Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა დაიწყო


ორშაბათს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლება დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო

წვრთნას ფართომასშტაბიანს უწოდებს და აცხადებს, რომ მასში მონაწილეობს სამი ათასი სამხედრო მოსამსახურე, მძიმე საბრძოლო ტექნიკა, ფლოტი და ავიაცია. აფხაზური ხელისუფლება სწავლების მიზნად შეიარაღებული ძალების მართვისა და პირადი შემადგენლობის საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ასახელებს.

სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზეთს ომი არ სურს, თუმცა, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას, შესაბამისად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს. ამასთან, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს, შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, რუსეთის დახმარების იმედი აქვს. აფხაზური სამხედრო ძალების სამეთაურო-საშტაბო და სამობილიზაციო წვრთნას, რომელიც ორშაბათს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება, სწორედ რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ზაიცევი ხელმძღვანელობს. ამჟამად იგი აფხაზური შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში, რომელიც მიზნად ისახავს წარმოსახვითი მტრის მოგერიებას, 3 ათასი სამხედრო მონაწილეობს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ,,3 ათასი პრინციპში ცოტა არ არის, მაგრამ იქ უმეტესობა რეზერვისტები იქნებიან. ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს სატანკო შენაერთები, ავიაცია და საზღვაო შენაერთები მიიღებენ მონაწილეობას. იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზებს, ჩემი ინფორმაციით, არ უნდა ჰქონდეთ ძალიან ბევრი საბრძოლო ტექნიკა, არ შეიძლება ითქვას, რომ იქ რაღაც შენაერთები მიიღებენ მონაწილეობას.” (სტილი დაცულია)

სამხედრო საკითხთა ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ, საერთო ჯამში, აფხაზებს 40-მდე ტანკი, 80-მდე ჯავშანმანქანა, 3 თვითმფრინავი და ამდენივე შვეულმფრენი აქვთ და ეს რაოდენობა მხოლოდ რუსეთისგან დამატებითი შეიარაღების მიღების შემთხვევაში შეიცვლებოდა. რაც შეეხება რუსი ინსტრუქტორების მიერ აფხაზი სამხედროების მომზადებას, ეს პრაქტიკა 90-იანი წლებიდან მოქმედებს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ,,რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხელს არ უშლის თავის სამხედროებს, რომლებიც ეხმარებიან აფხაზებს კურსანტების მომზადებაში. მაგრამ არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ აფხაზებმა გაიარეს ძირითადი მომზადება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე.” (სტილი დაცულია)

პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება გამორიცხულია, სანამ დიპლომატები მოქმედებენ და სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებენ, - განუცხადა ორშაბათს რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებისას სოხუმის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შამბას მიაჩნია, რომ თავის დროზე კოდორის ხეობასა და გალის რაიონში წარმოქმნილი ლოკალური კონფლიქტები სწორედ მოლაპარაკების შედეგად შემუშავებული მექანიზმების გამო არ გამწვავდა. ორშაბათსვე რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ აფხაზური ხელისუფლება გალის რაიონისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭების იდეას განიხილავს. ამ ვერსიას სოხუმში უარყოფენ, თუმცა ცნობილია, რომ აფხაზეთის ერთადერთი რაიონი, სადაც ბაღაფშის ხელისუფლება დევნილთა დაბრუნებას არ ეწინააღმდეგება, სწორედ გალია:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ,,გალის რაიონში დევნილები მოვიდნენ და, ვფიქრობ, კიდევ რაღაც ნაწილი დაბრუნდება. რაც შეეხება დანარჩენებს, პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს დევნილთა დაბრუნება არ მოხდება.”

ამ პოზიციას ბაღაფში იმით ასაბუთებს, რომ სხვაგან, გარდა გალისა, დევნილთა დაბრუნებას აფხაზი ხალხი ეწინააღმდეგება.
თბილისში მიიჩნევენ, რომ არძინბას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია ჯერ კიდევ არ ქმნის სოხუმის გაცილებით სერიოზული და სხვა შინაარსის განცხადებების საფუძველს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მოთმინებასა და აფხაზებთან თანმიმდევრული ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG