერთად სერიოზული თანხაც იყო საჭირო, თუმცა თავად ცნობილმა ჩოგბურთელმა ეს ნომერი საჩუქრად მიიღო.

[ლეილა მესხის ხმა] ”მე გერმანიაში მოვიგე ტურნირი და იქ მომცეს მანქანა, თავისი წარწერებით, და, რა თქმა უნდა, მანქანა დაძველდა და როცა ახალ მანქანას ვყიდულობ, ეს ნომერი მაინც გადამაქვს ხოლმე.”(სტილი დაცულია)

ლეილა მესხის ავტომობილის სანომრე ნიშნის მსგავსი ნომრის მიღების მსურველებმა, საქართველოს მთავრობაში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 50 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. ქვედა ზღვარი იქნება 28 ლარი, რომლის გადახდის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი მისი ინიციალებისა და სასურველი ციფრების მქონე ნომერს მიიღებს. არის სხვა დონის პრესტიჟული ნომრებიც, რომელთა ფასი 100-დან 800 და 1500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

კანონპროექტი, რომელიც გამორჩეული სანომრე ნიშნების გაცემის წესებს ამკვიდრებს, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა შეიტანა.

[გიორგი ხუროშვილის ხმა] ”სამწუხაროდ, ეგრეთ წოდებული პრესტიჟული ავტომანქანის სანომრე ნიშნები ყოველთვის იყო, უკეთეს შემთხვევაში, პროტექციისა და, უარეს შემთხვევაში, კორუფციის რეალური საფუძველი. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ეხება სწორედ იმას, რომ მოისპოს საფუძველშივე ასეთი შესაძლებლობა და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ მის ავტომანქანაზე იყოს გარკვეული პრესტიჟული ნომერი, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცედურების გავლით საფასურის გადახდის შემდეგ ექნებათ საშუალება შეიძინონ ეს ნომერი.”

ეს არის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი.

ავტომობილის ბევრი მფლობელისთვის გამორჩეულ ნომერს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მათ შორის, ცნობილი ადამიანებისთვისაც, რომელთა ნაწილი მნიშვნელობას არ ანიჭებს ავტომობილის ნომერს, ნაწილს კიდევ უკვე აქვს გამორჩეული სანომრე ნიშანი. თუმცა, ფინანსური საშუალებების არსებობის შემთხვევაში, უარს არავინ ამბობს პრესტიჟულ სანომრე ნიშანზე, თანაც თუ ეს ყველაფერი ოფიციალურად მოხდება. ლეილა მესხის კომენტარი:

[ლეილა მესხის ხმა] ”პრინციპში მე ამ წლების განმავლობაში არავითარი პრობლემა არ მქონია და იცოდნენ, რომ მე ვიჯექი საჭესთან და უფრო პრობლემებს მიხსნიდნენ. და ახლა ძალიან მიხარია, რომ ეს ოფიციალურად იქნება.”(სტილი დაცულია)

პრესტიჟული საავტომობილო სანომრე ნიშნების შესახებ კანონის ამოქმედება დაახლოებით 1 თვის შემდეგაა მოსალოდნელი - მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პარლამენტში დადგენილ პროცედურას გაივლის.
XS
SM
MD
LG