Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეებს კანონს განუმარტავენ


დავით პაიჭაძე, თბილისი სასამართლო რეფორმის განახლება საქართველოში მოსამართლეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სემინარებისა და ტრენინგების რეგულარულ ჩატარებასაც გულისხმობს.

განსაკუთრებით საშურია მოსამართლეების დაკვალიანება იმ საკანონმდებლო ნორმებში, ახლახან რომ მიიღეს და, ფაქტობრივად, არც ამოქმედებულა. ერთი ასეთი კანონი გახლავთ კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც, წელიწადზე მეტია, მიიღეს. სწორედ ამ კანონზე ესაუბრებოდნენ 18 აპრილს მოსამართლეებს მისი ავტორები და ინიციატორები - თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები. მე ქართველ მოსამართლეებს გავესაუბრე.

[მადი ჩანტლაძის ხმა] “შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით სასამართლოში ეს კანონი არ გამოუყენებიათ. აქედან გამომდინარე, მაქვს დიდი ინტერესი, ეს კანონი კარგად შევისწავლო, რათა შემდგომ სასამართლო პრაქტიკაში გამოვიყენო. კანონის შესწავლის შედეგად, გამიჩნდა შეკითხვები, რაც კანონის ავტორებთან ერთად მინდა დავხვეწოთ, ასევე გავაანალიზოთ მუხლები, რომლებიც გაურკვეველია და კანონსაწინააღმდეგოც, ჩემი აზრით.”(სტილი დაცულია)

ეს არის მადი ჩანტლაძე, თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. კრიტიკული დამოკიდებულება და კრიტიკული შეკითხვები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონისადმი სხვა მოსამართლეებსაც ჰქონდათ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ზაზა მეიშვილს აფიქრებს ის, რომ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება დაამტკიცოს, რომ მასზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, ხოლო მოპასუხე, ანუ ის, ვისაც უჩივიან, მთლიანად გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისაგან, ამტკიცოს ან დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე:

[მეიშვილის ხმა] “მოსარჩელე ითხოვს, ჰკითხოს მოპასუხეს: საიდან გაქვთ ეს, ჩემი საწინააღმდეგო, ინფორმაცია? როცა მოპასუხე პირში წყალს ჩაიგუბებს ან იტყვის, მე აღარ ვარ ვალდებული, ვამტკიცო ინფორმაციის ნამდვილობა, ბუნებრივია, დარჩება კითხვა, რომ მოსარჩელემ, შესაძლოა, არ იცოდეს საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. ვხედავ საშიშროებას, მოპასუხის ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლებამ არათანასწორ ურთიერთობებში ჩააყენოს მხარეები და მოსარჩელე სამართლებრივადაც დაჩაგროს.”(სტილი დაცულია)

ალბათ, უნდა განვმარტოთ, რომ აღწერილ დაშვებაში მოსარჩელე საჯარო პირია, ხოლო მოპასუხე - ჟურნალისტი.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის ავტორი თავისუფლების ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფი იყო. ინსტიტუტის წარმომადგენელი, ლევან რამიშვილი, ამბობს, რომ ჟურნალისტი ამ კანონით, მართლაც, მთლიანად იმუნიზებულია, ანუ დაცულია, და, რაც უნდა მოხდეს, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება:

[რამიშვილის ხმა] “მას, რა თქმა უნდა, ექნება პროფესიული, მორალური პასუხისმგებლობა, მას შეიძლება ჰქონდეს პასუხისმგებლობა საკუთარი დამქირავებლის წინაშე, მაგრამ გარეთ პასუხისმგებელია მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალება. ბუნებრივია, აქ შეიძლება ვიკითხოთ, რედაქციის გაზრდილი პასუხისმგებლობა ხომ არ გამოიწვევს მეტ სარედაქციო კონტროლს ჟურნალისტის საქმიანობაზე, მაგრამ კანონი ასეთ ვითარებაშიც იცავს ჟურნალისტს.”(სტილი დაცულია)

მოსამართლეთა სწავლებას დაესწრო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. ის ფიქრობს, რომ ამ კანონის გათავისებას, მისი პრინციპული სიახლის გამო, არაერთი სემინარი დასჭირდება:

[კუბლაშვილის ხმა] “სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ერთი სამარცხვინო შემთხვევა, როცა ერთმა მოსამართლემ (ალბათ, უცოდინარობის გამო, მაგრამ მე მგონია, რომ გარკვეული დაინტერესების გამო) სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ კანონთან დაკავშირებით. არ გამოიყენა ეს კანონი, თქვა, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. რატომ - არ ვიცი. მე ვთვლი, რომ ასეთი ფაქტები უნდა აღიკვეთოს, თუმცა, სანამ აღკვეთ, კარგი იქნება, ასეთ სემინარებზე საბოლოოდ გაირკვეს ძირითადი არსი.”(სტილი დაცულია)

ისე, კანონის ცოდნა არც ჟურნალისტებს აწყენდათ. ამ კანონით გარანტირებული სიტყვის თავისუფლება ხომ საქართველოში ჯერაც მოუხმარებელია.
XS
SM
MD
LG