Accessibility links

logo-print

თბილისის ისტორიული ნაწილი - მშენებლობისთვის აკრძალული ტერიტორია


წელიწადზე მეტია, რაც თბილისის ცენტრალურ ნაწილში მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. მერიის

ხელმძღვანელობა ამგვარი უცნაური საქციელით წინა ხელისუფლების მიერ წახალისებული ქაოსის შეჩერებას ცდილობს, თუმცა დედაქალაქის მესვეურთა ამ მიდგომას მშენებლებისა და არქიტექტორების მნიშვნელოვანი ნაწილი აკრიტიკებს. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებით ბინათმშენებლობის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებს თბილისს, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ვინ და რატომ არ იძლევა მშენებლობის ნებართვას?

თბილისში მშენებლობის ნებართვის მისაღებად მეწარმემ მერიის არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართოს, თუმცა მანამდე სამშენებლო კომპანიამ უნდა მოიაროს შემდეგი სახელმწიფო ინსტანციები: გარემოს დაცვისა და კულტურის სამინისტროები, სამშენებლო პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველო, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, საქნაპირდაცვა და ასე შემდეგ - სულ, ჯამში, 14-მდე ორგანიზაცია. დადებითი დასკვნების მიღების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიას თამამად შეუძლია დაიწყოს საქმიანობა, თუმცა ერთი პირობით - თუკი ასაშენებელი ობიექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში არ მდებარეობს. საქმე ის არის, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურს წელიწადზე მეტია, რაც მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. ამის გამო კი, როგორც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სერიოზულად ზარალდებიან ავარიულ ბინებში მცხოვრები ადამიანებიც და ზარალდება კერძო ბიზნესიც.

[მამაკაცის ხმა] „მშენებლობა რომ გააჩერო და არაფერი არ ააშენო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხუთი კაცი ნახავს ზარალს. ეს არის პროცესი, რომელშიც ჩართულია უამრავი ხალხი და ყველას ეხება. ერთადერთი, რაც ხალხს აქვს, ეს არის უძრავი ქონება და ესეც თუ გაუჩერე და არაფრის საშუალება არ მიეცი... მე ვფიქრობ, არასწორი იქნება.“


თბილისის მერია მორატორიუმის გამოცხადების უმთავრეს მიზეზად მშენებლობის სფეროში არსებულ ქაოსს ასახელებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ვითარების გამოსწორებამდე ქალაქის ისტორიულ ნაწილში დროებითი რეჟიმი იმოქმედებს. რაც შეეხება ზარალს, რომელსაც სამშენებლო კომპანიები ნახულობენ, ქალაქის მუნიციპალიტეტი მის ანაზღაურებას არ აპირებს. თბილისის მერმა მარტივ გამოსავალს ჯერ კიდევ მორატორიუმის გამოცხადების პირველ დღეებში მიაგნო:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „იცით რა არის, ხალხო? თქვენ სარგებლობდით ამ სიტუაციით, იმ ქაოსით, რაც იყო და ახლა, კეთილი ინებეთ და, გქონდეთ დანაკარგები.“


ცხადია, მერის ამგვარი პასუხი მშენებლებს არ აკმაყოფილებთ. სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი გიორგი აბულაძე ამბობს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში თამაშის ელემენტარული წესების ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

[გიორგი აბულაძის ხმა] „ხალხი, ვინც უნდა გასცეს ეს ნებართვები, არ არიან კომპეტენტურები ამ საკითხში, ამიტომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. მარტივად რომ ვთქვათ, არქიტექტურის სამსახური არის დაშლილი. წარმოიდგინეთ, ერთი წელი რომ რაღაც პროექტზე ვიმუშავებთ, მერე ყველა პრობლემას რომ მოვაგვარებთ და მერია კი ელემენტარულად განხილვას ვერ ახერხებს და ადეკვატურ პასუხს ვერ მეუბნება, რა დღეში უნდა ჩავვარდე?!“(სტილი დაცულია)

მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან სხვა სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც თავის დროზე ბანკიდან გამოიტანეს კრედიტი, მოსამზადებელ სამუშაოზე გასწიეს სოლიდური ხარჯი და, მორატორიუმის გამო, მშენებლობის დაწყების ნებართვას ვერ იღებენ.
XS
SM
MD
LG